სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე დღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუნდეტებს შეხვდა. ღონისძიების მიზანი იყო მომავალი იურისტების ინფორმირება სტუდენტური ნაშრომების კონკურსის შესახებ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში ირაკლი კობიძემ სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის დეტალები და სამომავლო გეგმები გააცნო. გაეროს განვითარების პროგრამის სამართლებრივმა ექსპერტმა - ნანა მჭედლიძემ კი ვრცლად ისაუბრა იმ საერთაოშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც დაცვის უფლებით სარგებლობას არეგულირებენ.
სტუდენტური ნაშრომების კონკურსი ტარდება "დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის" თემაზე, რაც მიზნად ისახავს სამართალმცოდნეობის სტუდენტებში დაცვის უფლების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსი იყოფა ორ ტურად. პირველ ტურში შეირჩევა ნაშრომები, რომლებიც მონაწილეებისა და ნაშრომებისთვის დაწესებულ ზოგად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შერჩეული ნაშრომების ავტორები საკონფერენციო ნაშრომების კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს მიიღებენ. მეორე ტურში შეირჩევა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორები გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაწესებულ ჯილდოებს მიიღებენ. ნაშრომების მიღება 10 მაისს დასრულდება.
გაეროს განვითარების პროგრამა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი დონორია. "იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერების" ორწლიანი პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამა სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამსახურის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, სტუდენტთა ინფორმირება წარმოადგენს.