ENG / RUS       12+

რუსული ფული ქართულ მედიაში

საქართველოს «მედია–სივრცეში» სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ამის ინდიკატორია თუნდაც ის «მიწისძვრა», რაც ტელევიზიებში მოხდა და კიდევ მოხდება. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს რყევები მხოლოდ გარეგნულად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. სინამდვილეში,   ინიღბება, თანაც ძალიან ოსტატურად ინიღბება საარჩევნო ინტერესებით. რეალურად კი სხვა, უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს.

 რათა გავარკვიოთ, ვინ გეგმავს ასე შორს და რატომ, აუცილებელია ჯერ ის დავადგინოთ რა ინტერესები მოქმედებს და ვისი.

განმსაზღვრელი აქ,  რა თქმა უნდა, რუსული ინტერესია: პირველად მრავალი წლის განმავლობაში, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მოსკოვს შეუძლია ქართულ «მედია–ბაზარზე» იმოქმედოს ისევე, როგორც მოქმედებს დასავლეთში, როცა იქ საკუთარ ინეტერსთა გატარებისათვის აუცილებელ მედია–სივრცეს ქმნის. არანაირი «ველოსიპედის გამოგონება» არ სჭირდება და არც ჩვენ უნდა გვჭირდებოდეს მსჯელობის «ორჯერ––ორიდან» დაწყება მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიისა თუ ალგორითმის გამოსათვლელად: საკმარისია გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს კრემლი, უფრო ზუსტად მის მიერ ჯერ კიდევ პუტინის მმართველობის ალიონზე დაფუძნებული «გაზპრომ–მედია» იმ ქვეყნებში, სადაც ამ ინტერესთა გატარებისათვის მხოლოდ მარგარიტა სიმონიანისა და დიდი ბაბუის სასახელო შვილიშვილის, სოფო შევარდნაძის აღვირახსნილად პროპაგანდისტული (მართლა ძირგამომთხრელი) Russia Today არ არის საკმარისი, ან აუცილებელი ხდება უფრო რაფინირებულად, ესე იგი, რუსული ტერმინით, «ტონკად» მოქმედება.

ასეთ შემთხვევაში, «გაზპრომ–მედია» მტაცებელი ცხოველივით იწყებს ზვერვას მედია–ბაზარზე, აკვირდება ფინანსურ ტენდენციებს, საკუთარი აგენტურის მეშვეობით (აგენტურა ამ სფეროშიც ბლომად ჰყავს) ადგენს ვის რა პრობლემები აქვს, ვინ განიცდის სირთულეებს, ვინ გამოიტანა იპოთეკური კრედიტი ლარის დევალვაციამდე, ვის აქვს ბიუჯეტში გარღვევა, ვის ჰყავს ბიზნეს–პარტნიორი ან თვით რუსეთში, ან მეგობარი სპეცსამსახურების ქვეყნებში და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ამას ადგენს, აფუძნებს ვითომდაც დამოუკიდებელ მოთამაშეებს, რომლებიც «რეზიდენტთა» (ადგილობრივი აგენტების) სახით შემოდიან ბაზარზე, იქნება ეს ვითომდაც დამოუკიდებელი სტუდიები თუ მოულოდნელად გამდიდრებებული და გაძლიერებული საინფორმაციო სააგენტოები. ოღონდ გაძლიერებულნი არა მხოლოდ და არა იმდენად ფულის უშუალოდ ინვესტირებით, არამედ სასიხარულოდ ბარაქიანი კონტრაქტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ისიც ვიგულისხმოთ, რომ «ციფრულზე» გადასვლის შემდეგ ტელესივრცე ნამდვილ «კლონდაიკად» იქცევა ნებისმიერი მანიპულაციისათვის.

საერთოდ, «დამოუკიდებელი აგენტების» მომრავლება ბაზარზე ამ სფეროში რუსულ ინტერესთა გაძლიერების პირველი ინდიკატორია. თუმცა, რასაკვირველია, არც უშუალო ინვესტირებაზე იტყვის უარს.

