,,არავინ არ გიყვარდეს – ეს უდიდესი უნარია, რომელიც დაუმარცხებელს გხდის, რადგან, თუ არავინ გიყვარს, შენ მოკლებული ხარ ყველაზე საშინელ ტკვივილს“ (ადოლფ ჰიტლერი)
2009 წლის 23 აგვისტოდან ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ამ აქტით ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ, ისევე როგორც ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ფაშიზმისა და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გაათანაბრა.
პირველი კითხვა, რომელიც ,,დიდი ბელადის“ ხსენებაზე ადამიანს გიჩნდება ასეთია: რატომ გახდა იოსებ სტალინი მასებისთვის ესოდენ ,,საყვარელი“ ბელადი?
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე ბავშვობა-ჭაბუკობის შედეგად განვითარებულმა სულიერმა სიმახინჯემ, ხელი შეუწყო ,,დიდი ბელადის“ პიროვნებაში, აშკარა პარანოისა და არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას. დიდმა გასაჭირმა კი კობა, ვირთხის გენიალურობითა და ეშმაკობით, გადარჩენისთვის მაღალი ბრძოლისუნარიანობით, ყურმოკრული ცოდნის უცებ ათვისების უნარითა და მომენტის სასწაული შეგრძნებით დააჯილდოვა.
სოსოს, დიდი განათლების გარეშეც, ინტუიცია ზუსტად კარნახობდა, თუ რა ნაციონალურ-სარწმუნოებრივი სენტიმენტებითა და ემოციებით ეთამაშა მასების ყველაზე მდაბიო და ბნელ ინსტინქტებზე. სტალინის იდეოლოგიის ,,სამი ვეშაპიც“ შესაბამისია: რუსული იმპერიული ნაციონალ-შოვინიზმი; მოქალაქეთა შორის დასმენების წახალისება და ამ გზით, მასობრივი შურისა თუ ბოღმის გაღვივება; გარეშე მტრის ხატი – ანტიდასავლურობა, ძირითადად, ანტიამერიკანიზმი.
იმავდროულად, მეტად დაბალი კულტურის ,,ულვაშასთვის“, რომელიც მოკლებული იყო რაიმე მორალური ნორმებითა თუ ზნეობრივი ჩარჩოებით შეზღუდვებს, მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი იყო – ,,შედეგი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას“... და ის ნებისმიერ ფასად აღწევდა კიდეც მიზანს. ცნობილია, რომ მოძალადის ამგვარი უკანმოუხედავი სისასტიკე და სიმტკიცე მეტად ფასობს მდაბიოთა შორის.
შედეგად, დაბალი განათლების მასებმა ბელადთან გაიგივება (იდენტურობის გამონახვა) ადვილად შეძლეს – საბჭოელებმა მასში მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე მამა (,,პახანი“) და ,,მესამე რომის“ სულიერი ლიდერი დაინახეს. ვგონებ, პარალელები დღევანდელ ხელისუფალთან და მის მართვის სტილთან, საკმარისზე მეტია...
სურათის სისრულისთვის, აქვე დავამატებ, რომ შიზოიდური პიროვნებისთვის დამახასიათებელია განდიდების მანია – თვითშეგნებისა თუ ყოფაქცევის აშლილობა, რომელსაც ახასიათებს პიროვნების მიერ საკუთარი მნიშვნელოვნობის, პოპულარობის, სიმდიდრის, ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის უკიდურესად გადაჭარბებული შეფასება. შიზოიდი არის გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი, გაურბის თავყრილობებსა და საერთოდ საზოგადოებას, ჩაკეტილია საკუთარ თავში, უყვარს განმარტოება. შიზოიდურ ფსიქოპათებს მეგობრები არა ჰყავთ და მარტოსულნი არიან...
ყველა ტოტალიტარული (ავტორიტარული) რეჟიმი დაფუძნებულია ,,შიშსა და კოლექტიურ თანხმობაზე“ (კარლ ფრიდრიხი, ზბიგნევ ბზეჟინსკი), იგივე ტერორსა და კოლექტიურ ტყუილზე. სიცრუისა და თავხედობის ნიაღვარს, ამჟამადაც ყველა კარგად ვხედავთ, მაშ, რატომ არ შეიქნა დღეს საჭირო მეტნაკლებად მასობრივი ტერორი?
დღევანდელმა ბელადმა ,,მამა-მზემ” ხალხის მეტად დიდი უმრავლესობის ხარჯზე გაიმარჯვა, რადგან: 1. მასებმა მასთან ადვილად მოახერხეს თვითიდენტიფიცირება – ჩვენს წარუმატებელ საზოგადოებაში რიგითმა მოქალაქემ ადვილად დაიჯერა მითი: ,,ის ზუსტად ჩემნაირია!“, ,,მეც შემიძლია ასეთ წარმატებას მივაღწიო!“, ,,ბატონობას (პრეზიდენტობას, პრემიერ-მინისტრობას, სახელმწიფოს მართვას) სულაც არ სჭირდება ამერიკასა თუ ევროპაში განათლების მიღება და ბევრი შრომა, საკმარისია გლეხური ეშმაკობა, ქვეშქვეშობა“; 2. ზღაპრული დაპირებებითა და ,,ელიტის“ (მასებში ,,კინტოს“ მთავარი პროპაგანდისტის) მოსყიდვით, ,,მამა-მზემ“ ხალხში დიდი, უშრომელი ფულის მოლოდნი გააჩინა და მასებმაც ,,ცისფერი ოცნებების“ სატყუარა ადვილად გადაყლაპეს...
გასაგებია, რომ არც სააკაშვილის დროს იყო საზოგადოება სხვაგვარი, მაგრამ მოდად, მეინსტრიმად, არასამარცხვინოდ, მდაბიოობა, სიბნელე, უტიფრობა და უვიცობა, სწორედ ,,კინტომ“ აქცია. ასე ცხოვრება ,,პრიმატებისთვის“ ადვილია და ხელსაყრელი – მათ ხომ არ გააჩნიათ არც მორალი და არც განათლება, ამიტომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოდგება, იგივე პრინციპი – ,,შედეგი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას“.
რეალობა სავალალოა! დაშინებული ყმების საზოგადოებაში, დიდი უმრავლესობის ხარჯზე, აშკარა ძალადობისა და მასობრივი ტერორის გარეშეც, ადვილად განხორციელებადია, ამ გაბატონებული უმრავლესობით უმცირესობაზე მორალური დიქტატი და ცალკეული ინდივიდების დაშინება-გაკონტროლება. საზოგადოებისთვის თუ გარეშე დამკვირვებლებისთვის შეუმჩნეველი რჩება, მარგინალიზირებული, იზოლაციაში მოქცეული პოლიტიკური ლიდერების რეპრესიები (ე.წ. ,,მიჯირყვნები“) და აქედან გამომდინარე, იოლად იქმნება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ,,სამართლიანი სასამართლოს“ ილუზიაც.
P.S.
,,ფეისბუქი“ – დოლარის კურსზე დღევანდელი ხელისუფლების მომხრის კომენტარი:
,,ვერ გაიგეთ, რომ დოლარის კურსს საქართველოს არავინ ეკითხება?
3- ზეც რომ ავიდეს და თუნდაც 4-ზე რას უზამ?
რეალურად დოლარის გაჩერების ორი გზა არსებობს:
ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება ან ამერიკისთვის ომის დაწყება.
რომელი შეგვიძლია?“
ხანგრძლივი ძალადობრივი წნეხის შედეგად, კოლექტიური საზოგადოების წევრებს მოვლენების რეალურად აღქმა და მათ არსში წვდომა, იგივე კრიტიკული აზროვნება მეტად უჭირთ. სამყაროს შეულამაზებელი სურათისა და საკუთარი თავის სარკეში დანახვა, ადამიანისთვის მეტად მტკივნეული და მწარედ აღსაქმელია. ქურუმი კი ჰქმნის სამყაროს სურათს, რომელიც მასისთვის საამოა და აგებულია ადამიანთა შიშის დაძლევასა (მაგ. სიკვდილი – სამოთხე) და სურვილების (ოცნებების) აღსრულებაზე.
კოლექტივს უამრავი უპირატესობა აქვს! ერთი მხრივ, კოლექტივში მისი ცალკეული წევრი, ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი – საკუთარ ჯოგში, ხოლო მეორე მხრივ, კოლექივი მონებისთვის ინდივიდებზე დიქტატის მძლავრ საშუალებას წარმოადგენს. აი, ეს მოტივები აიძულებს ადამიანებს გაერთიანდნენ ერთი შაბლონური იდეოლოგიით გაერთიანებულ, ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია ყოველი წევრის კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა.
ყველაზე დიდი სიბრმავე და სიბნელე სწორედ მაშინ დგება, როდესაც ადამიანებს სიმართლის მიღება არ უნდათ და რეალობას არ სურს თვალი გაუსწორონ – მათ სარკეში ჩახედვის ეშინიათ და ამიტომ, მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავენ – სარკე უნდა დაიმსხვრეს. ასეთია გაბატონებული, აგრესიული უმრავლესობის ბუნება...
“ჯი-ეიჩ-ენი“, ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, აგვისტო