ძმები სტრუგაცკების გენიალური «სტალკერისა» არ იყოს, ამ ჩვენს მრავალგზის გაუპატიურებულ «სამართლებრივ სივრცეზე» როდის–სად–როგორ აგიფეთქდება პოლიტიკური მოტივებით სხვადასხვა დროს ჩადებული ნაღმი, არავინ იცის. მათ შორის, თვით ამ ნაღმის ჩამდებმაც. მივაქციოთ ყურადღება, რომ 205–ე მუხლის ის შესწორება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და არაკონსტიტუციურად სცნო, სწორედ წინა ხელისუფლების დროსაა მიღებული. თანაც, ზუსტად იმ მოტივით, რითაც ამჟამინდელმა პროკურატურამ იხელმძღვანელა, როდესაც გიგი უგულავას პატიმრობაში დასატოვებლად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა – წინა საქმის ვითომდაც ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით.
და ეს არ არის ერთადერთი მაგალითი იმისა, როდესაც წინა ხელისუფლების (არც თუ ყველაზე უარესი) წარმომადგენლები, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, მათ დროსვე შექნილ «იურიდიულ მოწყობილებებზე» ფეთქდებიან. მოსამართლე მერაბ ტურავას «მოულოდნელმა» ავადმყოფობამ ამ გარემოებას კიდევ ერთხელ, თანაც, საკმაოდ კომიკურად გაუსვა ხაზი. შედეგად, ჩაბჟირებამდე იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთლიანად, «ოცნების» ხელისუფლებაც!
ისე, როგორ გგონიათ, სააკაშვილი და მისი გუნდი, მას შემდეგ, რაც ძალაუფლება იგდეს ხელთ ე.წ. «ვარდების რევოლუციის» შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს ძველ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დატოვებდნენ?!!!
ამ კითხვის დასმაც კი არ ღირს! თავმჯდომარე კი არა, მოსამართლეთა მთელი კორპუსი გაწმინდეს (რა თქმა უნდა «კორუმპირებულობის» მოტივით), რაც დღევანდელმა დოყლაპია ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და აღმოჩნდა კიდეც ცუგცვანგის სიტუაციაში, როდესაც კარგი სვლა უბრალოდ არა აქვს: წინა ხელისუფლების დანიშნულმა მოსამართლე პაპუაშვილმა, აბსოლუტურად სამართლიანად და სწორად გააუქმა წინა ხელისუფლების მიერვე მიღებული სრულიად უსამართლო შესწორება კანონში და, კანონის სრული შესაბამისობით, სამართლიანად მოითხოვა გიგი უგულავას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.
ოღონდ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება, უსამართლო საკანონმდებლო ჩანაწერის თაობაზე, «პრინციპულმა პაპუაშვილმა» მიიღო არა წინა ხელისუფლების დროს, არამედ ახლა, როდესაც იმ წინა ხელისუფლებას ახალი ხელუსფლების თავსლაფდასხმა დასჭირდა.
ძალიან ეჭვი მეპარება, პაპუაშვილს ნაციონალთა მმართველობისას გამოეტანა ანალოგიური გადაწყვეტილება.
თუმცა, იმასაც დავაკვირდეთ, რომ «ნაციონალურ ხელისუფლებას» არც ერთხელ (!) არ დასჭირვებია იმ ჩანაწერის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელია ადამიანი, განაჩენის გარეშე, სრულიად უსინდისოდ და უსამართლოდ გყავდეს ციხეში განუსაზღვრელი ვადით, ესე იგი იმ ვადით, რამდენჯერაც აღძრავს პროკურატურა ახალ–ახალ საქმეებს, ოღონდ კი ბრალდებულის გარეთ გამოსვლა არ დაუშვას.
ვიმეორებ: წინა ხელისუფლებას, მის მიერვე «ყოველი შემთხვევისათვის» ინიციირებული ამ ნორმის პრაქტიკულად გამოყენება არც ერთხელ არ დასჭირვებია. ახალ ხელისუფლებას კი დასჭირდა. რატომ? იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს, საქალაქო სასამართლოს ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა და არ დაუშვებდა, პროცესი ისე გაეჭიანურებინა, 9 თვიანი ვადა ამოწურულიყო! ყველა–ყველა და ეს საქმე მიშას, ვანოს, ირაკლის და ზურაბს საათივით ჰქონდათ აწყობილი, ანუ, ამგვარი ხრიკების გამოყენება უბრალოდ არ სჭირდებოდათ: საერთო სასამართლოთა მოსამართლეები, ბერლინის ბორდელთა ბინადრებივით, იქით მიდიოდნენ, საითაც მიუთითებდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა რა უნდა იღონოს ამ მართლა საცოდავმა და უბედურმა ხელისუფლებამ, რათა სიტუაციიდან გამოძვრეს? არც არაფერი. ნებისმიერი გადაწყვეტილება წამგებიანია. აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი ნორმით, გიგი უგულავა უკანონი პატიმარია იმ მომენტიდან, როდესაც საკონსტიუციო სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა. სრული დემაგოგიაა, თითქოს მისთვის ციხის კარების გასაღებად კიდევ რაღაც სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო. ამჯერად საქალაქო სასამართლოსი: საკონსტიტუციო სასამართლოს მაღლა საერთოდ აღარაფერი არსებობს და მისი გადაწყვეტილება (მით უმეტეს, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება!) დაუყოვნებლივ აღსასრულებელია. ნებისმიერი შეფერხება კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება იმ თანამდებობის პირის მხრიდან, რომელმაც განაგრძო ადამიანის უფლების დარღვევა, მიუხედავად «საკონსტიტუციოს» განაჩენისა.
