ENG / RUS       12+

გიგის საპრემიერო განაცხადი

«თავისუფლების 23–მა საათმა» დაადასტურა, რომ «გიგი . . . გიგი» არანაკლებ ჟღერს, ვიდრე «მიშა...  მიშა». კიდევ კარგი, დომენტი არ ქვია, ჯუმბერი ან გივი.

ისე,  უგულავა რომ ნამდვილად ნიჭიერი კაცია (თან პოლიტიკურად ნიჭიერი, რაც ერთ–ერთი უიშვიათესი ნიჭთაგანია), ამაზე ისიც მეტყველებს, რა ოსტატურად ისარგებლა მან იმ ერთი დღით რათა  ახალი პოლიტიკური რეალობისათვის ჩაეყარა საფუძველი.

და შექმნა კიდეც ეს რეალობა: ყველაფრით (მათ შორის «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით») ჩანს, რომ «ნაციონალთა» ელიტაში იწყება გადაფასების პროცესი, რაც არ შეიძლება ოდესის გუბერნატორს არ აღელვებდეს. თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე კი, ერთი ნიშანდობლივი მომენტი: რატომღაც ვერავინ შენიშნა, რომ გიგისათვის მისჯილ 9 წლიან პატიმრობაზე ბევრად უფრო სენსაციური და სკანდალური იყო იმავე სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც მან გაამართლა  დავით კეზერაშვილი «რიყე–იმედის» საქმეზე!

შეგახსენებთ: ამ ქეისში აქტიურად მონაწილეობდა ცნობილი რუსი მილიარდერი დავით იაკობაშვილი, რომელსაც ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა მიშას ხელისუფლებასთან და არანაკლებ ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან. ამ შესანიშნავ ურთიერთობათა შედეგად კი, ექს–თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც გადადგომამდე არც ერთი დღე არ ყოფილა ბიზნესში, ხოლო გადადგომიდან ერთ წელიწადში მულტიმილიონერი გახდა («ნაციონალთა» ადეპტები მაინც იტყვიან, «ელიტური კორუფცია რა არის არ ვიცითო») მთლიანად გამართლდა მთავარ ბრალდებაში, რაც «ტელე–იმედის»  გამოძალვას  ეხებოდა!

ამიერიდან, კეზერაშვილი ჩიტივით თავისუფალია, რადგან რჩება ერთადერთი კომიკური ბრალდება რაღაც «სპირტის კონტრაბანდასთან» დაკავშირებით, რომელიც, რასაკვირველია, სასაცილოდ არ ეყოფა არც მას, არც მის გავლენიან მფარველებს ევროპასა და ისრაელში.

მაგრამ ეს სენსაციური გადაწყვეტილება ისე იყო «შეფუთული» გიგის 9 წლიანი სასჯელით,  ყურადღება არავინ მიაქცია, რაც იმ კატეგორიის პრიმიტივიზმზე მეტყველებს, ვინც, სამწუხაროდ, ქმნიდა და ქმნის საზოგადეობრივ აზრს ამ ქვეყანაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება გიგის, ის რომ არანაკლებ «პოლიტიკური ცხოველია», ვიდრე მიშა და ნიჭი არ აკლია, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუმ დაადასტურა: საიდან არ «მოუარა» გაბუნიამ, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დააცდენინა სინანული «9 წლის განმავლობაში ჩადენილი შეცდომების გამო».

იმიტომ, რომ გიგი პოლიტიკოსია და იცის: ამგვარი მონანიებით მოძულეთა გულს მაინც ვერ მოიგებს, მომხრეებს კი გაანაწყენებს. ამიტომ «აზრი არა აქვს» და რასაც აზრი არა აქვს, იმას ნამდვილი პოლიტიკოსი არასდროს აკეთებს.

თქვა კიდეც პირდაპირ: «თავზე ნაცრის დაყრას არ ვაპირებო», რადგან ის, ვინც ნაცარს იყრის და ინანიებს, პოლიტკოსი აღარ არის და სჯობს ბერად აღიკვეცოს.

იქნება თუ არა გიგი «ნაციონალური მოძრაობის» საპრემიერო კანდიდატი მომავალ არჩევნებზე? ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ერთ უცნაურობას დავაკვირდეთ: იუსტიციის სამინისტრო «რატომღაც» არ ჩქარობს პრეზიდენტს მიმართოს თხოვნით მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე. მინისტრი წულუკიანი ამის თაობაზე მეტისმეტად  ბუნდოვან განმარტებებს აკეთებს, მისი უწყება კი დაბნეულად ახსენებს  რაღაც «ცნობას» მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელიც თურმე კივიდან უნდა მიეღოთ და ჯერაც ვერ მიიღეს.

ეს არის პირწმინდა დემაგოგია! რა ცნობაა საჭირო, როდესაც კაცი გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო უკრაინული კონსტიტუციით, მხოლოდ უკრაინის მოქალაქემ შეიძლება დაიკავოს სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობა? ესე იგი, აქ რაღაც სხვა მიზეზია და ეს მიზეზიც უეჭველად მომავალ არჩევნებს უკავშირდება. სხვათა შორის, მიშამ უკვე თქვა, რომ იმ არჩევნებში მონაწილეობას მიღებს.   სანამ საქართველოს მოქალაქეა, ამის სრული უფლება აქვს, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში კი იმუნიტეტი დაიცავს.

სადღაც აქ იმალება ამ საიდუმლოს გასაღები.

მეორე საკითია, «გამოვა» თუ არა გიგი არჩევნებამდე. საამისოდ ორი გზა არსებობს: სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, ან პრეზიდენტის შეწყალება.

«სტრასბურგი» მისთვის უფრო მისაღებია, მაგრამ იქაური ბიუროკრატია სამუშაო გრაფიკს არ ადგენს საქართველოს საარჩევნო ციკლის შესაბამისად. ამიტომ, შესაძლოა ვერც მოესწროს და ვერდიქტიც სულაც არაა ისე გარანტირებული, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის  შეწყალებას, საამისოდ დანაშაულის აღიარება იქნება საჭირო, რაც უსიამოვნოა, თუმცა არა მომაკვდინებელი. ბოლოს და ბოლოს, ის მილიონები, რაზეც ედავებიან, ჯიბეში ნამდვილად არ ჩაუდევს და სახლში არ წაუღია – «მენაგვეებად» გაფორმებულ პარტიის აქტივისტებს დაახარჯა.

მაშასადამე, მოსწონს ეს ბატონ მეჭიაურს თუ არა, პოლიტიკური პროცესი საქართველოში ისევ და ისევ  მარგველაშვილზე ხდება დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი უგულავას ამ საქმეზე შეიწყალებს, მაშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გათვალისწინებით,  სხვა სისხლის სამართლის  საქმეების მიუხედავად, ის მაინც გამოვა გარეთ და ამა თუ იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.  «ნაციონალთა ელიტა» კი (ეს უკვე აშკარაა) ნამდვილად იხრება საარჩევნო ლოზუნგისკენ: «გიგი უგულავა – საქართველოს პრემიერ მინისტრი!»

„ჯი-ეიჩ-ენი“, გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .