სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები ამჯერად ოზურგეთის მოსახლეობას გააცნო.
ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ხათუნა კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.