ENG / RUS       12+

პოლიტეკონომიკური თამაშები, ლარის გაბონება და „გულწრფელი“ მეჭიაური

გასული საუკუნის 80–90–იან წლებში, ანუ გორბაჩოვ–ელცინის ეპოქაში, რუსები რუბლზე ამბობდნენ «ხის არისო»: «დერევიანნიე დენგი». თუ დავაკვირდებით, საკმაოდ ღრმა გამონათქვამია: ფული ხომ არ შეიძლება იყოს «ხის» ან «რიყის ქვის», ესე იგი ასოცირდებოდეს ფუჭ, უსარგებლო მასალასთან, რომელიც ბევრია და ყველგან ყრია. ფული ოქროსთან ასოცირდება და ასევე ძნელად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მით უმეტეს ძვირფასი და სასარგებლო.

საქართველოში, იმავე საუკუნის გარიჟრაჟზე, ფულის გაფუჭებას «გაბონებას» უწოდებდნენ. ხოლო საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ რაც კუპონის ქარიშხალმა ჩაიარა – «გაკუპონებას».

აქვე:  1992–1993 წლებში, კუპონი იყო ისტებლიშმენტის მიერ საკუთარი ქვეყნის პირწმინდად გაძარცვის სიმბოლო – ბანკებიდან საკუპონო კრედიტების გამოტანის, მისი კონვერტაციის და შემდეგ ძველი ნომინალით დაბრუნების ტექნოლოგიით.

მოგება 1000 პროცენტს აღწევდა და უფრო მეტსაც. არ არის გამორიცხული, რაღაც ამის მსგავსი ხდებოდეს ახლაც. უბრალოდ, ლარის გაკუპონება–გაბონების პროცესს ჯერ ასეთი მასშტაბებისათვის არ მიუღწევია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: მთავრობა – ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ და სინქრონულად განაცხადეს, რომ ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური მიზეზები ამოწურულია. სპეციალისტისა და ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისათვის ეს  განცხადება ნიშნავს შემდეგს: მთელი ამ 1 წლის განმავლობში, როდესაც ლარი 2,4–2,5 ნიშნულისკენ მიისწრაფოდა, ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის «მამებმა» შესანიშნავად იცოდნენ: სანამ ამ ნიშნულს არ მიაღწევდა, ჩარევას აზრი არ ჰქონდა, რაკი სავალუტო რეზერვების უყაირათო ხარჯვას გამოიწვევდა მხოლოდ – ნულოვანი შედეგით. ამით ქვეყანა «სავალუტო ფონდთან» სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ურთიერთობებს გაიფუჭებდა, ფინანსურ სტაბილურობას  კი ვერ მიაღწევდა: მაკროეკონომიკური მიზეზები (დოლარის გამყარება, ინვესტიციების კლება, სავაჭრო ბალანსის კიდევ უფრო გაუარესება, ექსპორტის შეკვეცა, ფულადი გადმორიცხვების შემცირება) მაინც თავისას იზამდნენ.

ეს იცოდა არ მხოლოდ «ერბანკის» პრეზიდენტმა ქადაგიძემ, არამედ ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელსაც შემწვარი ციკანი შეიძლება მართლა  უყვარდეს (კაცნი ვართ) თუმცა ცუდი ფინანსისტი ნამდვილად არ არის! ანუ, მისი განცხადებები «ეროვნული ბანკის დესტრუქციულ როლზე» პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო. განსხავავებით «გულწრფელი» თამაზ მეჭიაურისაგან, ვისაც მართლა სჯეროდა (მგონი ახლაც სჯერა) რასაც ამბობდა.

რეალურად, როდესაც ლარი 2,54 გახდა და ინფასქტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა (ასევე მაღალი კლასის პროფესიონალმა– ფინანსიტმა) პოლიტიკურ დისკურსში განაცხადა: «2,54–ს ქართული ეკონომიკა და მოსახლეობა ვერ გაუძლებენო», უკვე ყველამ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა «ეროვნულ ბანკსაც» და მთავრობასაც, რათა კურსი ბუნებრივ ზღვარზე, ესე იგი 2,40–2,50 ნიშნულზე გაეჩერებინათ.

 მაშინვე დაივიწყეს პოლიტიკური თამაშები, დასხდნენ და მოილაპარაკეს: ეროვნული ბანკი განახორციელებს ინტერვენციებს რომელთაც აზრი არ ჰქონდათ 2,2 ნიშნულზე, მაგრამ ნამდვილად ექნებათ აზრი 2,40–2,50 კურსის დასაჭერად, რაკი ამაზე ზემოთ უკვე მართლა სპეკულაციაა და არა რეალური ფინანსური ინფლაცია.

