ENG / RUS       12+

ჰომოსექსუალიზმისა და ჰომოსექსუალობის შესახებ - რას ნიშნავს ერთსქესიანი ქორწინება?

არა და არ წყდება დისკუსია LGBT თემაზე. უკვე ლამის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო: პოლიტიკიდან _ ფეხბურთამდე. ეს სოციალური ნევროზი მასობრივ ფსიქოზშიც გადადის და აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული საზოგადოებისთვის ამგვარი «გაფაქიზება» ისტორიულად დამახასიათებელია: ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, როცა ეს თემა, რასაკვირველია, სრულიად ტაბუირებული იყო, სისხლის სამართლის კოდექსში კი სპეციალური მუხლი არსებობდა: «მამათმავლობა», რომელიც ლიბერალიზაციისა და საღი აზრის პირველი გამოვლინებისთანავე გაუქმდა. თუმცა, ხსენებულმა დისკურსმა  საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი პროცესის პროვოცირებას შეუწყო ხელი. ბოლოდროინდელი მოვლენები _ «ციხის კადრებით» დაწყებული და ფარული ჩანაწერებით გაგრძელებული _ მხოლოდ ნაწილია ამ «მასათა მძვინვარებისა».

მაგრამ, თუ არ გვინდა საზოგადო მსჯელობა პათოლოგიაში გადაიზარდოს, რამდენიმე მარტივი განმარტება უნდა გაკეთდეს ასეთივე მარტივი კითხვების პასუხად: საერთოდ, რა არის ჰომოსექსუალიზმი და რამდენად ნორმალურია, როდესაც დასავლეთში ჰომოსექსუალურ წყვილებს «ოჯახის» სოციალურ სტატუსს ანიჭებენ? ზოგ ქვეყანაში ლამის სქესიც კი აკრძალონ: «მშობელი ნომერი ერთი», «მშობელი ნომერი ორი» და ა.შ. ეს იმ მიზნით კეთება, რომ, თუკი ორივე მშობელი ერთი სქესისაა, ინდოევროპულ ენათა სემანტიკა ამ იდიოტიზმს ეწინააღმდეგება. მაგრამ რახან ეწინააღმდეგება, მით უარესი სემანტიკისთვის! მთავარია პოლიტკორექტულობა.

თუმცა ჯერ იმის შესახებ, საერთოდ, რა არის ჰომოსექსუალიზმი, როგორც ფენომენი. საქართველოში ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ეს ან უზნეობაა, ან ავადმყოფობა. სინამდვილეში არც ერთია და არც მეორე. დავიწყოთ უზნეობით და პირველ რიგში, ის გავითვალისწინოთ, რომ არსებობს მეცნიერულ ლიტერატურაში კარგად შესწავლილი ფენომენი: იდენტური სქესისადმი ლტოლვა ცხოველებსა და ფრინველებს შორის. ასეთი «გადახრის» პროცენტი ფაუნაში დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ადამიანებს შორის, ანუ 5-7 პროცენტი. ბუნებრივად ისმის კითხვა: თუკი ეს «უზნეობაა», მაშინ ცხოველებსა და ფრინველებსაც უზნეობა სჭირთ? გარდა ამისა, თუ «უზნეობის» თეორიას მივიღებთ განსახილველად, ცოტა არ იყოს, კომიკურ დასკვნებამდე მივალთ. დავაკვირდეთ, რა გამოდის: გამოდის, რომ უმრავლესობა ჰომოსექსუალები მხოლოდ იმიტომ არა ვართ, რომ ზნეობრივი ნორმა გვაკავებს, თორემ ის რომ არ გვაკავებდეს, ყველანი მაშინვე... არადა, ეს ხომ აშკარა აბსურდია? სინამდვილეში უმრავლესობა ჰომოსექსუალები არ ვართ არა იმიტომ, რომ ზნეობრივი ნორმა გვაკავებს, არამედ იმიტომ, რომ, უბრალოდ, არა გვაქვს ასეთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება! ზნეობა სოციალური კატეგორიაა, ჰომოსექსუალიზმი კი _ ფიზიოლოგიური ფენომენი, ანუ სულ სხვა სიბრტყეში უნდა განიხილებოდეს. დაახლოებით ამავე მიზეზით არ შეიძლება ის ჩაითვალოს ავადმყოფობად, რაკი ეს განმარტებაც, ისევ და ისევ, ზნეობრივი დეფინიციის ზეგავლენას განიცდის. სინამდვილეში ჰომოსექსუალიზმი არა უზნეობა ან ავადმყოფობა, არამედ ბუნებრივი  ცდომილებაა! ადამიანებშიც ისევე, როგორც ცხოველებსა და ფრინველებში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ სულ სხვაა, როდესაც ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, თითქოს ამ ბუნებითი, ანუ ფიზიოლოგიური ცდომილების გამო ნორმალური იქნება, დაკანონდეს ჰომოსექსუალური ოჯახები და რაც ყველაზე მთავარია, ჰომოსექსუალ წყვილებს მიეცეთ ბავშვის აღზრდის საშუალება. ზემოთ სოციალური და ფიზიოლოგიური სიბრტყეები ვახსენეთ. ის, ვინც ჰომოსექსუალური «ოჯახების» დაკანონებას ცდილობს, ცდილობს, მიითვისოს სოციალური ინსტიტუტი, რომელიც თვით მისი სუბსტანციური არსით უმრავლესობის კუთვნილებაა. უფრო მეტიც, ეს სოციალური ინსტიტუტი საზოგადოების არსებობის პირობაა. თანაც სწორედ ამგვარი, ანუ შეურყვნელი სახით.

