სამოქალაქო ომის პერიოდში სირიაში სამხედრო ბალანსი მუდმივად იცვლებოდა, ისევე, როგორც სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების რუკა. სირიის მოქმედი რეჟიმი თავის მთავარ მოკავშირე „ჰეზბოლასთან“ ერთად როგორც ამბოხებულ ოპოზიციას, ისე ისლამისტ ამბოხებულებს ეომებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება კი, რომელმაც სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი დაიმორჩილა, ყველას და ყველაფერს ებრძოდა. კონფლიქტის კიდევ ერთ მხარეს ქურთები წარმოადგენდნენ, რომლებმაც სირიის ჩრდილოეთში საკუთარი ავტონომიური სახელმწიფო შექმნეს. ისინი არამხოლოდ ასადის რეჟიმს, არამედ ისლამურ სახელმწიფოსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებებს დაუპირისპირდნენ.
ყველაფერი კი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა. ციხეში ისინი სასტიკად ცემეს. პასუხად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა „სირიის თავისუფალი არმია“ შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. 4 წლიანმა ომმა, არაოფიციალური მონაცემებით, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი ლტოლვილად იქცა.
სირიის ომი მჭიდრო კავშირია ეთნოკონფესიონალურ საკითხთანაც. მმართველი ალავისტური სექტის (შიიტური ისლამიზმის ერთ-ერთი შტო) ლიდერი, პრეზიდენტი ბაშარ ასადია. ომის დაწყებისას ალავისტები სირიის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენდნენ, 75 პროცენტი კი სუნიზმის მიმდევარი იყო. დღეისათვის ასადი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 17 პროცენტს აკონტროლებს. მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ძირითადად ალავიტებით არის დასახლებული.
დღეისათვის სამთავრობო ძალები ფრონტის ხაზს ამაგრებენ, რომელიც დამასკოზე, ჰომსზე, ალეპოსა და ლატაკიაზე გადის. სახელისუფლო ძალები სირიის რეგულარული არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სამხედრო-საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის ძალებისა და რამდენიმე გასამხედროებული ფორმირებისგან შედგება. ადგილობრივი კონსტიტუციით, შეიარაღებული ძალების მეთაური პრეზიდენტია. ბოლო 4 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად სირიის არმიის რიცხოვნობა 325-დან 150 ათას სამხედრო მოსამსახურემდე შემცირდა, რაც ძირითადად ჯარისკაცთა სიკვდილიანობით და დეზერტირობით იყო გამოწვეული. ამას გარდა ასადს ზურგს 60 ათასიანი გვარდია, ალავიტთა მილიცია და ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უმაგრებს. სირიაში ასევე ქურთული შეიარაღბული დაჯგუფება მოქმედებს, რომლის რიგებშიც 50 ათასი ადამიანი იბრძვის, თუმცა ქურთებს ასადის ფორმირებებზე გაცილებით სუსტი შეიარაღება აქვთ.
სირიის შეიარაღებული ძალები საბჭოთა სამხედრო ტექნიკითაა აღჭურვილი. ომამდე ასადის არმიას 4700 ტანკი, 3000-მდე საარტილერიო დანადგარი და 4000-მდე ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავდა. ტექნიკის დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებებისას განადგურდა, დაიკარგა ან დაზიანდა.
„ისლამური სახელმწიფო“ და ალ-ქაიდას ერთ-ერთი მოკავშირე დაჯგუფება „ალ-ნუსრა“ სამთავრობო ძალებს ყველა ფრონტზე ავიწროვებენ. სირთულეებს ასადის არმიას პარტიზანული ომის თავისებურებები უქმნის, რომელსაც მხარს სუნიტთა უმრავლესობა უჭერს. ბოლო თვეებში ასადის მდგომარეობა უიმედო გახდა, რის გამოც მან დახმარება რუსეთს სთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასადს ყველა ადამიანური, ტექნიკური და ეკონომიკური რესურსი პრაქტიკულად ამოწურული ჰქონდა.
სირიის ეკონომიკა დანგრეულია. დამასკომ ომში არამხოლოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა, არამედ რამდენიმე მსხვილი ნავთობის საბადო დაკარგა. დანგრეულია ასობით საწარმო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი. დღემდე სირიის მოქმედი რეჟიმი კატასტროფას ირანის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით უძლებდა. ეს ქვეყნები ასადს იარაღით ამარაგებდნენ, ერაყი, ალჟირი და ვენესუელა კი დამასკოს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ.
