ENG / RUS       12+

დემოკრატიული სირიზა

საოცრებები ხდება დემოკრატიის სამშობლოში. საბერძნეთისადმი დიდი პატივისცემა რომ არა, სიცილიც კი მოგეძალებოდა ადამიანს, მაგრამ ეს ხომ საბერძნეთია: ჰომეროსის, სოკრატეს, სპარტასა და თერმოპილეს ქვეყანა.

თუმცა, დემოკრატიას რა შეეხება, როცა დღევანდელ მოვლენებს ვადევნებთ თვალს, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ათენის და სხვა ბერძნული პოლისების დემოკრატია ისევე განსხვავდება თანამედროვე დემოკრატიული სისტემისაგან, როგორც კრიალოსანი - კომპიუტერისგან.  ამიტომაც აღმოჩნდა ალბათ ეს ლეგენდარული ქვეყანა, რომელმაც ევროპას სახელი აჩუქა, დღევანდელ ტრაგი-კომიკურ ვითარებაში.

გასულ კვირას, მმართველი კოალიცია „სირიზას“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, რომელიც სულ ახლახანს აირჩიეს, თანამდებობიდან გადადგა, რითაც ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. კონსტიტუციით, ეს არჩევნები ერთ თვეში უნდა გაიმართოს.

თავდაპირველად, რა არის „სირიზა?“  იგი გახლავთ ტროცკისტების, ანარქისტების, პორნოვარსკვლავების, იქაური „პარტიზანი მებაღეებისა“ და სოციოპათების გაერთიანება, რომელმაც ანტიევროპულ (შინაარსობრივად ანტიგერმანულ) ტალღაზე გაიმარჯვა არჩევნებში, რითაც ალექსის ციპრასმა მოიპოვა დემოსის მანდატი, - არ გადაეხადა ვალები და, საერთოდ, თუ აუცილებლად ჩათვლიდა, გამოსულიყო არათუ ევროზონიდან, არამედ ევროკავშირიდანაც კი: „თუ გეყოფათ სინდისი (უსინდისობა), პლატონის სამშობლო გარიყოთ ევროპიდან . . .“

თუმცა, პლატონისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერებმა, უპირველესად ანგელა მერკელმა, ამჯერად შეუვალი პოზიცია დაიკავეს, არანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ და ციპრასს ულტიმატუმი წაუყენეს: თუ არ გინდა ევროზონაში ყოფნა, კისერიც გიტეხიათ ბერძნებს, მაგრამ ვალებს მაინც გადაიხდითო.

ციპრასმა ჩაატარა რეფერენდუმი ევროულტიმატუმის თაობაზე.  თვითონაც  წინააღმდეგი იყო ამ ულტიმატუმის მიღებისა, მოიგო რეფერენდუმი, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის შემდეგ იმოქმედა ზუსტად საპირისპიროდ, ანუ მიიღო ყველა ის პირობა, რასაც ბრიუსელი  (ბერლინი) უყენებდა.

ამის მიუხედავად, ბერძნები არ აჯანყდნენ, მატყუარა ხელისუფლება არ დაამხეს, ციპრასმა ყველა დოკუმენტს ხელი მოაწერა და მხოლოდ ამის შემდეგ  გადადგა!

ამაზე მეტი აბსურდი თითქოს წარმოუდგენელია! თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ გადადგომის შემდეგ ციპრასს კიდევ უფრო მეტი შანსი აქვს, მოიგოს მომავალი არჩევნები (არ უთქვამს, მათში მონაწილეობას არ მივიღებთო), ამით გაწმინდოს კოალიცია იმ ყოფილი თანამებრძოლებისგან, ვინც მის „კულბიტს“ არ დაეთანხმა, კვლავ გახდეს პრემიერ-მინისტრი ანტიევროპული ლოზუნგებით, მაგრამ რეალურად, იმოქმედოს იმ ულტიმატუმის შესაბამისად, რასაც ევროკავშირი უყენებს.

საოცრად ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, რას წარმოადგენს ე.წ. „უშუალო დემოკრატია“ და რამდენად აცდენილია იგი თანამედროვე მსოფლიო  წესრიგს. არადა,  ყველა კმაყოფილია და „აგორა რჩება მხიარული“.

 ისე, ძველ საბერნეთში გარდა ტერმინისა „დემოს“, არსებობდა კიდევ „ოლხოს“, ანუ ბრბო. ბრბო კი „ვერ ტვინავს“ როგორ გადააგდეს. ამიტომ, არავის გაუკვირდეს, თუ ისევ ციპრასს მისცემს ხმას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თანამედროვე ბერძნული ტრაგი-კომედია კიდევ ორი მომენტითაა ჩვენთვის საგულისხმო. პირველ რიგში, ამ ისტორიამ დაადასტურა, რომ გერმანია თანდათან თავისუფლდება ისტორიული კომპლექსებისგან: რამდენი არ ეძახეს ანგელა მერკელს ფაშისტი, რა „ჰიტლერული კარიკატურები“ არ ათრიეს ქუჩებში, რამდენჯერ არ შეახსენეს „ნაცისტური ოკუპაცია“ და ოსვენციმი, ვეღარაფერმა გაჭრა: ბერლინმა  ურყევი პოზიცია დაიკავა, დათმობაზე არ წავიდა და იმოქმედა ზუსტად ისევე შეურიგებლად, როგორც იმოქმედებდა „მესამე რაიხის“ ფანატიკოსი ლიდერი, როცა საქმე საერთოევროპულ „ახალ წესრიგს“ ეხებოდა.

იმ ვითარებაში, როდესაც დიდი ბრიტანეთიც კი ფიქრობს ევროკავშირიდან გასვლას, გერმანიის წარსულის კომპლექსებისა და დანაშაულის სინდრომისაგან გათავისუფლება „ევროპული პროექტის“ გადარჩენის ერთადერთი შანსია. და რატომღაც გული მიგრძნობს, რომ შორს აღარ არის დრო, როდესაც იგივე გერმანია ბევრად უფრო რადიკალურ პოზიციას დაიკავებს  პოსტსაბჭოურ სივრცეზე იმავე პუტინის იმპერიულ გეგმებთან დაკავშირებით, ანუ მოსკოვი ბერლინს ვეღარ „დაამუნათებს“  წყეული წარსულით, როგორც დღემდე ახერხებდა.

მეორე: ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საბერძნეთის გასვლისა ევროზონიდან, რაკი ვაშინგტონში სერიოზულად შიშობდნენ, რომ ათენის  ევროზონიდან გასვლას შესაძლოა ევროკავშირიდან და ნატო-დან გასვლაც მოჰყოლოდა. სწორედ ამას ელოდა პუტინი, რათა ევროპის „მზის წნულში“, ეგეოსისა და ადრიატულ ზღვებში საკუთარი ფლოტი განელაგებინა.

ეს იმდენად სერიოზული რისკი იყო (კრემლის ამჟამინდელი ბინადარი ყველაფერზე წამსვლელია), რომ, როგორც ჩანს ციპრასს უთხრეს, მაგ შენი ტროცკისტ-პორნოვარსკვლავებიან-მწავნე-ცისფერებიანად ამოგწყვიტავთო!

გაჭრა, რაკი მეფე ლეონიდასი ნამდვილად არ არის.

ჩვენთვის კი საგულისხმო ისაა, რომ ევროატლანტიკურმა გაერთიანებამ, როგორც იქნა, ეგზისტენციური საფრთხე იგრძნო და უფრო მეტი პასუხისმგებლობით იმოქმედებს. მათ შორის, იმედია, ჩვენს რეგიონშიც.

„ჯი-ეიჩ-ენი“, დავით ავალიშვილი

 
ავტორი: . .