ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
"დავის საგანს წარმოადგენს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ტ" ქვეპუნქტის სიტყვები "ლიცენზიის მფლობელი", 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების "თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის", 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები "აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუქტებთან მიმართებით. ზემოთაღნიშნული კანონის ნორმები განსაზღვრავენ ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების და გაუქმების წესებს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ უფლება იმაუწყებლონ ლიცენზიის გარეშე", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. მასში მონაწილეობას მხარეები, საქართველოს სახალხო დამცველის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მიიღებენ.