საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც საპარლამენთაშორისო კავშირის ორგანიზებით გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში იმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა საპარლამენტთაშორისო კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელისა და მშვიდობის დარგში ნობელის ჯილდოს ერთ-ერთი პირველი თანამფლობელის, ფრედერიკ პასის სიტყვებით დაიწყო, რომელმაც ანდერძში განაცხადა - „მსოფლიო მხოლოდ იმ დღეს გადარჩება, როდესაც ის გაჯერებული იქნება ურთიერთპატივისცემის, ურთიერთსიყვარულისა და გადაცდომის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საჭიროებით.”
„მაშინ, როდესაც ჩვენ მოწმენი ვართ ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მძიმე კონფლიქტებისა; დანაშაულებრივი ექსტრემიზმის მზარდი საშიშროებისა და მსოფლიოში გამძვინვარებული კიბერდანაშაულისა; ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა - ნათელი ხდება, რომ ერთადერთი გზა იმისა, რომ წარმატებას მივაღწიოთ ამ პრობლემების დასაძლევად, საერთო ღირებულებებისა და ვალდებულებების გარშემო ჩვენს გაერთიანებაში მდგომარეობს.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სამი ძირითადი ფაქტორი, რაც არსებითია ისეთი სამყაროს ასაშენებლად, როგორში ცხოვრებასაც ისურვებდნენ ადამიანები.
პირველი ფაქტორი არის ის, თუ როგორ განვსაზღვრავთ ჩვენ სიტყვას - „ადამიანი”? ვის ვგულისხმობთ, როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ? ვფიქრობთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გვგავს ჩვენ, იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და გვაძლევენ ხმას? თუ ამ სიტყვაში ნებისმიერ ადამიანს მოვიაზრებთ?
ამ საკითხის საპასუხოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე”, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი ადამიანის ჩართულობის, მონაწილეობის უზრუნველყოფას - მათ შორის უმცირესობებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, განსხვავებულად გამოიყურებიან და განსხვავებული მიზნები აქვთ ცხოვრებაში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, როდესაც განვმარტავთ სიტყვას - „ადამიანი”.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ ვახდენთ ადამიანების სურვილების იდენტიფიცირებას? რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების სურვილებზე? ვსაუბრობთ მათზე, ვინც უმრავლესობაშია? ვსაუბრობთ არჩევნების შედეგებზე და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამებზე? თუ ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მუდმივ მონაწილეობაზე ხელისუფლების ყოველდღიურ ფუნქციონირებაში?
ამ მნიშვნელოვანი თემის განსახილველად, სექტემბერში, საქართველოს პარლამენტი საკანონდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციას უპასპინძლებს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ჩვენ მსოფლიოს ყველა პარლამენტის წარმომადგენელი მოვიწვიეთ. აღნიშნული კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულია, განისაზღვროს ის, თუ როგორ აღვჭურვოთ მოქალაქეები იმ საჭირო მექანიზმებით, რაც მათ არამარტო პარლამენტის ფუნქციონირების შესახებ მიაწვდიან მეტ ინფორმაციას, არამედ ინფორმირებულნი იქნებიან იმ საკითხებზეც, რომლებიც პარლამენტში განიხილება. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ დამატებითი საშუალებები და მექანიზმები იმისათვის, რომ განვსაზღვროთ იმ ადამიანთა სურვილები, რომელთაც ნაკლები წვდომა აქვთ პოლიტიკურ ინსტიტუტებთან; რომლებიც არიან ღარიბნი; რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ მსოფლიოს დედაქალაქებში და ეწვიონ საკანონმდებლო ორგანოებს. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვნია იმისათვის, რომ განიმარტოს თუ რა სურთ რეალურად ადამიანებს.
და მესამე, ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც იმ მსოფლიოს აშენებაში გვეხმარება, როგორშიც ჩვენ ყველას გვსურს ცხოვრება, ჩვენი ვალდებულებების პატივისცემაა. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საკუთარი ხალხისადმი მიცემული დანაპირები. სწორედ ასე იბადება ნდობა ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიღწვით, არამედ ანგარიშვალდებულნი ვართ ფართო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
უდავოა, რომ დღევანდელ მსოფლიოში აგრესია, ძალადობა და გასაჭირი დიდწილად არის გამოწვეული სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო სისტემით დადგენილი ნორმების იგნორირებით. იქნება ეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, უკრაინისა თუ ნებისმიერი სხვა მაგალითი, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სისტემა უხეშად ირღვევა. ჭეშმარიტად მდგრადი, მშვიდობიანი მსოფლიოს ასაშენებლად, სადაც სახელმწიფო და ხალხი თანაცხოვრობს და ვითარდება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და პატივი ვცეთ იმ სისტემას, რომელსაც თავად ვაშენებთ.
საქმე შეეხება ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობას, საერთაშორისო და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას, საერთო კლიმატზე ზრუნვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას თუ მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ნებისმიერის რეალიზაციას - მოდით, ვიფიქროთ გლობალურად და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ამ პლანეტაზე მაცხოვრებელი თითოეული ადამიანის წინაშე”, - განაცხადა თავის სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
დღესვე, დავით უსუფაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კანადის სენატის სპიკერთან, ლეო ჰაუსაკოსთან; იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ატელ ალტარანეჰთან; ბუტანის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჯიგმე ზანგპოსთან; და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ზიგფრიდ ბრაკთან და სენატის სპიკერთან, ქრისტინა დერაგთან.
შეხვედრების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ინტერვიუს მისცემს „ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროს.
--
მოკლედ კონფერენციის შესახებ
პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის მუშაობაში 140-მდე საპარლამენტო ლიდერი იღებს მონაწილეობას. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. დაგეგმილია, აგრეთვე, დეკლარაციის (ინგლ. თარგმნ. „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება”) მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.