„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% სატელევიზიო სიგნალს ანტენით იღებს.სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილს პირველ რიგში შეეხება ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მოჰყვება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 90% ინფორმირებულია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სატელევიზიო სიგნალის მისაღებად 38%-ს აქვს სატელიტური თეფში, ხოლო მოსახლეობის 25% საკაბელო მაუწყებლობით სარგებლობს.
გამოკითხვა ასევე აჩვენებს, ტელევიზია დღემდე რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ მოსახლეობის უმრავლესობისთვის (87%).
კვალევის თანახმად, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით გაიზარდა ინტერნეტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი, დღემდე მოსახლეობის 46% ინტერნეტს არასდროს იყენებს.
საქართველოში ინტერნეტი მის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის (75%) და ინფორმაციის მოძიებისთვის (41%) სჭირდებათ. თუმცა სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტის საშუალებით მხოლოდ 4% იღებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3.7%-ია.