სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები მოქალაქეებს ამჯერად თელავში გააცნო.
ხათუნა კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ ინტერაქტიული რეჟიმის შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მაღალკვალიფიციური ადვოკატების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იურიდიული დახმარება ესაჭიროებათ და ამის საშუალება არ აქვთ.
საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთის მოსახლეობას გაუწევენ ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.