აქ ჰომოსექსუალებისადმი სიძულვილი და ჰომოფობია არაფერ შუაშია. საუბარია სოციალურ საყრდენთა, საბოლოოდ კი თვით ადამიანური იდენტობის შენარჩუნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ კრძალავენ ცივილიზებული ქვეყნები მრავალცოლიანობას? ფიზიოლოგიურად ხომ თითქოს ის ბევრად ბუნებრივია? კრძალავენ სწორედ იმიტომ, რომ ეს რყვნის და ანგრევს ოჯახის სოციალურ ინსტიტუტს. არადა, ყალბი პათეტიკის გარეშე უნდა ითქვას, რომ ოჯახი საზოგადოებისა და ადამიანურობის უკანასკნელი ბასტიონია! ეს არის უკანასკნელი ზღუდე, რომელიც  ადამიანთა მოდგმას იცავს ველურობისა და სრული გადაგვარებისგან!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქედან გამომდინარე, ოჯახის ინსტიტუტის დაცვა აბსოლუტურად ჯანსაღი საზოგადოებრივი და ადამიანური ინტენციაა. ჩვენში კი რა ხდება? 2 წლის წინ, «იმედის» დილის გადაცემის წამყვანებმა ჰომოსექსუალური ოჯახის თაობაზე იხუმრეს: «როგორ გვეცოდება ბავშვი, რომელსაც დედიკოს და მამიკოს ნაცვლად ორი წვერებიანი მამა ეყოლებაო». აბსოლუტურად უწყინარი, არააგრესიული ხუმრობა იყო. მაგრამ ერთმა «ყოვლისმცოდნე» ტუტუცმა დედაკაცმა ეს ახალგაზრდები ამის გამო სამსახურიდან გაყარა!

კი მაგრამ, რატომ, რისთვის? მათ ხომ ჰომოსექსუალებსა და ჰომოსექსუალიზმზე არ უქილიკიათ? აბსოლუტურად უბოროტოდ იხუმრეს მხოლოდ «ჰომოსექსუალურ ოჯახებზე» და ამით (შესაძლოა, გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად) სოციალური ინსტიტუტი დაიცვეს. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას: მათ ამ ფორმით დაიცვეს არა  საზოგადოებრივი ზნეობა, არამედ   სოციალური ინსტიტუტი _ მისი შეურყვნელობა და რაობა. ეს სულაც არ არის ერთი და იგივე. არადა ამ ფრაზისთვის ეს ქალ-ვაჟი... სამსახურიდან გააგდეს! ამაზე მეტი სიგიჟე და პათოლოგია გაგონილა? ისე, ძალიან მაინტერესებს, პატარკაციშვილები თუ ხვდებიან, რა სიგიჟეებს სჩადის ზოგიერთი «ინტელექტუალური ხეიბარი» მათი უნებლიე ხელდასხმით?

«დასავლეთში რატომ აკანონებენ, ნუთუ იქ არ ესმით ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობა?». არც ისე იოლი კითხვაა. რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ მასზე დაფიქრებული პასუხის გაცემა შეუძლებელია. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ევროპულ საზოგადოებას (ჩვენ რომ «დასავლეთს» ვუწოდებთ) ღირებულებითი ღერძი სხვა პრიორიტეტებზე აქვს აწყობილი, რაც მათი ისტორიული გამოცდილებიდან და შესაბამისი ფობიებიდან მომდინარეობს.

 მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ განათლებულ ევროპელს კვლავაც კოშმარად ელანდება ეპიზოდი, როდესაც ცალტვინა მანიაკ ჰიტლერის ბრძანებით (ზემოხსენებული «ხეიბრები», სინამდვილეში,  მისი მენტალური შთამომავლები არიან), ნაცისტებმა ჰომოსექსუალები ერთ ძველ გემში ჩასვეს, ჩრდილოეთის ზღვაში გაიყვანეს და ტორპედოს დარტყმით ჩაძირეს. აქ იგივე «დანაშაულის სინდრომი» მოქმედებს, როგორც ჰოლოკოსტის შემთხვევაში. თანაც, ამგვარი ნევროზი ყველა ევროპელს ახასიათებს, რაკი ინგლისელებიცა და შვედებიც ერთი და იგივე ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევენ თავს, ანუ იგივე იდენტობის მატარებელნი არიან, თუმცა კი ნაცისტურ საშინელებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და არათუ მონაწილეობა არ მიუღიათ, არამედ ებრძოდნენ კიდეც.

ამდენად, «უმცირესობების დაცვა» იქ იმდენად ეჭვმიუტანელი პრიორიტეტი და ღირებულებაა, რომ ევროპული საზოგადოება, თანდათან თვითმავნებლობის, ანუ «ასოთმავნებლობის» სინდრომით დაავადდა, როდესაც ესმის, ხედავს, რომ თავს იღუპავს, თუმცა შეჩერება აღარ ძალუძს.

მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ (უფალო, შენ გვიშველე) არ დაგვიწვავს ებრაელი ბავშვები ღუმელებში? ჩვენ რატომღა უნდა განვიმსჭვალოთ იმავე სინდრომით, ვიქცეთ თვითმავნებლებად, დავაკანონოთ «ერთსქესიანი ოჯახები» და ამით დავანგრიოთ ის ერთადერთი სოციალური ინსტიტუტი?!

ამ კითხვაზე საპასუხოდ ქრისტიანული დოგმატიკისა და 17 მაისის აქციაზე თავის გასახეთქად მომარჯვებული «ტიპიკონური ტაბურეტების» მოტანა სულაც არ არის აუცილებელი.

ზურაბ ღოღობერიძე

 

ავტორი: . .