რესპოდენტის შესახებ
საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებზე „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძემ უპასუხა.
ხათუნა ლაგაზიძე: - საწვრთნელი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ის, რომ ჩრდილოკავკასიაში შესაძლო ფართომასშტაბიანი არეულობის შემთხვევაში, რომელიც ძალზედ რეალური გახდება, თუ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული რუსეთი ჩრდილო კავკასიაში უზარმაზარი ფინანსური დონაციების გადასროლას ვეღარ მოახერხებს, ეს ცენტრი შესაძლოა საქართველოსთვის უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად იქცევს. ხოლო იქნება თუ არა ეს ნატო-სთან დამაახლოებელი ნაბიჯი, ამ ეტაპზე თქმა რთულია.
- ნატოს გენმდივნის მიერ თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა, კვლავ გააჩინა განცდა, რომ „იქ, დასავლეთში ვახსოვართ“...
- ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს და პლუს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ნატო-სთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიურ პოზიციას ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, გარკვეული პროგრესი აშკარაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებულმა განცხადებებმა ნათელი გახადა ის, რომ დასავლეთმა საქართველოს მისამართით ინტერესი არ დაკარგა, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული წუხილები ჰქონდა საქართველოს პროდასავლური მიმართულების მომხრე საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.
- ამ ფონზე ისიც ცხადია, რომ ვახსოვართ „იქ, დიდ რუსეთშიც“...
- ცენტრის გახსნამდე ძალიან ბევრს ეშინოდა რუსეთის შესაძლო რეაქციის. მით უმეტეს, რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებები გვახსოვს, როდესაც ამბობდნენ, რომ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ეს რეგიონში უსაფრთხოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის. არანაკლებ მწვავე იყო გახსნის შემდგომი განცხადებები. მაგრამ, საბედნიეროდ რუსეთს დღეს აღარ გააჩნია საკმარისი რესურსები კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შერკინებაში გამოიწვიოს მსოფლიო. საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო ხისტი ნაბიჯები, შესაძლოა, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის კონტროლის განხორციელება ყოფილიყო. ეს ქმედება დასავლეთისთვის უფრო დიდი სილის გაწვნა იქნებოდა, ვიდრე ყირიმის ანექსია იყო.
- რატომ შეიკავა რუსეთმა თავი ამ ნაბიჯის გადადგმისგან?
- რუსეთი, რომელიც პენსიებსა და ხელფასებსაც კი ვერ არიგებს აფხაზეთში, ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი - დროის მოგების ტაქტიკაა. ფაქტია ის, რომ დღეს „ნატოს“ არ აწყობს ჩვენი ღია კონფრონტაცია რუსეთთან და მეორე ფრონტის გახსნა. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ მაპი აუცილებელი ეტაპი აღარაა „ნატოში“ შესასვლელად, მაფიქრებინებს, რომ მაპი დღის წესრიგში კვლავ არ დგას. ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული სტატუს-ქვო დღეს დასავლეთსა და საქართველოს თანაბრად აწყობთ.
- ანუ, დასავლეთს მოსწონს საქართველოს პოლიტიკური პოზა?
- იმით, რომ საქართველო დღეს ხმალამოღებული არ ებრძვის რუსეთს, დასავლეთი ნამდვილად არ გაზომავს საქართველოს პროდასავლურობას თუ პრორუსულობას.
- და, რა შეიძლება აღმოჩნდეს საზომი?
- დასავლეთი ხელისუფლების პროდასავლურობას ნამდვილად გაზომავს მედიისადმი დამოკიდებულებით და შესაბამის ვერდიქტსაც გამოუტანს. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, „რუსთავი 2“ დღეს არის პროდასავლური განწყობების გავრცელების მთავარი საინფორმაციო არხი ქვეყანაში, რომლის აშენება-დამკვიდრებასაც დასავლეთმა ლამის 20 წელი შეალია. ვსვამ მარტივ კითხვას: პროდასავლური ძალების ან ზოგადად, პოლიტიკის საინფორმაციო მხარდაჭერა რომ მოუნდეს დასავლეთს, რომელი საინფორმაციო არხის მეშვეობით გააკეთებს ამას?! რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის თემა ამერიკის ტესტია, თუ მან ის დათმო, გამოდის რომ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს კარგა ხნით თმობს. წარმოგიდგენიათ ახალი საინფორმაციო, გავლენიანი არხის აწყობას რა დრო დასჭირდება?! ამიტომ, მე ვფიქრობ, „რუსთავი 2“-ის თემა ცდება ყოველგვარ სამართლებრივ დავას და საგარეო პოლიტიკის თუ ინტერესების პრიზმაში განიხილება.
- ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი დასავლეთს, ამ მიდგომის გამო, ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს...
