რესპოდენტის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს. რა შედეგი ექნება პრეზიდენტის მოწოდებას, ასრულებს თუ არა დაკისრებულ ფუნქციებს საკონსტიტუციო კომისიაა და ბედი ეწევა საკონსტიტიციო ცვლილებების წარმოდგენილ პროექტს პარლამენტში?
,,ჯი-ეიჩ-ენს” კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ესაუბრა.
_ საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციაა იმუშაოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუმცა, პრობლემა იცით რა არის? თუ არსებობდა კონსტიტუციაში ცვლილებების სურვილი, პირველ რიგში, ამაზე სწორედ საკონსტიტუციო კომისიას უნდა ემსჯელა, სადაც საზოგადოების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მაგრამ ეს კომისიამ არ გააკეთა, რაც ძალიან ცუდია. ფაქტობრივად, რისთვისაც შეიქმნა კომისია, ამ მოცემულობაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
_ გამოდის, რომ პრეზიდენტის ამ მოწოდებას აზრი არ აქვს?
_ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით განხორციელდება ცვლილებები. თუმცა, ბუნებრივი იქნებოდა კომისია თუ იმსჯელებდა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე. კანონმდებლობის დონეზე არ არის განსაზღვრული ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში აუცილებლად საკონსტიტუციო კომისიის გავლით უნდა მოხვდეს, თუმცა ცხადია, რაც უფრო მეტ ფილტრს გაივლის კანონპროექტი, იქნება კარგი. კანონი მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საზოგადოების ფართო სპექტრში მოხდეს.
_ თუ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ახორციელებს, მისი გაუქმება უნდა მოხდეს?
_ არ ვფიქრობ, რომ კომისიის გაუქმება უნდა მოხდეს, თუმცა მისი შემადგენლობა ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე უნდა გადახალისდეს, რადგან კომისიის შემადგენლობის 1/3 აღარ არის თანამდებობაზე, რომლის გამოც თავის დროზე დააკომპლექტეს და ფაქტობრივად კომისიის სხდომაში მათი მონაწილეობა არალეგიტიმური იქნება. ამიტომ აუცილებელია გადახალისდეს კომისიის შემადგენლობა და ამის შემდეგ უნდა მოხდეს მუშაობის განახლება.
-რა ბედი ეწევა პარლამენტში 81 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს?
-მმართველ გუნდს სჭირდება ოპოზიციის თანხმობა, რადგან საჭირო ხმების რაოდენობა - 113 მანდატი არ გააჩნია. დღეს გვაქვს ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არავის აწყობს. "ქართული ოცნების" პროექტი კი ცუდია, თუმცა არსებულს ჯობია, ოპოზიციას, ფაქტობრივად, არჩევანი არ აქვს _ თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მისთვის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე არაფერი შეიცვლება, ხოლო თუ არ დაუჭერს, მაშინ იმ სარგებელზე იტყვის უარს რომელიც შეიძლება 2020 წელს მივიღოთ და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისტება. თუ ოპოზიცია დათანხმდება ცვლილებებს, წააგებს, არ დათანხმდება – პოლიტიკურად წააგებს, ანუ ორივე შემთხვევაში წაგებული რჩება", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
,,ჯი-ეიჩ-ენი” ესაუბრა, მირანდა ნაბახტეველი.