თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სვანიძის ქუჩაზე, იმ პროექტზე ესაუბრა, რომლითაც სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს.
საკრებულოს ინფორმაციით, დაზარალებულ მოსახლეობას დეპუტატი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. დღეს, დეპუტატი სვანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ ქალაქის მთავრობის მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები გააცნო. შეხვედრაზე იმ პროექტზეც ისაუბრეს, რომელიც დამუშავების პროცესშია და რომლითაც სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს.
მოსახლეობამ გიორგი მუსხელიშვილს და ქალაქის მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ქალაქის მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ერთად ვგეგმავთ და განვიხილავთ ყველა დეტალს. ჩვენი თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სახელმწიფო დაზარალებულთა გვერდით დგას და არც ერთი ოჯახი ყურადღებისა და დახმარების გარეშე არ დარჩება“, _ განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.