„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ თავდაპირველად „ალ-ქაიდას“ ნაწილი იყო. დღეისათვის დაჯგუფება სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. დაჯგუფებამ თავის დედაქალაქად სირიული რეკა გამოაცხადა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოქმნა ერაყში ამერიკული სამხედრო კამპანიის შედეგი იყო. იმ დროისათვის დაჯგუფება „ერაყში ალ ქაიდას“ სახელით იყო ცნობილი, რომლის ლიდერმა აბუ მუსაბ აზ-ზარკავიმ ბენ ლადენის ერთგულების ფიცი დადო. აზ-ზარკავი ამერიკელთა საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. მისი სიკვდილის შემდეგ ასპარეზზე ახალგაზრდა ისლამისტი ლიდერები გამოვიდნენ. მათ შორის იყო თვითგამოცხადებული ხალიფი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც მოგვიანებით „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გახდა.
„არაბული გაზაფხულის“ პერიოდში სირიაში წარმოქმინილი ქაოსით დაჯგუფებამ კარგად ისარგებლა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციები დაიკავა. ომის პერიოდში დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ საბოლოოდ ჩამოშორდა. ამის შემდეგ ისლამისტებმა ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილის დაქვემდებარებაც შეძლეს. დაჯგუფებას დიდი სამსახური სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილმა ოფიცრებმა გაუწიეს, რომლებიც ერაყის ახალმა ხელისუფლებამ სამსახურიდან დაითხოვა. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილმა ერაყის არმოამ ისლამისტებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და რადიკალებს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები თითქმის უბრძოლველად ჩააბარა.
თუ ალ-ქაიდას მთავარ მიზანს სამოქალაქო ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა, ისლამურმა სახელმწიფომ გაცილებით სერიოზული მიზნები დაისახა. ალ-ბაღდადიმ მსოფლიოში მთავარი სუნიტური სახელმწიფოს შექმნა განიზრახა, სადაც შარიათის ყველაზე რადიკალური კანონები იმოქმედებს და ადამიანებს სიკვდილით ყველაზე მსუბუქი დანაშაულისა და მკრეხელობისთვისაც დასჯიან. „ისლამურ სახელმწიფოს“ ე.წ. ხალიფატის გაფართოება სპარსეთის ყურესა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზეც სურს. ამიტომ, დაჯგუფება ომს მთელ მსოფლიოს და „ალ-ქაიდას“ ზოგიერთ თანამოაზრე დაჯგუფებასაც უცხადებს. ისლამურ სახელმწიფოს კარგად გამართული სააგიტაციო სისტემა აქვს. ხალიფატის მომხრეებმა ინტერნეტის დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანის გადაბირება შეძლეს. დაჯგუფება ინტერნეტში ტერაქტებისა და სიკვდილით დასჯის შემზარავ კადრებს ინტენსიურად ავრცელებს.
დაპყრობილ ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფო სამოქალაქო ადმინისტრაციების მაგვარ ერთეულებს ქმნის, რომელიც შარიათის კანონებით იმართება. ისლამისტები ერაყსა და სირიაში მსხვილ სანავთობო ობიექტებსაც ფლობენ, რაც მათ სოლიდურ შემოსავალს აძლევს. რადიკალებს კონტრაბანდული ნავთობი იორდანიასა და თურქეთში შეაქვთ, რის შედეგადაც მილიარდობით დოლარს იღებენ. ამიტომ, „ალ-ქაიდასგან“ განსხვავებით, „ისლამური სახელმწიფო“ საბანკო ანგარიშების გაყინვას დიდად არ დაუზარალებია. დაჯგუფებამ საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვა.
ისლამური სახელმწიფოს რიგებში სხვადასხვა მონაცემებით, 20-დან 100 ათასამდე მებრძოლი ირიცხება. მათ განკარგულებაშია მძიმე შეიარაღება, რომელიც სირიისა და ერაყის არმიებმა ბრძოლის ველზე დატოვეს.
სირიის მთავარ ოპოზიციურ ძალას დღეისათვის „სირიის თავისუფალი არმია“ წარმოადგენს. ფორმირება 2011 წელს ქვეყნიდან გაქცეულმა არმიის ოფიცრებმა ჩამოაყალიბეს. მათ მთავარ სამიზნეს ბაშარ ასადი, მთავარ მიზანს კი მოქმედი რეჟიმის დამხობა წარმოადგენს. შექმნიდან რამდენიმე თვეში თავისუფალ არმიას კიდევ ერთი ახლადშექმნილი ფორმირება „თავისუფალ ოფიცერთა მოძრაობა“ შეუერთდა. ოპოზიციური არმიის 90 პროცენტს სუნიტები, 15 პროცენტს ქურთები, 5 პროცენტს კი ალავიტები შეადგენენ. 2015 წლის ივლისის მონაცემებით, „თავისუფალ არმიაში“ 45-დან 60 ათასამდე მებრძოლი ირიცხება. ისინი ასევე რუსული წარმოების იარაღით არიან აღჭურვილნი. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ფორმირებისთვის საჰაერო მხარდაჭერის არარსებობა წარმოადგენს. ამის გამო ისინი ასადის მომხრე ფორმირებებს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მათ მფლობელობაშია მძიმე ჯავშანტექნიკაც, რომელიც სირიის სახელისუფლო ძალების უკან დახევისას ალაფად ჩაუვარდათ, თუმცა ისინი საგრძნობლად მოიკოჭლებენ არტილერიაშიც.
„სირიის თავისუფალი არმია“ „ისლამურ სახელმწიფოს“ საკუთარ მტრად აცხადებს, თუმცა ისლამისტთა მხარეს ოპოზიციის რიგებიდან რამდენიმე ათეული მებრძოლი გადავიდა.
კიდევ ერთი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს, „ისლამური ფრონტია.“ ფორმირება 45 ათასამდე მებრძოლს ითვლის. დაჯგუფება 2013 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს ასადის რეჟიმის დამხობა და ისლამიზმზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს. „ისლამური ფრონტისა“ და „ალ-ქაიდას“ შეხედულებები პრაქტიკულად იდენტურია. „ფრონტი“ არამხოლოდ ასადის რეჟიმს, არამედ „ისლამურ სახელმწიფოსაც“ ებრძვის.
სხვა მსხვილ მოთამაშეებს შორის სირიაში რადიკალური სალაფიტური დაჯგუფება „ჯებხატ ან-ნუსრა“ მოიაზრება. დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთ მოკავშირედ ითვლება. „ჯებხატ ან-ნუსრა“ მასშტაბურ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს და ასადის არმიას გამუდმებით ესხმის თავს. დაჯგუფების მთავარ მიზანს სირიის მოქმედი რეჟიმის ჩამოგდება და ალავიტებისა და ქრისტიანებისგან სირიის გაწმენდა წარმოადგენს. დაჯგუფებაში სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 10 ათასამდე მებრძოლია გაწევრიანებული. ოპოზიციური დაჯგუფებებისგან განსხვავებით, „ჯებხატ ან-ნუსრას“კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული მებრძოლები ჰყავს. მათ მესამედს დაქირავებული მებრძოლები შეადგენენ.
შექმნილი ვითარების ფონზე რუსეთის სახით ასადის რეჟიმს მშველელი გამოუჩნდა. გასული წლის დასაწყისში ამერიკულმა რადარებმა სირიაში რუსული სამხედრო ტექნიკა დააფიქსირეს, რასაც მოსკოვის მხრიდან განმარტებები მოჰყვა. კრემლის ლიდერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სირიის მოქმედ რეჟიმს მხარს უჭერდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ სირიის გადარჩენის ერთადერთი გზა ასადის რეჟიმის შენარჩუნება იყო. მას შემდეგ კი რაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგას შეხვდა, პუტინმა ფედერაციის საბჭოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება მისცა. ფედერაციამ კრემლის ლიდერს მწვანე შუქი აუნთო. რამდენიმე საათში კი რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში პირველი ავიადარტყმები განახორციელეს. მანამდე ამ უპირატესობით ერაყსა და სირიაში მხოლოდ საერთაშორისო კოალიცია სარგებლობდა.
როგორც მოსკოვმა განმარტა, რუსეთის ერთადერთ სამიზნეს სირიაში მხოლოდ „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს, თუმცა როგორც სირიის ოპოზიცია ირწმუნება, ავიადარტყმების ობიექტი არა ისლამისტები, არამედ ქალაქ ჰომსთან მდებარე „სირიის თავისუფალი არმიის“ შტაბ-ბინა გახდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს პენტაგონის შეფი ეშტონ კარტერიც, რომელიც სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვას „ცეცხლზე ნავთის დასხმად“ აფასებს.
ამისდა მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციას, რომელსაც არამოკავშირე ქვეყნები სირიის კონფლიქტის პროვოცირებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაშიც კი ადანაშაულებენ, სხვა გამოსავალი არ დარჩენია. ვაშინგტონი მოსკოვს ტერორიზმთან ბრძოლაში ხელს ვერ შეუშლის. ტერორიზმთან ბრძოლის საფარველით რუსეთს სირიაში შესაძლოა შორს გათვლილი მიზნებიც ამოძრავებდეს, თუმცა თეთრი სახლი უძლურია. რუსეთის პირველ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეარბილა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც. სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჯონ ქერიმ განმარტა, რომ თუ შეერთბული შტატების მიზანი კონფლისტის დასაწყისში სირიის მოქმედი რეჟიმის შეცვლა იყო, დღეს ვაშინგტონი ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას აღარ მოითხოვს.
„ჯი-ეიჩ-ენი“, პაატა კაკაბაძე