დღეს, 26 აპრილს იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კონტროლის პალატის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე - არასამთავრობო და საერთაშოროსო ორგანიზაციების წარმოდგენლები.
ღოგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ანტიკორუფციული თანამშრომლობის საკითხები, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის განხორციელებულ რეფორმების მონიტორინგის შედეგებია ასახული.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2008 წლიდან ფუნქციონერებს. ის კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლება და მონიტორინგი.