"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა.
საჩივარი ევროპულ სასამართლოში ომის დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის სტან სტორიმანსის მეუღლისა და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის ეროენ აკერმანსისა და ისრაელის ჟურნალისტის ცადოკ იეჩესკელის სახელით გაიგზავნა.
"საია" ოფიციალურ მოსკოვს ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციაში, მათი უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვასთან დაკავშირებით ეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მეორე სარჩელია. პირველი - "აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" "საიამ" ევროპულ სასამართლოში ჯერ კიდევ 2009 წლის თებერვალში გაგზავნა, რომელიც უკვე დაარეგისტრირეს კიდეც. ვინაიდან ორივე სარჩელი ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლოს მათ გაერთიანებას თხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.