რესპოდენტის შესახებ
ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შედეგად, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კონსტიტუციონალისტს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- მოგესალმებით, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილების - საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქშოუების დროებით შეჩერების შესახებ - რეალური მიზეზი?
- მაღალრეიტინგული გადაცემების დახურვაში კომერციულ აზრს ვერ ვხედავ. ასე რომ, სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. შემოდგომიდან ეკონომიკურად, სოციალურად და, შესაბამისად, პოლიტიკურად მეტად დაძაბული პერიოდი იწყება. ამიტომ, ცხადია ხელისუფლებას მწვავე თოქშოუები სავსებით შეიძლება აშინებდეს, მაგრამ შედეგთან ბრძოლა, მაშინ, როცა მიზეზს ვერ და არ უმკლავდები უაზრობაა და, ალბათ, საბოლოო ჯამში, უფრო დიდი საფრთხის მატარებელი.
- რის მიღწევას ცდილობენ ამ გადაწყვეტილების ავტორები?
- ლოგიკურად ერთადერთი პასუხი გამომდინარეობს - მაქსიმალურად შემცირდეს მედიასივრცეში მძიმე პრობლემებზე კრიტიკული საუბარი
- ხელისუფლება მედიის თავისუფლებას საკუთარ აქტივში იწერს და თავს იწონებს კიდეც. ქართულ მედიაში მიმდინარე მოვლენები რამდენად ჯდება მედიის თავისუფლების სტანდარტებში?
- არანაირად არ ჯდება. საშინლად არ მინდა ქვეყანაში მოვლენები რევოლუციური გზით განვითარდეს. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ, ვაფრთხილებ ხელისუფლებას: თუ დახურულ ჭურჭელში წნევის ზრდისას მას გასასვლელი არ მიეცი, ჭურჭელი აუცილებლად გასკდება.
- თქვენ ცდილობთ ფიზიკით აუხსნათ პოლიტიკოსებს მოვლენების შესაძლო განვითარება? მგონი, უმჯობესია, უფრო გასაგებად ურჩიოთ ხელისუფლებას რას გულისხმობთ...
- მედიასივრცეში თავისუფლებისა და კრიტიკული აზრის შეზღუდვა აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ამ დეფიციტის კომპენსირებას სხვა გზებით დაიწყებენ. დისკუსიები ინტენსიურად გადაინაცვლებს სოციალურ ქსელებში და, შემდგომ, ქუჩებში. ამ პროცესებში ჩართული მასები აუცილებლად დახვეწენ ასეთი ურთიერთობისა და ქმედების ფორმებს, უკეთესად ისწავლიან და დახვეწენ თვითორგანიზებას და აქედან მასობრივ საპროტესტო აქციებამდე ერთი ნაბიჯია. როცა განსხვავება სოციალურ ქსელებში გამოხატულ სურათსა და ტელეკრანებიდან გადმოცემულ რეალობას შორის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ადამიანები აუცილებლად გავლენ ქუჩაში. სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, ეგვიპტეში. იქ რევოლუცია არა ტელეგადაცემების შედეგად, არამედ სოციალურ ქსელებში გააქტიურების ფრომით მოხდა.
- რა საშუალებით უნდა აიცილოს ქვეყანამ თავიდან ქაოსი და შესაძლო რევოლუციური გზა?
ხელისუფლების მხრიდან ამ სიტუაციაში ყველაზე სწორი იქნება თავი არ აარიდოს პატიოსან დისკუსიას, მისცეს მაქსიმალური თავისუფლება მედიას და იყოს მზად იმისათვის, რომ პატიოსნად აღიაროს შეცდომები და, თუ ეს ხალხის ნება იქნება, დათმოს გამარჯვება სამართლიან არჩევნებში.
- რომელი ხელისუფლება მოქცეულა ასე, დღევანდელი რომ მოიქცეს?
- კარგად მესმის, რომ მას ძალიან უმძიმს ამის გაკეთება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაცილებით უფრო მძიმე სცენარს გაუკეთებს პროვოცირებას, რომელიც დიდ საფრთხეებს შეიცავს ჩვენი სახელმწიფოსათვის.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა