ENG / RUS       12+

და მაინც არ დააყენეს საფლავში!

სამარცხვინო სასამართლო პროცესი ზურაბ ჟვანიას საქმეზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შესაბამისად სამარცხვინო და ცოტა არ იყოს ტრაგიკომიკური შედეგით დასრულდა.  არაფერი სენსაციური, კაცმა რომ თქვას, არ თქმულა. ანუ ის, რაც არავინ იცოდა და ვერც წარმოიდგენდა. ერთადერთი გამონაკლისი  დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის განცხადება გახდა: „მეც შემომთავაზაო“. თუმცა, უმალვე დაამატა პაუზის გარეშე: „მაგრამ მე, რა თქმა უნდა, აღვშფოთდი  და უარი ვუთხარიო“.

ეს რომ არ დაემატებინა, მისი ციხე(ზე) ყოფნა, ცოტა არ იყოს პრობლემური იქნებოდა. მით უმეტეს, რომ როგორც სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა (ოღონდ არა ოპოზიციონერობისას, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) „ყველა პატიმარს ცალ-ცალკე ციხეს ვერ ავუშენებთო“.

ანუ, მთავარი ის კი არ არის, ვინ „ხვდებოდა იმას“ და ვინ არა, ვის სჯეროდა ის რომ . .  და ვის არა, არამედ თემის ლეგიტიმაცია, მისი „ლეგალიზება“.  

„დაცვის ბიჭების“ სასამართლო პროცესმა დაარღვია ტაბუ ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ, რომელიც 2005 წელსვე ჩამოყალიბდა. მაშინ საქართველო დაემსგავსა ანდერსენის ზღაპარში აღწერილ სოფელს, რომლის მაცხოვრებელნი ღიად არ ამხელენ იმას, რასაც თვალნათლივ ხედავენ, სანამ ერთი პატარა ბიჭი არ შესძახებს: „მეფე შიშველია!“.

არადა, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვები ხომ იმ დილითვე არსებობდა? მაგალითად ასეთი: რა საქმე უნდა ჰქონოდა 43 წლის პრემიერ მინისტრს ღამის სამ საათზე კონსპირაციულ ბინაში 22 წლის აზერბაიჯანელ ახალგარზდასთან?

უცნაურია, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც ეს კითხვა ჰქონდათ და, იმავდროულად, მკვლელობის ვერსიისა არ სჯეროდათ, კობა ხარშილაძეს, მისი „ქამინგ აუთის“ შემდეგ, წყევლა კრულვით ავსებენ:  „რატომ თქვა და მიცვალებულის სახელი რატომ შებღალაო“.  არადა,  თუ არც მკვლელობის არ გჯერათ და არც კობა ხარშილაძის ნაამბობის, მაშინ,   ეს „კითხვები?“

რაც მთავარია: ხომ სდუმდნენ „დაცვის ბიჭები“ 10 წელი, მაგრამ აგიოგრაფიულ თხზულებათა გმირები ნამდვილად არ არიან, - მკვლელობა ეკისრათ, ოღონდ კი „ის“ არ ეთქვათ!

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ამ თემაზე ჩვენს წრეში 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ ვლაპარაკობდითო“ - აღმოხდა ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთ მეგობარს. მიაქციეთ ყურადღება: ერთმანეთშიც კი არ ლაპარაკობდნენ და ამაში, უდავოდ, ის ტაბუ ეხმარებოდათ, რომელიც თემაზე საჯაროდ მსჯელობას დაედო. ხარშილაძე-ძაძამიას სასამართლომ კი (ვიმეორებ) ტაბუ დარღვია. თან იმდენად მძლავრად დაარღვია, რომ უკვე ჩვეულებრივ საქმედ  ითვლება სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში  ჟვანიას პირად ცხოვრებაზე  ღიად მსჯელობა.

ბუნებრივად ისმის კითხვა: ნუთუ იმათ, ვინც დაჟინებით მოითხოვდა არარსებული „მკვლელობის“ გამოძიებას, „რამეს გაკეთებას“  და ამით ხელისუფლებასაც აიძულებდა, თუნდაც რაიმე ეღონა (სამედიცინო ექსპერტ ჩაჩუას თითიდან გამოწოვილი მოტივით დაპატიმრების ჩათვლით) ეს უნდოდა და ეს მიზანი ჰქონდათ -  ისტორიულად დაფიქსირებულიყო „ის“, რაც სასამართლოზე ითქვა და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრთა  სრული დუმილი მოჰყვა ნაცვლად საყოველთაო აღშფოთებისა?

მიაქციეთ ყურადღება რა „მრავალხმიანად“ სდუმან!

