მსოფლიო ბაზარზე ნავთობის კატასტროფული გაიაფების, დასავლური სანქციების, გაუფასურებული რუბლისა და კარს მომდგარი რეცესიის ფონზე მოსკოვს ახალი საზრუნავი შეემატა.
როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის დასაფინანსებლად რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 2,5 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, რაც 37 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე დონეცკის მთავარი შემოსავლის წყარო ქვანახშირი და ლითონები იყო, დღეისათვის კი დეფაქტო რესპუბლიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
დღიდან სამხედრო კონფლიქტის დაწყებისა, რუსეთმა დონბასში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 40-ზე მეტი კოლონა გაგზავნა.
დენეცკზე ნაკლები მოსკოვს არც ლუგანსკი უჯდება, რომელიც მოძმე დონეცკის მსგავსად, მთლიანად რუსეთის კმაყოფაზე გადავიდა.
და ეს მაშინ, როდესაც კატასტროფულად ნეგატიური ეკონომიკური და ფინანსური პროცესების ფონზე რუსეთს ქამრის შემოჭერა უკვე მტკივნეულად უწევს.
მოსალოდნელი რეცესიის პირობებში კრემლს ყველაზე დიდი პრობლემები არა მცირედ დასახლებული, დეპრესიული რეგიონებიდან, არამედ მსხვილი სამრეწველო და საოლქო ცენტრებიდან ექმნება, სადაც საპროტესტო განწყობა დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ბაიკალის ოლქშია შექმნილი, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 9,7 პროცენტს აღწევს, მოსახლეობის საშუალო შემოსავალი კი რუსეთში არსებულ მაჩვენებელზე 20 პროცენტით ნაკლებია. რეგიონში საწვავის ფასი ყველაზე მაღალია, აღებული კრედიტების რაოდენობით კი ბაიკალის მოსახლეობა რუსეთში ერთპიროვნული ლიდერია.
ანალოგიურ მდგომარეობაშია ალტაის ოლქის, ალტაის რესპუბლიკისა და ბურიატიის მოსახლეობაც.
სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებშიც, სადაც უმუშევართა რაოდენობამ თითქმის 9 პროცენტს მიაღწია.
სოციალური უკმაყოფილება იზრდება ეკატერინბურგში, სვერდლოვსკისა და კურგანის ოლქებშიც, სადაც დაუსაქმებელთა რაოდენობა 13,2 პროცენტს შეადგენს.
დასაქმებასთან ერთად ფასების კატასტროფულ მატებას უჩივის მურმანსკისა და არხანგელსკის მოსახლეობაც.
პრობლემური რეგიონების სიაში მოხვდა პერმისა და კალინინგრადის ოლქებიც.
შედარებით სტაბილური ვითარებაა ვოლგისპირეთსა და ცენტრალურ რუსეთში, სადაც უმუშევრობის პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში.
ცალკე საუბრის თემა კი ჩრდილოეთ კავკასიაა, სადაც დასაქმების პრობლემა დღეისათვის ყველაზე მწვავედ დგას. ბოლო სტატისტიკით, ჩეჩნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 20,3, ჩერქეზეთში- 15, ინგუშეთში კი 30,3 პროცენტს შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი კი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთის სხვა რეგიონებში. თუმცა მოსკოვი "პრობლემატური რეგიონების" დაფინანსებას ვერ წყვეტს, რადგანაც ეს რეალურ რისკებთან არის დაკავშირებული.
კავკასიის რესპუბლიკები საბიუჯეტო ტრანსფერების თვალსაზრისით კვლავინდებურად ლიდერობენ და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით მხოლოდ იაკუტიასა და კამჩატკას თუ ჩამოუვარდებიან. მაგალითისთვის, გასულ წელს ჩეჩნეთმა ფედერალური ბიუჯეტიდან 53,5, დაღესტანმა კი 43,2 მილიარდი რუბლი მიიღო.
კიდევ ერთ თავსატეხად რუსეთს ახლადმიერთებული ყირიმი დაემატა. ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გაჩენილი "პოლიტიკური ხანძრის" ჩაქრობას მოსკოვი ისევ და ისევ გაუფასურებული რუბლებით ცდილობს. წელს ფედერალური ბიუჯეტიდან ყირიმისთვის გამოყოფილმა თანხამ 93 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. გარდა ამისა, რუსეთი ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარების 6-წლიან გეგმას ახორციელებს, რაც 681,2 მილიარდი რუბლი უჯდება.
მარტივი კალკულაციით, მხოლოდ უკრაინის ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების შენახვა რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდამდე რუბლი უჯდება, ფეთქებადსაშიში ჩეჩნეთისა და დაღესტნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კი ყოველწლიურად 100 მილიარდამდე რუბლს ხარჯავს, რასაც პოსტსაბჭოეთის დეფაქტო რესპუბლიკების, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, ევრაზიელი მოკავშირეებისა და ევროპისკენ მომზირალი ბელარუსის მზარდი მოთხოვნილებებიც ემატება.
პრობლემური რეგიონები მოსკოვისთვის კვლავ ხელშეუხებელ თემად რჩება. იმისათვის, რომ მათი კეთილგანწყობა შეინარჩუნოს, კრემლმა არხანგელსკს უნდა მოაკლოს და გროზნოს უხადოს, თუმცა გაუსაძლისმა სოციალურმა პირობებმა რუსეთის ყველაზე დეპრესიული რეგიონებიც შესაძლოა ფეთქებადსაშიში გახადოს. ამ შემთხვევაში პრობლემატიზმის კერა ჯერ ციმბირსა და ურალში, შემდეგ კი დასავლეთ რუსეთში გადაინაცვლებს და კრემლის კედლებთან დაბანაკდება.
“ჯი-ეიჩ-ენი“, პაატა კაკაბაძე