ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნედლი ნავთობის უკანონოდ მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ფაქტზე ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ საგამოძებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულია მიხეილ უსტიაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თამაზ ცხვარიაშვილი, მამუკა ჩიტია და მალხაზ და გიორგი პაპავები.
სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში მცხოვრები უსტიაშვილი უკანონოდ და მალულად მოიპოვებდა ნედლ ნავთობს ამავე სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ-ინგლისურ შპს „კანარგო-ჯორჯიას" კუთვნილი ჭაბურღილიდან. ეჭვმიტანილთა ჯგუფის სხვა წევრებს - ჩიტიას, ელიზბარაშვილს, და პაპავებს, თიანეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის ტერირტორიაზე არსებულ ერთ-ერთი აგარაკის ეზოში ნედლი ნავთობის გამოსახდელი მოწყობილობა ჰქონდათ დამონტაჟებული. ისინი პატარძეულში ნავთობს კუსტარულად გადაამუშავებდნენ და შემდგომ 1.30 ლარად ყიდდნენ.
გამოძიების მონაცემებით, მათ მიერ ბოლო სამი თვის მანძილზე უკანონოდ მოპოვებული და რეალიზებული იქნა 30 ტონამდე ნედლი ნავთობი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა და შპს „კანარგო-ჯორჯიამ" მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 177-ე და 186-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად სამიდან ხუთ წლამდე, ოთხიდან შვიდ წლამდე და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.