ისე, განა ლოგიკური არ არის კითხვა: თუკი პატარკაციშვილებმა «ბორჯომი» მიჰყიდეს კრემლის მიერ მთლიანად კონტროლირებად რუსულ კაპიტალს (ფირტაშს), «ტელე–იმედს» ვითომ რატომ არ მიჰყიდიან რამე რომ იყოს?  პირდაპირ არა, რასაკვირველია, -    ამგვარი გარიგებები მუდამ შეინიღბება ადგილობრივი აგენტებით. მათ კუდშიც რომ ჩაავლო ხელი და მოსკოვამდე მიჰყვე, იქაც, ფორმალურად,  ქართული კაპიტალი დაგხვდება და არა რუსული – რომელიმე იქაურ ქართველ ბიზნესმენზე გაფორმებული.

ძნელი დასაჯერებელია, იმავე ქიბარ  ხალვაშს ისეთი ფანატიკური სიყვარული ჰქონდეს ტელევიზიისა, როგორიც, მაგალითად ეროსის ახასაითებდა!  აი, ეროსიზე ნამდვილად იტყოდი, «ტელევიზიის ფანატიკოსია» და მხოლოდ ფული არ აინტერესებსო. ხალვაშის შემთხვევაში კი ეს უფრო რაციონალური გათვლაა, რომელიც სხვა ინტერესებს უკავშირდება. ამ ინეტრესების ხვეულთა გახსნა იმდენად რთული საქმეა, რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება დასჭირდება – სად რომელი ძაფი მიდის და როგორ. თუმცა «წვეროებმა» ისევ იქ შეიძლება ამოყვინთონ, სადაც და როგორც . . . .

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ საქმე მხოლოდ ტელემედიას არ ეხება. საქართველოში, სოციალურ ქსელთა განვითარების კვალობაზე, თანდათან ყალიბდება ჯანსაღი სიტუაცია როდესაც სხვა მედია–რესურსები, მათ შორის სააგენტოები და გაზეთები, სულ უფრო მეტ გავლენას და აუდიოტორიას იძენენ.  ამიტომ,  რუსული კაპიტალი იქაც დაძრწის და ეძებს საკბილოს.

ასევე  უტყუარი ინდიკატორები მეტყველებს, რომ წლის ბოლოსათვის «დიდი გადანაწილება დაიწყება» და ყველა აქტორი შეეცდება, ეს პროცესი ისევ და ისევ არჩევნებით შენიღბოს, თითქოს მთავარი მოთამაშეები ადგილობრივი ბიზნესმენები ან პოლიტიკური ძალები არიან. შესაძლოა ისინიც ჩაითრიონ, ოღონდ მიზანი ბევრად შორსმიმავალია.

რა მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში ხელისუფლება და მმართველი პარტია? ბიძინა ივანიშვილმა, თავის დროზე, მიღო პოლიტიკურად  აბსურდული გადაწყვეტილება და დახურა «მეცხრე არხი», რომელსაც ნამდვილად შეეძლო გაეწონასწორებინა მისი პოლიტიკური მტრის (არა მოწინაამდეგის, არამედ უკვე მოსისხლე მტრის) კუთვნილი რუსთავი–2.  

მიზეზად მაშინ ის დაასახელა, რომ არ სურდა ხალხს ელაპარაკა: «ხელისუფლება საკუთარ ტელეარხს ფლობსო». თუმცა ეს არ არის ნამდვილი მიზეზი.  მას ხომ სთავაზობდნენ არხის იმგვარ ტრანსფორმაციას, როდესაც ამას ვეღარავინ იტყოდა, უბრალოდ ფნანსურად უნდა ეზარალა თავად.

ვინც ამბობს «მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებაზე და ამ პატარა ზარალს როგორ ვერ აიტანდაო», მას უბრალოდ არ ესმის, როგორაა მოწყობილი ბიზნესმენის ფსიქოლოგია: ქველმოქმედება სხვაა და კონკრეტული პროექტი (თუნდაც მედია–სფეროში) სულ სხვა, იქ მოქმედებს როტშილდის პრინციპი: «გაკოტრება იწყება ცენტით და არა მილიონით».

შედეგად, ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი ხელახალი ჩარევა უკვე დაგვიანებულიც იქნება და სხვას (გარეშე ძალებს) «მოუსუფთავებს ველს», რადგან  ისიც კი არ გააკეთა,   თუნდაც კონკურენტული გარემო შეექმნა მედია–ბაზარზე და რეალურად დამოუკიდებელი, თანაც მთლიანად ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებეული  მედიისათვის არსებობისა და განვითარების შანსი დაეტოვებინა.

შედეგსაც უახლოეს მომავალში მოიმკის.  

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .