თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამთავრობო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ამოქმედებამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი ბიზნესების წამოწყებას შეუწყო ხელი.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე მცირე კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებაც მოხერხდა.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამა გიორგი ალიბეგაშვილმაც შეაფასა.
მისი თქმით, მიღწეული შედეგების მიხედვით, პროგრამა წარმატებული ფუნქციონირებისა და დასახული ამოცანების ეფექტიანობისკენაა მიმართული.
,, დღევანდელ პრეზენტაციაზე ორი მიმართულება გამოიკვეთა. ესენია - სოფლის მეურნეობის განვითარება და საწარმოების ამუშავება. მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის სპექტრებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოში წარმოებულ სასოფლო პროდუქციის მაღალ ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტი იმპორტულ საქონელთან შედარებით უფრო იაფად და ფართოდ იქნება წარმოდგენილი.
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით 2014 წლის ივნისიდან დაიწყო, 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.
ერთი წლის შედეგად სახელმწიფომ 90 ახალი სამრეწველო პროექტის დაწყებას დაუჭირა მხარი.
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში“ მოეწყო.