ENG / RUS       12+

დიქტატურას ფული გამოელია და დემოკრატიის იმიტირებას ახდენს - ლუკაშენკომ პუტინს ზურგი კიდევ ერთხელ აქცია

პირველად, ბოლო 21 წლის განმავლობაში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩაივლის. რუსულ ბაზარზე მიბმულმა ბელარუსულმა რუბლმა „უფროსი ძმის“ ბედი გაიზიარა, რასაც საექსპორტო პროდუქციის დაკონსერვება, ხელფასების შემცირება, 2-3 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა, სურსათის გაძვირება და დევალვაციის თანმდევი ის სირთულეები მოჰყვა, რომელსაც „ბატკას ბელარუსი“ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. რუსეთთან წარმატებული თანაცხოვრებით მოტანილი კეთილდღეობა, დოტაციაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურები, გეგმიური ეკონომიკა და კოლმეურნეობები როგორც ჩანს, წარსულს ბარდება. ისტორიას დარჩება ლუკაშენკოს ისტორიული ფრაზაც, „ბელარუსი ყოველთვის იქნება რუსეთის საიმედო, ნაცადი მოკავშირე და მხარდამჭერი“. სწორედ ეს ფრთიანი ფრაზა განსაზღვრავდა მინსკის პოლიტიკურ წონას საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით - პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილობას. სწორედ ასეთ „ნაცად და ერთგულ მოკავშირეს“ „აყრიდა“ რუსეთი წლების განმავლობაში „მადლიერების მილიარდებს,“ მაგრამ მილიარდები გამოილია.  სანავთობო ბაზარს მიბმული რუბლი ბოლო ერთი წელია, სულს ღაფავს. ლავირების უნარით განთქმული ბელარუსის ლიდერი კი, რომელიც ორი ათწლეულის მანძილზე რუსეთთან წარმატებულ თანაცხოვრებას და დასავლეთთან ფლირტაობას პარალელურ რეჟიმში ახერხებდა, დღეს დილემის წინაშე დგას.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მას შემდეგ, რაც თეირანს სანქციებს მოუხსნიან, ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა 10 დოლარამდე დაეცეს, რაც რუსეთსა და პუტინის ევრაზიულ კავშირს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენებს. რუბლის კურსის ხელოვნურ გამყარებაზე ორიენტირებულ რუსეთს მილიარდები ანექსირებული ყირიმის, ოკუპირებული დონბასის, სეპარატისტული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთისა და ფეთქებადსაშიში ჩეჩნეთისთვის აღარ ჰყოფნის, ბელარუსის ჯიუტი ლიდერისთვის კი, რომელსაც ანგარების გარეშე პუტინისთვის გაღიმებაც კი არ სურს, „მადლიერების მილიარდები“ აღარ აქვს.

მოსკოვის მრავალწლიანი მცდელობა, მინსკი მორჩილებაში მოეყვანა, ისედაც უშედეგოდ დასრულდა. საკონსტიტუციო აქტის შემუშავება, რომლის საფუძველზეც რუსეთი და ბელარუსი უნდა გაერთიანებულიყო, ლუკაშენკომ დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღო და ღიად განაცხადა, რომ „შესაძლოა მისი ქვეყანა არ არის რუსეთივით დიდი, მაგრამ მშვენიერი, ლამაზი და არცთუ პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ბელარუსი ჰქვია.“ ვერ განხორციელდა ერთიან ვალუტაზე გადასვლის გეგმაც. პუტინის ზეწოლით ლუკაშენკომ არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და არც ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია. მასზე ვერც გაზპრომთან ომმა, ვერც რძის ექსპორტის შეზღუდვამ და ვერც კრემლის სხვა სადამსჯელო ოპერაციებმა გაჭრა. ერთადერთი კომპრომისი, რომელიც ბელარუსის ლიდერმა მოსკოვთან დაუშვა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება იყო, თანაც იმ პირობით, რომ პუტინის „ახალ საბჭოთა კავშირში“ შესვლა მის ქვეყანას ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლუკაშენკოს მთავარმა კრიტიკოსმა, დასავლეთმა ბელარუსი 2009 წელს ყველასათვის მოულოდნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართო. სამიტზე ლუკაშენკო გერმანიის კანცლერის გაჯიუტების გამო არ მიუწვევიათ. მაშინ მერკელი ჯიუტად აცხადებდა, რომ გერმანია ბელარუსში არსებულ დიქტატურაზე თვალს არ დახუჭავდა, თუმცა სწორედ „დიქტატორული მინსკი“ გახდა 5 წლის შემდეგ ის ადგილი, სადაც მერკელი რუს, ფრანგ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. „მშვიდობის მტრედად  ქცეული დიქტატორი“ კი ჟურნალისტებს ხუმრობით უამბობდა იმის შესახებ, თუ როგორ დაულიეს უკრაინის კრიზისით დაღლილმა სტუმრებმა რამდენიმე ვედრო ყავა.

უკმაყოფილებას იმის გამო, რომ „რუსეთს ფული გამოელია,“ ლუკაშენკო უკვე საჯარო გამოსვლებშიც აღარ მალავს. ცოტა ხნის წინ მინსკის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობისას, რომელიც რუსული რაკეტებისთვის შასებს ამზადებს, მან კრემლისთვის ყურადსაღები კიდევ ერთი  ხმაურიანი განცხადება გააკეთა. „ჩვენ გვაშინებენ, რომ რუსეთი თვითონ გამოიგონებს თავის ორმოცფეხებს და რაკეტების ტრანსპორტირებას  მათი საშუალებით მოახდენს. თუ მათ დღეს ამის ტვინი და ფული აქვთ, რაც ნამდვილად არ აქვთ, გამოიგონონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ,“-განაცხადა ლუკაშენკომ. იმავე დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა სამამულო წარმოების რაკეტებისა და ჯავშანტექნიკის გამოშვების განკარგულება გასცა და ისიც აღნიშნა, რომ ბელარუსული „კაიმანები“ რუსულ “ტიგრებს“ არაფრით ჩამოუვარდება. ამასთან, ლუკაშენკომ რუსეთი მოკავშირული ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ რუსეთს ბელარუსის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება კაპიკებში სურს, თავად კი ბელარუსისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებაზეც უარს ამბობს, რაც არანაირ ნორმებში არ ჯდება.

მანამდე იყო ჟურნალისტებთან შეხვედრა და ხმაურიანი პრესკონფერენცია, სადაც ლუკაშენკომ ე.წ. „რუსული სამყაროს“ მცნებაზე ისაუბრა. „მე არ მესმის, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ამის შესახებ ვკითხე რუსეთის ელჩსაც და ვერც მან ამიხსნა, რას ნიშნავს რუსული სამყარო. მგონი არც არავის ესმის, თუ რა ფენომენზეა საუბარი. თუ არსებობს რუსული სამყარო, მაშინ არსებობს უკრაინული, ბელარუსული სამყაროებიც და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება რუსეთს, ის ჩვენი უფროსი ძმაა და ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ რუსეთი უნდა იქცეოდეს უფროსი ძმასავით და გაჭირვებისას უმცროს ძმას მხარში უნდა ედგეს. და რაც მთავარია, ჩვენ შესაძლოა ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ სხვადასხვა ბინებში,“-განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

უფროსი ძმის „ხელმომჭირნეობით“ გაღიზიანებულმა ლუკაშენკომ ესეც არ იკმარა და მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაც შეახსენა. „თქვენ არ იცით, რა მოხდა უკრაინაში,“- განუცხადა მან რუს ჟურნალისტებს, -„მე კი ყველაფერი თქვენზე უკეთ ვიცი. შეიძლება ხვალ ვიღაცამ ბელარუსისთვის პოლესიის წართმევა მოინდომოს. წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ჩემი და ბელარუსი ხალხის რეაქცია? თითოეული გოჯი მიწისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

 

დასავლეთის გულის მოგებას ბელარუსის ლიდერი „უფროსი ძმის“ კრიტიკით ცდილობს. სხვა გზა ლუკაშენკოს არც დარჩენია. რუსეთის გაღატაკების საფრთხემ ლუკაშენკო იმდენად შეაშფოთა რომ კარსმომდგარი არჩევნების წინ ევროპას ღრმა და მოულოდნელი რევერანსი გაუკეთა. მისი განკარგულებით გასულ კვირას ცნობილი პოლიტპატიმრები, მათ შორის, 2010 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი გაათავისუფლეს. ლუკაშენკომ პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლებით დასავლეთს ნათელი მესიჯი მისცა. მას მომავალი არჩევნების ლეგიტიმაცია სურს. დღემდე შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზებას ის სწორედ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო ვერ ახერხებდა. დასავლეთს მინსკთან კიდევ რამდენიმე საკითხი დარჩა გასარკვევი, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის, პრესის თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, მაგრამ ეს ის თემებია, რომლებიც დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში შეიძლება იქნას განხილული. მით უმეტეს, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მოუწონეს.

წინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც ლუკაშენკოს ჯერ არ წაუგია. 2001, 2006, 2010 წლის არჩევნები მან კარგად გამოცდილი და დახვეწილი ტექნოლოგიით ჩაატარა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ის მოსკოვის, პეკინისა და სხვა მოკავშირეებისგან იაფ კრედიტებს იღებდა, რისი წყალობითაც წინასაარჩევნოდ ხელფასებსა და პენსიებს ზრდიდა. ბელარუსში წინასაარჩევნოდ რუსეთიდან იაფი საწვავი და გაზიც შეედინებოდა. ხალხის კეთილდღეობით ამაყი ლუკაშენკოს წინასაარჩევნო კამპანიას კი უცვლელი ლოზუნგი „ძლიერი და აყვავებული ბელარუსისთვის“ ამშვენებდა, რომელიც პირველად 2 ათწლეულის განმავლობაში ღრმა ეკონომიკური კრიზისი ფონზე ახალმა ლოზუნგმა შეცვალა: „დამოუკიდებელი ბელარუსის მომავლისთვის.“ ლუკაშენკო მომავალ საარჩევნო კამპანიას სწორედ რუსეთისგან დამოუკიდებლობის იდეაზე აწყობს და დასავლეთისგან კარს მომდგარი არჩევნების ლეგიტიმაციის მოლოდინშია. მისთვის ასე ძნელად გასაღები მსხვერპლი ბელარუსის ლიდერმა სწორედ ამიტომ გაიღო და ციხიდან თავისი დაუძინებელი მტერი გამოუშვა, რომელსაც ოპოზიციის აქტივისტები საპატიმროსთან ოვაციებით დახვდნენ. ლუკაშენკოს მიერ შეწყალებულმა სტატკევიჩმა კი იქვე განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ლუკაშენკოს პროდასავლურ რევერანსებს, მინსკის პოლიტიკური კურსის ცვლილებას ყოფილმა პოლიტპატიმარმა ასეთი შეფასება მისცა: „დიქტატურას ფული გამოელია და დემოკრატიის იმიტირებას ახდენს.“

„ჯი-ეიჩ-ენი“, მომზადებულია ბელორუსისა და რუსული მედიის პუბლიკაციების მიხედვით

ავტორი: . .