ENG / RUS       12+

ირანი ევროპაში „დასაბრუნებლად“ მზად არის

ევროპა რუსული გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობს. ამის რეალური შესაძლებლობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საერთაშორისო ექვსეულმა თეირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ირანს მალე სანქციებს გაუუქმებენ, რაც გაზპრომს სერიოზული კონკურენციის პირობებში ჩააყენებს. ექსპერტთა გათვლით, თეირანი ევროპის მომარაგებას ბუნებრივი აირით 2030 წლამდე ვერ შეძლებს და ირანული გაზი რუსულზე შედარებით ძვირი იქნება, თუმცა როგორც წესი, ევროპა მსგავს საკითხებში არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობს.

წინასწარი ეკონომიკური გათვლებით კი ირანს ევროპულ ბაზარზე 2030 წლისთვის 25-35 მილიარდი კუბამეტრი აირის გატანა შეუძლია, რაც The Wall Street Journal-ის თვალსაზრისით, თეირანს ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად აქცევს. საერთო მოცულობის ძირითად ნაწილს ირანი ბაზარზე თხევადი  აირის სახით გაიტანს, რომელსაც ევროპა ესპანეთის გავლით მიიღებს. ესპანეთი ევროპაში დღესდღეობით ყველაზე მსხვილი რეგაზიფიკატორია.

რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო ევროკავშირი ახალ მომწოდებლებს უკვე დიდი ხანია, აქტიურად ეძებს, რისთვისაც ირანი ასევე დიდი ხანია, მზადყოფნას გამოთქვამს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაზპრომმა ევროპას 74,275 მილიარდი კუბამეტრი გაზი მიაწოდა, რაც გასული წლის საექსპორტო მაჩვენებელს 8 პროცენტით ჩამოუვარდება. წლის ბოლომდე კი გაზპრომი ევროკავშირში 158 მილიარდი კუბამეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. გაზპრომის წილი ევროპულ ბაზარზე დღეისათვის 30 პროცენტს შეადგენს, თუმცა ევროპული ბაზრის დივერსიფიკაცია, ყველა პროგნოზით, გარდაუვალია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპული ენერგოგიგანტების, გერმანული RWE AG-ის და E.On-ის, ფრანგული Total-ისა და  Engie-ის, ბრიტანულ-ჰოლანდიური Royal Dutch Shell-ის,  ნორვეგიული Statoil-ისა და ესპანური  Repsol-ის ხელმძღვანელებმა ირანთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტესთან გამართეს და ირანში სოლიდური ინვესტიციების ჩასადებად უკვე ემზადებიან.

დღეისათვის ირანი გაზის მარაგით მსოფლიოში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყნის მთლიანი მარაგი 34 ტრილიონ კუბამეტრს შეადგენს, რაც მსოფლიო მარაგის 17 პროცენტია.

ირანიდან ევროპის გაზმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ 2004 წელს, ნაბუქოს გაზსადენის პროექტის პარალელურად განიხილებოდა. გაზსადენს თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიამდე უნდა ჩაეღწია, თუმცა დასავლეთსა და თეირანის ყოფლ ლიდერს, მაჰმუდ ახმადინეჯადს შორის გართულებულმა ურთიერთობამ კონტრაქტი ჩაშალა.

გასული წლის აგვისტოში ირანული მხარე ნაბუქოს პროექტზე ისევ ალაპარაკდა. ნავთობის მინისტრის მოადგილემ ღიად განაცხადა, რომ რეაბილიტირებული ნაბუქოს გაზსადენით თეირანს ევროპისთვის 35 მილიარდი კუბამეტრი აირის მიწოდება შეეძლო.

ერთადერთი პრივილეგია, რითაც რუსეთი ევროპულ ბაზარზე ირანის გამოჩენის შემთხვევაში ისარგებლებს, სარესურსო ბაზაა. გაზპრომის წლიური რეზერვი დღეისათვის 170 მილიარდ კუბამეტრს შეადგენს. გარდა ამისა, ირანს გაზის გასათხევადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი ტექნოლოგიები და პარტნიორები დასჭირდება, რაც პროდუქტის ფასს სავარაუდოდ რუსულ გაზზე მეტად გააძვირებს, თუმცა East European Gas Analysis-ის ექსპერთა ვარაუდით, რუსეთმა თავს შესაძლოა, იაფი გაზის ექსპორტის ფუფუნება ვეღარ მისცეს. რუსული ბუნებრივი აირი ირანულზე იაფი მხოლოდ იმ  შემთხვევაში ეღირება, თუ ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 30 დოლარამდე დაეცემა. გარდა ამისა, ირანული საბადოები ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იამალისა და დასავლეთ ციმბირის.  

საბოლოოდ ექსპერტები ერთ საკითხში თანხმდებიან. ბუნებრივი აირის ფასის განსაზღვრა 10 წლით ადრე პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც ყველაფერი კონტინენტზე შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ჯი-ეიჩ-ენი“, პაატა კაკაბაძე

ავტორი: . .