ENG / RUS       12+

გიორგი კვირიკაშვილის ევრაზიული მესიჯი

რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი? მერამდენე დღეა გრძელდება ერთი ვაი–ვიში და ტვინის ჭყლეტა. არადა,  ყველაფერი მზესავით ნათელია:  გულისხმობდა სწორედ იმას, რაც თქვა!  დიპლომატიის (ზოგადად პოლიტიკის) ენას ის თავისებურება აქვს, რომ შინაარსიც და მოტივიც განისაზღვრება მხოლოდ შედეგით და აღქმით! განურჩევლად იმისა, რა მოტივი ჰქონდა მთქმელს, არსებითი მაინც  რეზონანსი და აღქმაა. ხოლო «სინამდვილეში რისი თქმა უნდოდაო» – მეასეხარისხოვანი საკითხია. რეალური  ისაა, რა ინტერპრეტაციის (!) საშუალება მისცა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. გადავავლოთ თვალი რუსულ პრესას და გამგები გაიგებს.

თანაც, გიორგი კვირიკაშვილი უჭკუო კაცი ნამდვილად არ ჩანს, ანუ ყოვლად წარმოუდგენელია მას არ სცოდნოდა, რომ მის პირველ განცხადებებს ახალ პოსტზე გამადიდებელი შუშით წაიკითხავდნენ და ასვატიანი გამაძლიერებლით მოისმენდნენ. 

«საინტერესო ამბები ხდება ევრაზიაში» – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა როდესაც  პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში. როგორ გინდა ან როგორ უნდა გაიგო ეს განცხადება? მხოლოდ ისე, როგორც ითქვა, მორჩა და გათავდა!

მართლაც საინტერესო ამბები ხდება  ევრაზიის ზეკონტინენტზე: იქმნება «ევრაზიული კავშირი», ვითარდება «შანხაის ორგანიზაცია», რომელიც პეკინმა და მოსკოვმა შექმნეს ევროატლანტიკური სივრცის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების საპირწონედ და, სხვათა შორის, ვაშინგტონის მიერ სირიასა და უკრაინაში (2008 წელს საქართველოში) გამოჩენილი გაუბედავობა–სისუსტის გათვალისწინებით, ეს პროექტები უკვე სულაც აღარ გამოიყურება კომიკურად. ჩინეთი, მიუხედავად ბოლოდროინდელი რყევებისა, მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე სწრაფადგანვითარებად ეკონომიკად და ა.შ და ა.შ.

უამრავი სხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის გიორგი კვირიკაშვილი.  სხვათა შორის, ის ეკონომიკის მინისტრობის დროსაც არ მალავდა, რომ ინვესტიციათა წყაროდ სწორედ ევრაზიის სივრცეს მიიჩნევდა და არა დასავლეთს, რომელიც სულაც არ ჩქარობს საქართველოში ინვესტიციათა დაზღვევას, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე, როდესაც მართლა უნდა ამა თუ იმ ქვეყანას განვითარებაში დაეხმაროს. მაგალითად, ამერიკული ორგანიზაცია «ოპიკი», ამ თვალსაზრისით, ლამის «მარშალის გეგმის» ტოლფას პროექტებს ახორციელებს ხოლმე პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებში.

 გიორგი კვირიკაშვილის ყველაზე დიდი და პოტენციურად მართლაც წარმატებული პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა (იგივე ქალაქ «ლაზიკის») – ასევე ჩინეთს უკავშირდება და თუ განხორციელდა (ოღონდ «თუ»), ქვეყნის განვითარების ნამდვილ ლოკომოტივად იქცევა – ათასობით სამუშაო ადგილითა და მრავალმილიარდიანი კაპიტალდაბანდებით.

