ENG / RUS       12+

საბერძნეთის პრობლემების გამო, პაატა აროშიძე ფულადი გზავნილების კიდევ 35 %-მდე შემცირდებას მოელის

რესპოდენტის შესახებ

 

საბერძნეთში ისევ კრიზისია. დღეს ქვეყნის ბანკები და ათენის საფონდო ბირჟა არ გაიხსნა. წინასწარი გათვლებით პროცესი 6 დღეს გაგრძელდება. მოქალაქეებს ბანკომატებიდან დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეუძლიათ.

ასევე კონტროლი წესდება ფულის გადარიცხვაზე, რაც ცხადია საბერძნეთიდან საქართველოში ფულად გზავნილებზე პოვებს ასახვას. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამ ფონზე, ივნის-ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილები შესაძლოა 35 %-მდე შემცირდეს.

უფრო დეტალურად, თუ რას მოუტანს საბერძნეთის კრიზისი საქართველოს და დანაკლისის შევსებისთვის რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, დეტალებზე ”ჯი-ეიჩ-ენს” პაატა აროშიძე ესაუბრა:

 

”საბერძნეთს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა ფინანსური კრიზისიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. პრობლემა გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოს საფინანსო სექტორზეც. საბერძნეთში უამრავი ემიგრანტია და ცხადია, მათ მიერ გაკეთებული გადმორიცხვები დიდ მაჩვენებელს იძლევა მთლიან გადმორიცხვებში. საბერძნეთში, ბანკების გაჩერების მინიმუმ 1 კვირაზეა საუბარი. ეს პერიოდი გახანგრძლივდება თუ არა, ჯერ არავინ იცის. ყველაფერი ეს კი პრობლემატურია. დაახლოებით 30-35 %-ით შემცირდება უცხოური გზავნილები ივნის-ივლისში.

 

- ეს არის თუ არა უკვე კიდევ ერთი წინაპირობა, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება?

 

- კი. რა თქმა უნდა. ლარის კურსი საგარეო ფაქტორებზე და გადმორიცხვებზეცაა დამოკიდებული, მაგრამ საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს გაეტარებინა სტაბილიზაციის ღონისძიებები. ჩვენ ვერ ვიქნებით მუდამ დამოკიდებული საგარეო მაჩვენებლებზე. გადმორიცხვები ზოგადად არის კეთილი ნება, ის არის საქართველოდან წასული ემიგრანტის ნება - ან გადმორიცხავს ქვეყანაში ფულს ან არა.

 

- თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამ გადმორიცხვებზეც დგას ქვეყნის ეკონომიკა.

 

- ხო, მაგრამ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს ის ბერკეტი, რომ გაათანაბროს ეს მაჩვენებელი. მხოლოდ და მხოლოდ გარე ფაქტორების დასახელება იმის მაგალითად, რომ აი, ხომ ხედავთ, საბერძნეთის საფინანსო პოლიტიკამ გააუფასურა ჩვენთან ლარიო- არ მგონია ამ შემთხვევაში სერიოზული იყოს. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საბანკო სისტემისთვის დიდი დარტყმაა.

 

- და თქვენი აზით, ამ ფონზე ადექვატურია, ან სამომავლოდ ადექვატური იქნება თუ არა სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკა?

 

- არ არის ადექვატური. თუმცა ნუ მოვიქცევით ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკისკენ გავიშვიროთ ხელი. მაგრამ სებ-ის დანაშაული საკმაოდ დიდია. ძველის გამეორებას და ათასჯერ თქმულს აღარ გავიმეორებ, მაგრამ სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაცია, რომ უნდა მოახდინოს, ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა და არა კეთილი ნება და ასევე საბანკო ზედამხედველობა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე ჩამოერთვა.

სებ-ი ყველა გარეგანი დარტყმისათვის უნდა იყოს მზად. მას შეუძლია სწორედ ახლა გამოიტანოს რეზერვები. რა გადმორიცხვებიც იყო საბერძნეთიდან და რა დანაკლისი იქნება უცხოურ ვალუტაზე, ანუ ევროზე, ეს თანხა მას შეუძლია რეზერვიდან დახარჯოს. თუმცა ამას გააკეთებს თუ არა, ეს გარკვეულწილად დანაკლისის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

 

- გარდა გარე ფაქტორებისა, არსებობს შიდა ფაქტორებიც. თუნდაც 13 ივნისის სტიქია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სტიქიამ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?

 

- როგორც ირკვევა ზარალი 100 მლნ-ია. ბიუჯეტის სეკვესტრი ფაქტობრივად უკვე განხორციელდა. ყოველგვარი დარტყმა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ ამისათვის არსებობს სხვადასხვა ფონდები, მაგალითად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, მთავრობის სარეზერვო ფონდი. სტიქიის გათვალისწინება საკმაოდ რთულია. სწორედ ამ ფონდებიდან მოხდება დაფინანსება. იმავდროულად ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ის გარკვეულწილად დაზღვევას გააკეთებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი სწორი მენეჯმენტის პირობებში, მალე უნდა აღმოიფხვრას. პირველ რიგში საჭიროა იმ ადამიანების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით, რომელთაც დაუზიანდათ, ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, ასევე საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ასე შემდეგ.

თუმცა აჩქარება კარგს არ მოგვიტანს. ჯერ უნდა მოხდეს სტიქიის მიზეზების კვლევა. გზების აღდგენის პარალელურად ვერეს ხეობის კვლევაც აუცილებელია.

 

- ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე ბიუჯეტის სეკვესტრი ისევ მოუწევს. თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით?

 

- სეკვესტრი რთული და ცუდი მოვლენაა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტი ფაქტობრივად ფურცელზე სრულდებოდა. ახლა რომ გაჰყვირიან 8-10 მლრდ-იანი ბიუჯეტიო, ეს რეალურად ფურცელზე შესრულებული ბიუჯეტი იყო. სეკვესტრს არავინ არ მიესალმება, მაგრამ ამ პირობებში მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა. ანუ არასწორად დაიგეგმა შემოსავლებისა და ხარჯების მხრივ. აუცილებელია გარკვეული ხარჯების შემცირება. არაა საჭირო ამდენი მივლინებები და ავტომობილების ხარჯების გათვალისწინება. ”ქამარმოჭერილი” ბიუჯეტი უნდა აისახოს ცხოვრებაზე და არა მხოლოდ ციფრებზე.

 

 

 

ავტორი: . .