ENG / RUS       12+

რუსეთს კატასტროფულად მძიმე წელი ელის

ის, რომ რუსეთის მოსახლეობა კარს მომდგარ სოციალურ კატასტროფას კარგად ათვიცნობიერებს, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებზეც  ნათლად აისახა. ხელისუფლების მოჩვენებითი ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთის საღად მოაზროვნე ნაწილს იმის ილუზია აღარ აქვს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის კატასტროფული გაიაფების, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის სანქციების ფონზე კრიზისი მალე ჩაივლის.

აღარც ის არის საიდუმლო, რომ მთავრობა მომავალი წლიდან უკვე შემოჭერილი ქამრის კიდევ უფრო შემოჭერას აპირებს და ფულის დაზოგვას ყველა ფრონტზე გეგმავს. მთავრობა 2016 წელს პენსიებისა და ხელფასების გაზრდის პირობას დებს, თუმცა მწვავე კრიზისის ფონზე სოციალური შემწეობები სავარაუდოდ სიმბოლური მაჩვენებლით გაიზრდება და რიგითი რუსების დაცარიელებულ სასურსათო კალათებსს ბევრს ვერაფერს შეჰმატებს.

ექსპერტები არც ინვესტიციების ზრდას ვარაუდებენ, რადგანაც კრედიტი ისევ ძვირადღირებული რჩება, საქმიანი კლიმატი კი არასახარბიელო, რასაც  რეცესიის გარდაუვალი საფრთხეც ემატება.

სწორედ ამიტომაც, სოციალური განწყობის ინდექსი რუსეთში მაისიდან აგვისტომდე პერიოდში 12 პუნქტით არის შემცირებული. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა მხოლოდ 11 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. რუსეთში ობტიმისტური განწყობის მაჩვენებელი დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის და 2009 წლის მაჩვენებელს უტოლდება.

ამის მიუხედავად, მთავრობა ჯიუტად აცხადებს, რომ კრიზისი უკვე ჩავლილია, მაგრამ სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა. ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში 2,2 პროცენტით იყო შემცირებული, მეორე კვარტალში 4,6 პროცენტიანი კლებაა სავარაუდო, საშუალოდ კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5 პროცენტით შემცირდება.

მიმდინარე წელს ექსპერტებმა ეკონომიკაში ვერცერთი იმედისმომცემი კომპონენტი ვერ დაინახეს, რომელიც თუნდაც ოდნავ შესამჩნევ, დადებით დინამიკას აჩვენებდა. სამრეწველო წარმოება, შიდა და საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, მოსახლეობის რეალური შემოსავლები...- პროგრესი არცერთ სფეროში არ იგრძნობა.

ხელისუფლების ანტიკრიზისულმა გეგმამ არ იმუშავა. მთავრობამ საბანკო სექტორის მხარდაჭერის გადაწყვეტილება დროულად მიიღო, თუმცა რეალური სექტორი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე დარჩა. იანვარ-ივლისის მონაცემებით, გადამამუშავებელ წარმოებაში ზრდის ტემპის დაცემის მაჩვენებელი 4,9 პროცენტს შეადგენს.

დასავლურ პროდუქტზე ემბარგოს დაწესების შემდეგ მთავრობამ იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება სამამულო წარმოების პროდუქციით ვერ შეძლო, იქ კი, სადაც შეძლო, ხარისხი დაეცა. მაგალითისთვის, ადგილობრივ საწარმოებში ყველის დასამზადებლად პალმის ზეთს იყენებენ. ემბარგოს ავტორი ვლადიმერ პუტინიც კი იძულებული გახდა პოზიცია შეერბილებინა და საჯაროდ ეთქვა, რომ იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლება“რუსეთისთვის ფეტიში არ არის.“

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაცემის გამო მკვეთრად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი და თითქმის 12 პროცენტს მიაღწია, შემცირდა რეალური შემოსავლები და ხელფასები, გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოდ მყოფთა რაოდენობა. თუ გასულ წელს ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 16,1 მილიონ ადამიანს შეადგენდა, წელს ეს ციფრი 21,7 მილიონამდეა გაზრდილი, რაც რუსეთის მოსახლეობის 15,1 პროცენტია.

სასიცოცხლო მინიმუმისთვის  რუსეთის მოქალაქეებს ყოველთვიურად საშუალოდ 10 ათასი რუბლი ესაჭიროებათ, მაშინ, როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში ეს ციფრი 8 ათას რუბლს შეადგენდა. მომავალი წლისთვის ამ მხრივ არანაირი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული, ცენტრალური ბანკი კი ისევ ინფლაციას ებრძვის.

ამონარიდი პრემიერ-მინისტრ მედვედევის გამოსვლიდან:

„მომავალი წლისთვის რეალისტური ბიუჯეტი უნდა შევიმუშაოთ, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურობა და ფული დავზოგოთ ყველგან, ყველა ფრონტზე.“

მთავრობა მომავალი წლისთვის არც სამომხმარებლო მოთხოვნილების სტიმულირებას აპირებს. მთავარ პრობლემას სოციალური ხარჯების ინდექსაცია ქმნის (პენსიები, სოციალური შემწეობები, ხელფასები). კანონით, მათი ინდექსაცია გასული წლის ინფლაციის მაჩვენებლით (12%) უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ მოხდება, რაც პირველ რიგში პენსიონერთა მდგომარეობაზე აისახება. სავარაუდო ინდექსაციის მაჩვენებელი წინასწარი პროგნოზით 4 პროცენტს შეადგენს. მთავრობის ასეთ პოლიტიკას მხარს უჭერს ცენტრალური ბანკიც. როგორც ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, თუ ინდექსაცია ინფლაციის რეალური მაჩვენებლის (12%) მიხედვით განისაზღვრება, ინფლაციური სპირალის ამუშავების საშიშროება გაჩნდება. მისივე თქმით, ამით რეალური ხელფასები ვერ გაიზრდება, რადგანაც ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა ძალიან გაიზარდოს.

დღეს რუსი ჩინოვნიკები და რეგიონალური მმართველები სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებენ, რომ ხელფასები რუსეთში ისედაც ძალიან მაღალი იყო და სრულიად შესაძლებელია ეკონომიკის ზრდის დინამიკის აღდგენამდე აღარ გაიზარდოს.

აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი  2016 წელს რეცესიისთვის  ემზადებიან, რადგანაც პრაქტიკულად სხვა ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს. ხელისუფლება არც სამომხმარებლო და არც საინვესტიციო სექტორის სტიმულირებას არ აპირებს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ქამრის შემოჭერით მომავალი წლისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შესაძლოა 1 პროცენტი შეადგინოს. სააგენტო Fitch-ის ექსპერტის, ჩარლზ სევილეს მტკიცებით, რეალურად ზრდის მაჩვენებელი ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით შესაძლოა ნახევარი პროცენტი იყოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბარელი ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე 60 დოლარამდე მოიმატებს. Raiffeisen research კი რუსეთში მომავალ წელს ნულოვან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, პაატა კაკაბაძე

ავტორი: . .