აქვე უნდა ითქვას, რომ არანაირი «ჩინეთის კედელი» პეკინთან თანამშრომლობასა და პუტინის «ევრაზიულ კავშირთან» დაახლოებას შორის არ არსებობს. ანუ, უდიდესი დემაგოგიაა იმის თქმა, თითქოს «ჩინეთს დავუახლოვდები, ყაზახეთთან ვითანამშრომლებ (კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ქევყანაა ინვესტიიური თვალსაზრისით),  ხოლო ევრაზიულ კავშირს კი გავემიჯნები»: სინამდვილეში, პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ჩინური კაპიტალი სავსებით შეიძლება იქცეს «პროქსიდ» ამ კაპიტალის კონვერტირებისათვის რუსულ პოლიტიკურ გავლენად.  ერთი სიტყვით, რუსეთ–ჩინეთის სტრატეგიული კავშირი «ევრაზიული პროექტის» გულანია  და მისი «გახლეჩა» არ გამოვა. მით უმეტეს, საქართველო ვერ მოახერხებს ამას.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც «ნაციონალები» პროტესტს გამოთქვამენ გიორგი კვირიკაშვილის «უხამსი წინადადების» გამო (ფილმი გეხსომებათ - დემი მურის  მონაწილეობით), თავად, რატომღაც, ივიწყებენ: ასეთივე «ღირებულებითი აღრევა» იყო სინგაპურიზაციისაკენ სწრაფვა ევროატლანტიკური ორიენტაციის  პარალალურად. სად ერეკლე და სად . . .  თეკლეო. 

დღეს სწორედ ჩინეთია ერთი დიდი «სინგაპური», რომელმაც ლი ქუან იუს იდეათა კიდევ უფრო წარმატებით ხორცშესხმა მოახერხა ისე, რომ ეს ვეებერთელა ქვეყანა «მსოფლიო ფაბრიკად» აქცია, როგორიც მე – 19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთი იყო.

კვირიკაშილმა იცოდა, რასაც ამბობდა და მისი მესიჯი ადეკვატურადაც იქნა აღქმული ყველგან, საითაც უმიზნებდა.  უპირველესად  მოსკოვში,  

საგულისხმოა, რომ ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა «კარასინ–აბაშიძის ფორმატს» მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი, ქალბატონი ბერუჩაშვილი,  ამ ფორმატს ხშირად აკრიტიკებდა როგორც ღიად, ასევე ვიწრო წრეში.

ძნელი მისახვედრი როდია, რომ კვირიკაშვილი, ახალ პოსტზე, თინათინ ხიადშელს «აწონასწორებს». იმ დათქმით, რომ  ხიდაშელის «ევროატლანტიკური ასპირაცია» საეჭვოა შედეგიანი აღმოჩნდეს, ანუ MAP–ს მაინც არ მოგვცემენ ვარშავის სამიტზე, ხოლო კვირიკაშვილის «ევრაზიული მიმართულება», ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის  თვალსაზრისით, ბევრად უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც სწორედ ამ ტრენდს, ამ მიმართულებასა და ამ ორიენტაციას გააძლიერებს საქართველოში, მიუხედავად «ვესტერნიზებული ელიტის»  საპროტესტო წივილ - კივილისა.

ამ უკანასკნელთ სჯობს დასავლელ პარტნიორებს ჰკითხონ, რატომ არ  აძლევენ საქართველოს MAP-ს, ან უვიზო რეჟიმს (განსახვავებით მოლდოვასა და დომინიკისაგან), რითაც ობიექტურად აძლიერებენ ევრაზიულ ვექტორს და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეს მიმართულება სულ მალე დომინანტური გახდეს, რაც ახლა  თითქოს წარმოუდგენელია, თუმცა საზოგადო იმედგაცრუება ბირთვული პოტენციალის მქონე, დამანგრეველი და გამანადგურებელი ფენომენია!

და ისიც ნიშანდობლივია, რომ განსხვავებით იმავე ბერუჩაშვილისაგან, გიორგი კვირიკაშვილი იმ «უახლოესი წრის» წარმომადგენელია, სადაც მუშავდება  და «ვის მიერაც მიიღება» საკვანძო გადაწყვეტილებები ქვეყანაში. მაშასადამე, ამ მიმართულებით ნამდვილად იგეგმება, როგორც რუსები იტყვიან «შემომატრიალებელი»  (პოვოროტნი) გადაწყვეტილებები.

 

„ჯი-ეიჩ-ენი“, დავით ავალიშვილი

ავტორი: . .