საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება კვლავ დიდ პრობლემად რჩება.
ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წერილში.
"ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიებია. მოგეხსნებათ, როგორც აფხაზეთის, ისევე ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვრებს სწორედ პოლიციელები იცავენ. ომის დამთავრების შემდეგ ამ რეგიონებში ჩვენ უფრო მეტი პოლიციელი დავკარგეთ, ვიდრ ომის დროს. ისინი მოწინააღმდეგეების სნაიპერების და ნაღმების მსხვერპლი გახდნენ. საბედნიეროდ მას შემდე რაც ჩვენ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი აღჭურვილობა და დაჯავშნული მანქანები შევიძინეთ, ვითარება შედარებით განიმუხტა", - განაცხადა მერაბიშვილმა.
შს მინისტრის ინფორმაციით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც არც ერთი პოლიციელი და არც ერთი სამოქალაქო პირი აღარ დაღუპულა.
"თუმცა დიდ პრობლემად რჩება ჩვენი მოქალაქეების გატაცება. აქვე უნდა ავღნიშნო ის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს. დიდია მათი დახმარება ვითარების სტაბილიზაციის საქმეში", - აღნიშნა მერაბიშვილმა.