მოსკოველმა სამართალდამცავებმა რუსული ჯგუფის "ა-სტუდიოს" სოლისტის ქეთა თოფურიას მამა "კანონიერი ქურდი" ანდრო თოფურია დააკავეს. განცხადებას ამის შესახებ, რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ანდრო თოფურია, რომლის შვილიც რუსული ჯგუფის "ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურიაა, საღამოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან 2,83 გრამი მეტადონი შეიძინა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ანდრო თოფურიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვის" მუხლით.
"დაკავებულს აღმოაჩნდა პასპორტი ანდრო სანოძის სახელზე. მამაკაცმა განმარტა, რომ მან დედის გვარი მიიღო. ამჟამად ამ დოკუმენტის ნამდვილობა მოწმდება", _ იუწყება მედია.
ანდრო თოფურია 1960 წელსაა დაბადებული და ორგზის ნასამართლევია.
"1980 წელს ანდრო თოფურიას მკვლელობისათვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო 1996 წელს კი სხეულის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის გამო ნახევარი წლით იყო დაპატიმრებული", _ იუწყება რუსული მედია.