- გასაგებია მათი გულისწყრომაც და მეც მათ შორის ვარ, ვინც დასავლეთს ორმაგ სტანდარტებს საყვედურობს: სწორედ დასავლეთის უტყვი თანხმობით თუ დუმილით წახალისებული იხურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არხი არხზე და გადაცემა გადაცემაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დღვანდელი ქმედებები გავამართლოთ. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება ტელეკომპანია „იმედის“ ბოლოდროინდელი პროცესები.
- უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ორ ორმეზე უნდა გავამახვილოთ ყურაღება: 1. „იმედის“ გარშემო მოვლენებმა აჩვენა: სამწუხაროა, რომ ქართულ ბიზნესს ნულოვანი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოლიდარობა აქვს და მისთვის მედია მხოლოდ ვაჭრობის და მანიპულირების იარაღია. ამიტომ, მის ხელში მედიის თავისუფლება იყო და კიდევ კარგა ხანს დარჩება ილუზიად. ამ პრობლემის დაძლევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკოსების მხრიდან მედიის კონტროლის დაუოკებელი სურვილი; 2. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მიღწვევა მედიისა და სიტყვის თავისუფლება იყო, რომელმაც ქართული საზომით კარგა ხანს - სამ წელს გაძლო. სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და 2016 წელს არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარება - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი წვლილი იქნებოდა ახალი საქართველოს ისტორიაში.
- რა იქნება ხვალ?
- ეს იყო ის, რის გამოც, მიუხედავად საგრძნობლად გაუარესებული ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ამომრჩეველი 2016 წლის არჩევნებში წავიდოდა და „ოცნებას“ ხმას მისცემდა. თუ ხელისუფლებამ მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო, რასაც უცილობლად მოჰყვება ადამიანის სხვა უფლებების, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვა: ხელისუფლების ბუნებაა ასეთი, ის უბრალოდ იძულებული გახდება მედიის თავისუფლების შეზღუდვით აღშფოთებული ხალხის პროტესტი ჩაახშოს და მერე ყველაფერი ისევ ძველ წრეზე წავა.
- და რა რჩება, მაშინ რითი განსხვავდება ის წინამორბედისგან - „ნაციონალური მოძრაობისგან“?!
- მე ძალიან მინდა, რომ ხელისუფლება ამაზე დაფიქრდეს - ჩემს სასიცოცხლო ინტერესშია, რომ მყავდეს ხელისუფლება, რომლის პირობებშიც თავისუფლად ვისუნთქებ, ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქალაქს დაშინებისა და ტერორის საფრთხე არ დაემუქრება. და ჩემნაირი უამრავია. ამიტომაც ვთხოვ ხელისუფლებას, სახე შეინარჩუნოს. რაც შეეხება ინტერნეტ-სივცრის „ექსპროპრიაციას“ - ამას ახდენს ყველა ვისაც ფული აქვს: ძველი თუ ახალი ხელისუფლება, რუსული პროპაგანდა. სოციალური ქსელებით ფეისბუკ-ზონდერების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება ახალი, ამორალური იარაღია, რომელსაც იყენებს და გამოიყენებს ყველა, ვისაც ფული აქვს. ცუდი ის არის, რომ ამ გზით ავტორიტეტების და მორალის კვდომა ხდება, თორემ ისე გასაკვირი არაფერია.
- ამ ფონზე ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლება მუდმივად თავს იწონებს, რომ მისი მმართველობის პირობებში მედიის თავისუფლება გარანტირებულია...
- რაც შეეხება ზოგადად მედიის თავისუფლებას: მაღალპროფესიულია ის თუ ნაკლებად; კვალიფიციურია თუ არაკვალიფიციური, სუბიექტურია თუ ობიექტური - ამისდა მიუხედავად, მედია დღეს ჩემი, საქართველოს რიგითი მოქალაქის - ლაგაზიძის, მამარდაშვილის, ბაქრაძის, სიდამონიძის, აჩბას, ცაბოლოვის, ალიევის თუ სტეპანიანის - თავისუფლების ერთადერთი რეალური გარანტიაა, ერთადერთი. ამიტომაც ვიცავ და დავიცავ მას, იმიტომ რომ ყველა ჩემი უჯრედით თუ ატომით ვგრძნობ და ვიცი - მედიის თავისუფლებასთან ერთად ჩემი თავისუფლებაც მთავრდება. ამიტომ, როცა ვიცავ მედიას, მე არ ვიცავ გრიგოლიას, გაბუნიას, სანაიას, მეტრეველს, ჯანგირაშვილს, ჩიხლაძეს თუ მძინარაშვილს. მე და კიდევ ბევრი ჩემნაირი ვიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებას, უფლებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთდ მოვიპოვეთ: ვიცხოვროთ ქვეყანაში შიშისა და ტერორის გარეშე.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა