ENG / RUS       12+

ნიკოლოზ ვაშაკიძე: მოსკოვი გაიტანს თავისას, აფხაზეთში უძრავი ქონების უკანონო გასხვისება მასშტაბურად ჩატარდება

რესპოდენტის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის პროცესის დაკანონების ინიციატივით გამოდის. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია ხაჯიმბას ინიციატივასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კონსტიტუციონალისტს ნიკოლოს ვაშაკიძეს ესაუბრა.

 

-        რაულ ხაჯიმბას ვერც ერთმა წინამორბედმა, ვერ გაბედა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საუბარია ძირითადად რუსებზე, უძრავი ქონების გაყიდვის პროცესის დაკანონება. რატომ დგამს ამ ნაბიჯს ხაჯიმბა?

-        ის პროცესი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ არასწორია დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პრობლემის „აფხაზ ძმებთან“ დიალოგის გზით გადაჭრის თაობაზე. საქმე რეალუარდ გვაქვს რუსეთის ოკუპაციასთან და მის პოლიტიკასთან. ხაჯიმბამდე ოკუპირებული ტერიტორიის „დირექტორებად“ სხვა ადამიანები მუშაობდენ, რომლებიც, ასევე, იყვნენ საქართველოს დაუძინებელი მტრები და რუსეთის ლაქიები, მაგრამ მათ ხაჯიმბასთან შედარებით, მართალია, უტოპიური, მაგრამ მაინც განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდათ. კერძოდ, ისინი ცდილობდენ რამენაირად შეენარჩუნებინათ ილუზორული დამოუკიდებლობა და ბოლომდე არ დაეთმოთ მოსკოვისთვის პრინციპული პოლიტიკური პოზიციები. ცხადია, აქ ერთერთ უმთავრეს საკითხს უძრავი ქონების გასხვისების საკითხი წარმოადგენდა, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აფხაზური ეთნოსის ასიმილაციის საფრთხესთან და ოკუპირებული რეგიონის რუსეთის მიერ შთანთქმასთან. ბუნებრივია, ეს პოლიტიკა უტოპიური იყო და ადრე თუ გვიან მარცხით დამთავრდებოდა, რადგან რა უნდა გააწყონ აფხაზებმა ერთი ერთზე უზარმაზარ მტაცებლურ იმპერიასთან?

-        აფხაზეთის მოსახლეობაში ამ საკითხისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია, შეძლებენ კი ხაჯიმბას ოპონენტები აიძულოს ის, უკან წაიღოს თავის ინიციატივა?

-        ხაჯიმბა, მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, საკადრო ჩეკისტი და პუტინის პირადი კაცია. პუტინი დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ცდილობდა მისი „დირექტორად დანიშვნას“, მაგრამ არ გამოსდიოდა. ხაჯიმბამ სამჯერ მიიღო ე.წ. „აფხაზეთის საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობა, როგორც პუტინის პირად წარმომადგენელმა და სამივეჯერ დამარცხდა. ბოლოს, პუტინმა ის პრაკტიკულად ძალადობრივი გზით მოიყვანა ამ პოზიციაზე. ახლა ეს, აწ უკვე, 100 პროცენტიანი მარიონეტი, შეუდგა იმ დავალების შესრულებას, რისთვისაც მოიყვანეს. რა გამოვა აქედან? რა თქმა უნდა, აფხაზები იხმაურებენ, წინააღმდეგობასაც გაუწევენ, მაგრამ, ძალა აღმართს ხნავს. ბოლობოლო, მოსკოვი გაიტანს თავისას, უძრავი ქონების უკანონო გასხვისება მასშტაბურად ჩატარდება და დაიწყება მეტად არასასიამოვნო დემოგრაფიული ძვრები.

-        ამ დრომდე არ ჩანს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. დავიჯერო, თუნდაც რეაგირებისთვის, განზადებული ტექსტები  არ არსებობს, თუ რას ფიქრობენ ამდენს?

-        საქართველოს ხელისუფლების პასიურობა იმით არის განპირობებული, რომ ე.წ. „ახალი პოლიტიკა“ კონფლიქტების საკითხში და რუსეთთან ურთიერთობებში მათ ამის საშუალებას არ აძლევს. დიდი აზრი არ აქვს ხაჯიმბას ლანძღვას, ის მაინც უკანონო ხელისუფლებაა და არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს საერთაშორისო არენაზე. ძირითადი დარტყმა სწორედ რუსეთზეა მისატანი, რომელიც არის ოფიციალური აგრესორი და ოკუპანტი და ღიად და ოფიციალურად უწევს მფარველობას სეპარატისტულ რეჟიმს, შესაბამისი „ხელშეკრულებებიც“ გააფორმა მასთან და მასთან ერთად ჩაატარა ამ ტერიტორიის მასობრივი ეთნიკური წმენდა.

-        რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს კანონმდებლობა, კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას?

-        საუბარია კონკრეტული ადამიანების ქონებაზე, როლებიც რუსეთმა გამოაძევა საკუთარი სახლებიდან  და ახლა მათი საკუთრების მითვისებას იწყებს. როგორც იმ ე.წ. აფხაზეთის „ხელისუფლების“ პატრონს, რომელსაც მოსკოვი ღიად და ოფიციალურად უწევს მფარველობას, მის წინააღმდეგ ამ საკუთრების მფლობელი დევნილი მოსახლეობის სახელით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიმაღლოს ხმა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში და შეიტანოს სარჩელი შესაბამის საერთაშორისო სასამართლოებში. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ის იდიოტური პროცესი უფრო ღირებულია, რომელსაც ის დიპლომატ-მემწვანილე აბაშიძის მეშვეობით აწარმოებს კარასინთნ.

-        რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას და მოსახლეობის უმეტესობას აფხაზეთი დაავიწყდა. ეს იმ პირობებში, როდესაც "გვახსოვდეს აფხაზეთი" დღის წესრიგოს მუდმივი საკითხი უნდა იყოს. ანუ ჩვენ, საზოგადოებამ რა უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ გვახსოვდეს და ისიც ჩუმად?

-        მინდა გადაჭრით გითხრათ, რომ აფხაზეთი არავის დავიწყებია! მე პირადად მახსოვს, მახსოვს ყოველ დღე და ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემს ძალებშია, რომ ეს პრობლემა საქართველოსათვის სასიკეთოდ გადაწყდეს. ასე ფიქრობენ ჩემი მეგობრებიც და თანამებრძოლებიც. ქართული გვარების მატარებელი მოღალატეების აზრი არ მაინტერესებს. მე ვიცი, რომ ნამდვილი ჩვენი თანამოქალაქეები პატრიოტები არიან და აფხაზეთს არ დაივიწყებენ. მათ, უბრალოდ, ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება სჭირდებათ, რომ თავიანთი ძალისხმევის მიმართვა შეძლონ ამ საკითხის სასიკეთოდ გადასჭრელად. აი, ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ - ავირჩიოთ ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებზე!

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .