იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი დაიწყო.
ტრეინინგის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობა და აღნიშნული პროცედურების განხორციელებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.ტრეინინგის განმავლობაში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა კადრების შერჩევის პროცესი, სტრუქტურირებული გასაუბრება და მისი ჩატარებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, თანამშრომელთა მოტივირების საშუალებები, თანამშრომელთა შეფასების როლი და პრობლემურ თანამშრომლებთან ურთიერთობა.
ტრეინინგი ინტერაქტიული ხასიათისაა, ტრეინინგის მონაწილენი აქტიურად იქნებიან ჩართული დისკუსიებში და განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს, ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრების როლური თამაშებში, განიხილავენ აღნიშნულ სავარჯიშოებს და იმსჯელებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
ტრეინინგი ხელს შეუწყობს სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების და მისი შესაბამისი პროცედურების დანერგვას.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) საზოგადოებისა და ევროკავშირის პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" დახმარებით.