2015 წლის საგამოცდო პროცესი ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
აბიტურიენტები რეგისტრაციას 08:00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები - 40 000 - მდე აბიტურიენტი;სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 17 000 - ზე მეტი პედაგოგი.
2015 წელსაც აბიტურიენტებს საშუალება აქვთ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ).
აპლიკანტებს სასურველი ინფორმაცის მიღება ცხელი ხაზის ოპერატორებისა და ონლაინ დახმარების სერვისითაც www.naec.ge შეუძლიათ.