ამით «კრება დარჩა მხიარული» და ყველა კმაყოფილი: სავალუტო ფონდის ჩათვლით. ამ ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ახლა მაინც მიხვდება, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების უაზრო ხარჯვა, სინამდვილეში, მთავრობასაც არ აწყობდა, თუმცა ქადაგიძის ყოფნა თანამდებობაზე ბრწყინვალე საშუალებას ქმნიდა მის «განტევების ვაცად» გადასაქცევად ლარის გარდაუვალი გაბონებისას.

და გადააქციეს  კიდეც  ხალხის თვალში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორეს მხრივ, «საზედამხედველო სამსახურის ერბანკიდან გამოყოფის» ყბადაღებულ თემას, სინამდვილეში, არანაირი კავშირი არ ჰქონია ლარის კურსთან. უფრო სხვა კომერციულ ბანკებზე სამთავრობო კონტროლის მექანიზმია. ოღონდ იგივე მასა და «ექსპერტთა ლეგიონი» ახლადშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული შესცქეროდა ლამის «სისხლისმღვრელ ბრძოლას» საზედამხედველო სამსახურის «გამოკრეჭის» გამო. თითქმის ვერავინ ხვდებოდა, რომ «ჯახის» ნამდვილი მიზანი სულ სხვაა.

ჰოდა, როგორც კი ლარმა ნამდვილ «ეკვილიბრიუმს» მიაღწია, პრემიერიც, ფინანსთა მინისტრიც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მაშინვე დასხდნენ მწყაზარი სახეებით და სულ იოლად მოილაპარაკეს, აღარ დაუშვან შემდგომი გაუფასურება, რადგან ეს უკვე მართლა სპეკულაცია იქნებოდა და არა მაკროეკონომიკური მიზეზებით განპირობებული დევალვაცია.

შექმნილი ვითარებით მაშინვე ისარგებლეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც, ბოლო 25 წლის მანძილზე მეტისმეტად დახელოვნდნენ ხალხის «დაბოლებაში».

«ქოცების» სპექტაკლზე უკევ ვთქვით, «ნაცების» ერთ–ერთმა ლიდერმა კი, ლარზე გაშლილი დისკუსიის დროს, საოცარი რამ თქვა: «რუსეთში სულ რაღაც 250 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, მაშინ როდესაც ავტომანქანების ექსპორტი სამჯერ მეტი იყოო».

ამის მთქმელს ქართველი ხალხი მართლა იდიოტებს საკრებულოდ  მიჩნია: რა იყო «სამჯერ მეტი?» იმ მანქანების საერთო ღირებულება, რომლებიც ქართველმა დილერებმა გერმანიაში (იაპონიაში, ამერიკაში) იყიდეს და შემდეგ, რუსთავის ავტობაზრობაზე, აზერებს (ყაზახებს, უზბეკებს) მიჰყიდეს?  მერედა, ამ «სამჯერ მეტიდან» რამდენი დარჩა უშუალოდ საქართველოში ქეშის სახით? არაუმეტეს 5–10%–ისა! 

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამგვარი ცრუპენტელობები მრავლად სდევდა თან ლარის შესახებ გაშლილ «ფართო დისკუსიას». ევროსა და დოლარის ლართან პარალელურ ბრუნვაზე მოარული შეხედულებებიც  გაიხსენეს. იყო დრო, როდესაც საერთოდ ლარის ევროთი ჩანაცვლებას გვთავაზობდნენ. წინა ხელისუფლება ამ წინადადებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ გიგი უგულავამ ამას წინათ საკვანძო ეპიზოდი გაიხსენა ციხიდან უსტარში: «ჩვენ რომ ამ თემაზე ბენდუქიძეს ვეკამათებოდით, მიშა ამთქნარებდა, მერე თქვა: «ეროვნულობის დაკარგვას დაგვაბრალებენო» და გავარდა».

სინამდვილეში, «ეროვნულობის დაკარგვის» გარდა, ეს წმინდად პრაგმატული მოსაზრებებითაც შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურად არ შეუშვებს «ევროზონაში» და გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იკისრებს თუნდაც ფულადი ნიშნებით და «ხურდით» მომარაგების თაობაზე.

სხვა, უფრო სერიოზულ ფაქტორებზე აღარაფერს ვიტყვი: დღეს რომ საქართველო ევროს ან დოლარს იყენებდეს ლარის ნაცვლად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესთა გათვალისწინებით, ამ ქვეყანაში ახლა ისეთი ამბავი იქნებოდა, «ხალხი დამწვარი გვამებით ირბენდა ქუჩაში». 

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

@თემატური ფოტომონტაჟი

ავტორი: . .