ამ დუმილის მიზეზი გასაგებია: საქმე ისე წარიმართა, რომ თუკი კობა ხარშილაძემ ტყუილი თქვა, მაშინ გამოდის (ზემოთხსენებული „კითხვების“ დისკურსში) საბურთალოს ქუჩაზე ან უსუპოვის, ან ჟვანიას ცხედარი მიუტანიათ, ესე იგი მკვლელობა ყოფილა!

ესე იგი, ხარშილაძის „ქამინგ აუთმა“ მკაფიო ზღვარი დაუდო ყოველგვარ „კუდის ქიცინსა“ და „ადგილის თამაშს“: ან მკვლელობა იყო, ან არა და „ის“ მართალი ყოფილა. ზურაბ ჟვანიას უახლოესი წრის აბსულუტური უმრავლესობის მრავლისმეტყველი დუმილი კი სწორედ ამ  არჩევანის გამოხატულება და მკაფიო პასუხია.

რა მოიგეს იმათ, ვინც დაჟინებით ითხოვდა „დაცვის ბიჭების“ გასამართლებას? სინამდვილეში ითხოვდა იმიტომ, რომ უჩუმრად ბრალს სდებდა: „გაზის გამათბობელი და მისი მონტაჟის სისწორე რატომ არ შეამოწმეს როცა ბინა იქირავესო“. მაგრამ ამას ღიად ხომ არ იტყოდნენ? მაშინ გამოვიდოდა, რომ ჟვანია მართლა გაზის  ნამწვით გაგუდულა!

საბოლოოდ კი, კობა ხარშილაძემ თქვა, რაც თქვა, ამით ახსნა ყველა უცნაურობა, რაც  „გამომძიებელ ჟურნალისტთა ლეგიონს“ თვალში ეჩხირებოდა 2005 წლის თებერვლიდან, ანუ პასუხი გასცა უცნაურობებს, თუ „სად დაიკარგა რაულის ფეხსაცმელი“, „რატომ აღმოჩნდა ნარდი ოთახში“ და ასე შემდეგ.

რბილი ვერდიქტის სახით კი, ნაფიცმა მსაჯულებმა ხარშილაძეს სულ რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს (რეალურად, დეკემბერშივე გამოვა გარეთ) ხოლო მეორე მცველი - ძაძამია - დარბაზიდან გაათავისუფლეს! ხოლო ის, რაც თქვეს და რასაც მოყვნენ, უკვე ისტორიის საკუთრებაა და ვეღარავინ ამოშლის ისტორიიან. ისევე, როგორც თვით ზურაბ ჟვანიას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ამით? ვინ რა მოიგო ან  ვინ დაისაჯა  საცოდავი მიცვალებულისა და მისი საბრალო შვილების  გარდა?

გაჩუმებულიყავით არ გერჩივნათ?

 მკვლელობის საქმე გაიხსნა? კი იძახიან ახლა უტიფრად „ძირითად საქმეზე წინსვლა იქნებაო“, მაგრამ ამასაც ვნახავთ რა „წინსვლაც“ იქნება: სინამდილეში, არავითარი „მკვლელობის საქმე“ პროკურატურაში არ არის. არც კი აღძრულა საქმე ამ მუხლით (!!!), რადგან არანაირი მკვლელობა არ ყოფილა და ვერც ვერანაირი „წინსვლა“ ვერ იქნება არარსებულ საქმეზე.

თუმცა უაზრო ყბედობა და„ბორიაყი“ უსასრულოდ გაგრძელდება, რადგან იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვისაც კობა ხარშილაძის განცხადებისა სჯერა, ამის მიხედავად, ფანატიკურად სწამს, რომ ეს მკვლელობა იყო: „იმას“  ვინღა უარყოფს რომ . . . , მაგრამ ეს რა შუაშია ან რას ცვლის - მაინც მკვლელობა იყოო“.

ფანატიზმისა და შიზოფრენიის ფორმაა!  „ჟვანიას მკვლელობა“ იქცა ერთგვარ „რწმენის სიმბოლოდ“.  და რა  არგუმენტიც არ უნდა მოიყვანო,  რა კითხვებიც არ უნდა დასვა, ან როგორც არ უნდა უპასუხო, ამ ფანატიკოსებს მაინც ვერაფერს შეასმენ და ვერ შეაგნებინებ: „კი ბატონო, შეიძლება მართლა ნამწვით დაიღუპა, რაკი გამწოვი მილი კედლიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო გამოსული, ნაცვლად რამდენიმე მეტრისა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა პირველ სართულზე ის მილი ვინმეს გარედან ჩვრით დაეხშო, რათა გამონაბოლქვი  შიგნით მიემართა?!“

რა თქმა უნდა შეიძლება. ასე ყველაფერი შეიძლება და ყველაფერს ეშველება, სიკვდილის გარდა. მხოლოდ იგია უდავო, უსაშველო და შეუქცევადი.

ოღონდ სიკვდილსაც გააჩნია.

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

 
ავტორი: . .