რესპოდენტის შესახებ
ჩეხური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს. ჟურნალისტმა თინათინ ხიდაშელს კითხვები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ნატოში გაწევრიანების, უკრაინაში არსებული ვითარებისა და ისლამური ექსტრემიზმის შესახებ დაუსვა.
თუკი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მსოფლიოსთვის არასაკმარისი გაფრთხილება იყო, უკრაინის შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდა, ამბობს თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. (თინათინ ხიდაშელი, 1973, პროფესიით პოლიტოლოგი, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შედეგადაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა. ხიდაშელი 2015 წელს, საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქალი - თავდაცვის მინისტრი).
- რუსეთ-საქართველოს ომის გასვლიდან შვიდი წლის შემდეგ, თქვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება უცხო ჯარების კონტროლის ქვეშ. თქვენ ცდილობთ ნატოში გაწევრიანებას - გადაულახავი ბარიერი ხომ არ არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მწვავე საკითხი ამ მიმართულებით?
არ მიმაჩნია, რომ საქართველო იმყოფება შეუდარებლად მძიმე ვითარებაში, ვიდრე ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები. დიახ, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა სახელმწიფო ევროპაში ვდგავართ მსგავსი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე: გააქტიურებული რუსეთი, რომელიც ყოველდღე აჩვენებს თავის სასტიკ სახეს, ტერორისტული საფრთხეები, პირველ რიგში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფორმით. ჩვენ ვართ ერთიანი გარემოს და საფრთხეების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენს წინაშე ჩნდება და აქვს მსგავსი სახე. ევროპული სამყარო ჩემთვის განუყოფელია.
- ევროპის ერთიანობა არ არის ასპროცენტიანი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გერმანია და საფრანგეთი წინ აღუდგნენ აშშ-ისა და პოლონეთის გადაწყვეტილებას საქართველოსათვის „მაპის“ მინიჭების საკითხზე. შარშან, უელსში, ისმოდა მხოლოდ ფრაზა -„განსაკუთრებული“ თანამშრომლობა და დაპირება „შესაძლო წევრობის“ შესახებ. თქვენს მთავრობას აქვს შესაძლებლობები დააჩქაროს გრძელვადიანი პროცესი?
ჩვენ არ ვითხოვთ ამავე წამს მაპის მონიჭებას. მართალი ბრძანდებით, ვისწრაფით ნატოში გასაწევრიანებლად და ამავდროულად ვრჩებით რეალისტებად, რომლებიც მზად არიან გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარონ. ჩვენ მზად ვართ ყველა წინადადებისა და შესაძლებლობებისათვის, თუკი ეს დაგვეხმარება და წინ წაგვიყვანს ნატოში გაწევრიანებისაკენ. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ გაწევრიანებას, თუკი ალიანსის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებდით. იმ დროიდან შვიდი წელი გავიდა, ჩვენ ახალი დაპირებები გვჭირდება. სიფრთხილე გვმართებს, რათა ღია კარები მბრუნავში არ შეიცვალოს, რომლებიც პრეტენდენტ სახელმწიფოებს დაატუსაღებენ - როგორც საქართველოს სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა.
წელს, დეკემბერში, ჩვენ გველოდება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საკვანძო შეხვედრა. სწორედ, ამ შეხვედრაზე მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს არ ეხება. პირველ რიგში საუბარია მონტენეგროზე. თუკი მონტენეგრო, როგორც კანდიდატი ქვეყანა წარმატებას მოიპოვებს, ღია კარის პოლიტიკა ამოქმედდება და კარი, სწორედ, იმისათვის დარჩება ღიად, რათა შესაძლებელი გახდეს მასში შესვლა და არა მხოლოდ მისით აღფრთოვანება. საქართველოსათვის თვეები რჩება ინტენსიური მოლაპარაკებების საწარმოებლად. მეორე მხრივ, ესეც იყო მიზეზი, რომ პრაღაში ჩამოვსულიყავი და ჩემს კოლეგასთან გამემართა საუბარი.
- თუკი თქვენ ალიანსში გაწევრიანდებით, იმედი გაქვთ, რომ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში მოიპოვებთ დახმარებას?
ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნის პოზიციიდანაც გეუბნებით, რომ საქართველოს გააჩნია საკუთარი სტრატეგია, თუ როგორ იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში. ვწუხვარ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებში არ შედის ამის შესახებ მედიის ინფორმირება. შემიძლია გერმანიის მაგალითის მოყვანა, რომელიც ნატოს წევრი გახდა (1955წ - რედაქტორის შენიშვნა), მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახევარი ტერიტორია რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული. ეს უფრო პრეფერენციის საკითხია და არა იმ სხვაობების, რაც ამ შემთხვევაში არსებობს.
საქართველოს წევრობაზე ჰიპოთეტიკურ ასპექტში ხშირად მესმის შეკითხვები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე პარაგრაფის შესახებ და აქედან გამომდინარე აპოკალიპტურ კონტექსტზე: რას იზამს ნატო, თუკი რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს? ვპასუხობ: რა მოხდება, თუკი რუსეთი საქართველოს დღეს დაესხმება თავს? საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვებთ? გვითხარით, იქნებ არ გაქვთ ჩვენ მიმართ ინტერესი, რადგან არ ვართ ნატოს წევრები? - არა მგონია, ევროპული დემოკრატია, რომელიც ბავშვობიდან მესმოდა და კარგად ვიცნობ, დემოკრატია, რომელშიც წლები ვიცხოვრე და შევიყვარე, ასეთი იყოს.
-პოზიცია, რომელიც ევროპამ შვიდი წლის წინ რუსული ინტერვენციის საპირისპიროდ დაიკავა? მიგაჩნიათ, რომ თუკი მაშინ სხვაგვარად მოიქცეოდა ევროპა, წინ აღუდგებოდა იმ კრიზისს, რომელმაც უკრაინა შეავიწროვა?
დიახ. მე ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ თუკი საქართველოს ოკუპაციამ საკმარისი გაფრთხილება არ მისცა სამყაროს, ეს უკრაინამ შეძლო. რუსეთმა ისევ გააჩაღა ომი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე: ახლა, ყველასათვის გასაგები უნდა გახდეს, თუ რას ველით მისგან, როგორც „პარტნიორისაგან“. ყოველთვის, როდესაც რუსეთი თავს გამარჯვებულად გრძნობს, ის ახალ თავდასხმას გეგმავს. ასე უფრო მარტივია, მისი შუა საუკუნეების ლოგიკისათვის არაფერი არ არის რთული მეთოდებით შემუშავებული. რუსეთი კვლავ იმ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც ტანკების სახურავებზე შემდგარი შედის დემოკრატიულ ქვეყნებში. ერთი ომის ქარიშხალში გეგმავს მეორეს - თუკი არავინ შეაჩერა.
- უკრაინის ტრავმა საქართველოსათვის ცნობილია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. შეუძლია მას ამ კონტექსტში დახმარების გაწევა?
ხუმრობით გიპასუხებთ, რომ უკრაინას გავუგზავნეთ ყოფილი პრეზიდენტი მთელი მისი გუნდით (მიხეილ სააკაშვილს წელს მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა და ამის შემდეგ გახდა ოდესის ოლქის გუბერნატორი, ავტ. შენიშვნა). ახლა სერიოზულად - ეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხია, სახელმწიფო დონეზე ვთანამშრომლობთ ყირიმის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და თუკი გაჩნდება რამე სხვა მეთოდი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ჩვენ მზად ვართ ამისათვის. მსოფლიოში მშვიდობისათვის ვიბრძვით ავღანეთში; მონაწილეობა მივიღეთ ერაყის, კოსოვოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის მისიებში.
-კოლეგა, პეტრა პროხაზკოვა დონბასში, ახლახან გადაღებულ რეპორტაჟში, წააწყდა პრორუსულ მხარეზე მებრძოლ ქართველებს. იცით მათ შესახებ?
არა, არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ. ქართველები, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, არ იბრძვიან რუსეთის მხარეზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ერებს ოდესღაც აერთიანებდა ერთი სახელმწიფო და უკრაინაში დღემდე ცხოვრობენ ადამიანები ქართული ფესვებითა და გვარებით. ისინი არ არიან დემოკრატიული საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქე ვერ გახდები მარტო იმიტომ, რომ შენს ძარღვებში ქართული სისხლია. და, თუკი არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მათზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა არაა და მითუმეტეს, ვერ გააკონტროლებს.
-როგორ ექცევით მათ, ვინც თქვენი კომპენტენციის ფარგლებში ექცევა? მხედველობაში მყავს ჯიჰადისტები, რომლებიც ქართველების რიგებიდან მოდიან, მაგალითად ისლამური ძალების წინამძღოლი სირიაში უმარ შიშანი, წარმოშობით ბობოქარი პანკისის ხეობიდანაა...
ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა, სამწუხაროდ, ახალი არაა. საქართველო მას, სულ ცოტა, ბოლო 15 წლის განმავლობაში აწყდება. ათწლეულებია გასული და ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა. ორ წელიწადში ყველაფერის გაკეთებას ვერ შევძლებდით. თავდაცვის სამინისტრო არ არის ის ადგილი, რომელსაც მთავარი სიმძიმე აწვება, ამ შემთხვევაში ეს უფრო განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაში შედის. პასუხისმგებლობა ეკისრება სასაზღვრო პოლიციასაც, რომელიც სამუშაოს გვერდს არ უვლის და საზღვრებიდან გაქცევის მთელ რიგ შემთხვევებს წინ აღუდგა. აუცილებელია პრევენციაზე მუშაობა, პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის სპეციალური პროგრამების მომზადება, მათი განათლება და დასაქმება...
ავტორი - მაგდალენა სლეზაკოვა