არადა, გიგი უგულავას გარეთ გამოსვლა «ქართული ოცნების» ისეთი კრახი იქნება პოლიტიკურად, ლამის მისი არჩევნებში მონაწილეობაც კი კარგავდეს აზრს: ბოლო წლებში არაერთგზის დადასტურდა, რომ ქართველი ამომრჩეველი მხოლოდ იმ ძალას უჭერს მხარს, რომელიც არ «ჩმორდება». დაჩმორებულებს და თავსლაფდასხმულებს ხმას არავინ მისცემს. შედეგად, 2016 წლის შემოდგომიდანვე «მატროსოვის» საკნებში თვითონ აღმოჩნდებიან, რაკი «ისეთი დემოკრატიის აშენებას აპირებდნენ, ევროპა უნდა განეცვიფრებინათ».
ტურავამ, ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას დახმარებოდა, უარესი უქნა: ამას სჯობდა თავი საერთოდ არ «მოემკვდარუნებინა» და პირველივე დღეს მოეწერა ხელი, რაკი სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საბოლოო ვერდიქტს მოაწერდა ხელს თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი მაინც კანონიერია, რადგან მიიღება ხმათა უმრავლესობით. გამოქვეყნების პროცედურებს კი მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ასეც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის სრული აბსურდი: ცხრა მოსამართლიდან თუნდაც ერთს ექნებოდა საშუალება, საერთოდ დაებლოკა განუსაზღვრელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ის ხომ არ წერია, გადაწყვეტილებები კონსენსუსით (ესე იგი ერთხმად) მიიღებაო?
ანუ, მერაბ ტურავას კომიკურმა «ავადმყოფობამ» კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა გასაცოდავებულ და 2003 წლის შევარდნაძეს დამსაგავსებულ ხელისუფლებას, ვინაიდან ჩამოყალიბდა განწყობა, რომ ეს ხელისუფლება უმწეოდ ცდილობდა, ამგვარი უბადრუკი მეთოდებით, «გარდაუვალი» თავიდან აეცილებინა, თუმცა ვერ მოახერხა და ისევ დამარცხდა!
დამარცხდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც: ხვალ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეადან რომ გარიცხონ გიგი უგულავას ქეისის გამო, აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი იქნება, იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც მოხდა, გიგი უგულავა ნამდვილად პოლიტპატიმარია! და უკვე აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არც არავინ მიაქცევს ყურადღებას, რას ედავება პროკურატურა, რაზეა ეჭვმიტანილი, რა მტკიცებულებები არსებობდა მის მიმართ «ნაგვის», «რიყის», თუ «ტელეიმედის» საქმეზე: დასავლეთში, სრულიად სამართლიანად, მიაქცევენ ყურადღებას მხოლოდ ერთს: კაცი 15 თვეა ზის ციხეში განაჩენის გარეშე, ხოლო ხელისუფლება, რაკი ვერ ახერხებს საქმე განაჩენამდე მიიყვანოს (რატომ ვერ ახერხებს, იხილეთ ზემოთ) ცდილობს ახალ–ახალი საქმეები აღძრას, რათა ადამიანი უსასრულოდ ამყოფოს ციხეში.
ამის შემდეგ და ამ ფონზე უკვე განაჩენის გამოტანაც გვიანია. ისევე, როგორც «ოცნებისათვის» ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან გვიან.
«ოცნებამ» დღეს მოიმკა ის, რაც დათესა 2012 წელს, როდესაც დაუჯერა «რესპუბლიკელებს» და არ დაუჯერა კობა დავითაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილსაც და მის გუნდსაც აფრთხილებდა: იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ მიშას გარდაუვალი რევანში, აუცილებელია სასამართლო სფეროში მოიქცეთ ზუსტად ისე, როგორც მოიქცა მიშა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ: მიიღოთ კანონი და, «რეორგანიზაციის» მოტივით, მთლიანად, 100%–ით შეცვალოთ მოსამართლეთა კორპუსი!
ახლა კი ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია.
"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე