ოდესღაც, უკვე შორეულ საბჭოთა ეპოქაში, იყო ერთი სახალხო ტრადიცია, რომელიც რუსმა მწერალმა, ალექსანდრე სოლჟენიცინმა შენიშნა და «ცნებათა გაბითურება–დაკნინება» უწოდა. ხაზს უსვამდა: ეს წმინდად საბჭოთა ტრადიციაა და სწორედ საბჭოთა კავშირს ახასიათებსო. მაგალითად «მამკა» და არა «მამა» (ანუ დედა), «ბოლნიჩკა» და არა «ბოლნიცა» და ასე შემდეგ.
იმ დროს ე.წ. «ვიტრეზვილოვკები» (გამოსაფხიზლებლები) არსებობდა. დღევანდელ თაობას ძალიან ძნელია თუნდაც აუხსნა, რას ნიშნავს ეს მარაზმი: ქუჩიდან აყვანილ მთვრალებს მიათრევდნენ და ძალით აფხიზლებდნენ. იმ დაწესებულებას რუსულად «ტაშნილოვკა» ეწოდებოდა, ანუ «გულისასარევი», რადგან ეს მთავარი (უფრო ზუსტად, ერთადერთი) მეთოდი იყო ლოთების გამოსაფხიზლებლად.
აი, სწორედ ასეთი გულისრევის შეგრძნება გიჩნდება ადამიანს, როდესაც ამ უსაზიზღრეს «ნარუშილოვკას» გაიგონებ. როგორც ჩანს, მართლა ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში, რაც ხსენებულ «ნარუშილოვკებთან» დაკავშირებულმა სკანდალმა დაადასტურა. ოღონდ არა მხოლოდ მან არამედ იმ თვისებებმა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს, კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაშიც.
ყბადაღბული «ნარუშილოვკა» სხვა არაფერია, თუ არა სპეცსაშვი, ესე იგი საგანგებო დოკუმენტი, რომელსაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში გასცემენ სპეცსამსახურთა წარმომადგენლებზე, რათა დაიცვან, საჭიროების შემთხვევაში, მათი ანონიმურობა, დაეხმარონ სპეცოპერაციების ჩატარებაში, – რათა საშვის მფლობელს ჰქონდეს საშუალება, შევიდეს იქ, სადაც სხვა შემთხვევაში არ შეუშვებენ, მოითხოვოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა, მათ შორის პოლიციის დახმარება სპეციფიურ სიტუაციაში, ზოგჯერ კანონის ან დადგენილი წესის დარღვევაც, თუ ეს აუცილებელია დავალების შესასრულებლად და ასე შემდეგ.
ანუ აბსოლუტურად კანონიერი, თუმცა სპეციფიური დოკუმენტია. «ნარუშილოვკა» იგი მაშინ ხდება, როდესაც ამ დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირები მას საკუთარ ოჯახის წევრებს, ძმაკაცებსა და ნაშებს ურიგებენ. აი, სწოერდ მაშინ იქცევა წმინდად საბჭოთა ფენომენად და «საბჭოთა საქართველოს» დაუვიწყარი, გულისამრევი სურნელის მატარებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ, აქ ბევრად მნიშვნელოვანი ისაა, თუ რატომ ვერ გათვალეს «ნარუშილოვკების» დარიგებისას ჩინოვნიკებმა, რომ ეს საქმე შეიძლებოდა «გამსკდარიყო» და გრანდიოზული სკანდალიც გამოეწვია? ძალიან მარტივი და იოლად გასაგები მიზეზით: იმიტომ, რომ ჩვენს ჩინოვნიკებს საბჭოთა მენტალობა აქვთ და მართლა «საბჭოთა კავშირი» არიან თავადაც!
ადამიანი, რომელიც «პა ბლატუ» (კიდევ ერთი საბჭოთა ტერმინი) აძლევს «ნარუშილოვკას» ვინმეს, საკუთარ ახლობელს – ვისაც იგი არ ეკუთვნის, - დაახლოებით ასე მსჯელობს: ვის შეიძლება მან აჩვენოს «ნარუშილოვკა?» რა თქმა უნდა მხოლოდ პოლიციელს, პატრულს, სახელმწიფოს წარმომადგენელს. «მერედა საქმე როგორ გასკდება – ის პატრული ჩემს ხელში არ არის? იმასთან ხომ ყველაფერი «გაიასნებულია», თუ არა და მოვთხრი, დედას მ. . . . !»
ამგვარი მენტალობის ადამიანი ვერ ხვდება, რომ საბჭოთა კავშირი მოკვდა, დღეს სხვა ეპოქაა, როდესაც პატრულ–ინპექტორს ფარული კამერა აქვს აღჭურვილობაზე დამონტაჟებული, რომ მან შეიძლება ის ფარული ჩანაწერი, სახლში რომ მივა, საკუთარ კომპიუტერში გადატვირთოს და შეინახოს – ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
მერე, თუ რაიმე დარღვევისთვის (ვთქვათ მარიახუანის მოწევისათვის) სამსახურიდან გააგდებენ, საკუთარ ბიზნესმენ ძმასთან წავიდეს საზღვარგარეთ და იქედან იძიოს შური, ანუ ის ფარული ჩანაწერები გადასცეს «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას» და, ამ უკანასკნელმაც, რასაკვირველია, ატეხოს გნიასი ამჟამინდელი პოლიტიკური მეინსტრიმის გასძლიერებლად, რაც «ოცნების» შემდგომ დასუსტებას გულისხმობს.
შემდეგ კი გამოვა შინაგან საქმეთა მინისტრი და იტყვის: «2009 წელს სრულიად საიდუმლო ბრძანებით გაცემული ყველა სპეცსაშვი გაუქმებულიაო», მაგრამ ამით საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება, ვინაიდან პრობელმა თვით საშვი კი არაა (ვიმეორებ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში გაიცემა ამგვარი დოკუმენტი საგანგებო დანიშნულებით) არამედ მისი არასათანადო პირებისათვს «ბლატით» დარიგებაა.
რა, «ნაციონალები» არ არიგებდნენ? «ნაციონალებს» ნაშები არ ჰყავდათ? მაგათ ჰყავდათ თუ ჰყავდათ და არიგებდნენ კიდეც – რამდენსაც გნებავთ. მაგრამ იმ დროს, ნარკომანობისათვის სამსახურიდან გაგდებულ ყველა პატრულ–ინსპექტორს იმის შიში მაინც ექნებოდა, რომ სულ მიწაშიც რომ ჩამძვრალიყო, ვანო და ზურაბი იქაც მისწვდებოდნენ, სადაც არ უნდა გადახვეწილიყო!
ამიტომაც, მაშინ ამგვარი სკანდალები არ ხდებოდა, თუმცა ტელევიზიებზე კონტროლის მიუხედავად, პრესა დღევანდელივით თავისუფალი იყო.
ეს კიდევ ერთი თვისებაა «ოცნების» საწყალობელი მმართველობისა: უბრალოდ «საბჭოთა კავშირს» კი არ ემსაგავსებიან, არამედ ბრეჟნევისდროინდელ საბჭოთა კავშირს, როდესაც იყო «ტაშნილოვკაც», «ნარუშილოვკაც», «ბლატიც», ყოველივე საბჭოური, მაგრამ უკვე ემატებოდა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ხელისუფლების სისუსტე, უმწეობა, ჭაობისა და უილაჯობის ატმოსფერო, რამაც, საბოლოოდ, დაამხო კიდეც ის ძირგამომპალი და აშმორებული რეჟიმი!
“ჯი-ეჩ-ენი“, მალხაზ გორელიშვილი