ENG / RUS       12+

ირაკლი ალასანია: ეს არჩევნები ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ

რესპოდენტის შესახებ

სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და გაეროში საქართველოს ექს-ელჩი - ეს ირაკლი ალასანიას ხელისუფლებაში ყოფნისდროინდელი პოლიტიკური წარსულია. ახლა - ოპოზიციაში ყოფნის წლისთავზე მას თბილისის მერობა სურს, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, მისი გეგმები მხოლოდ დედაქალაქის მთავრობის თავკაცობითა და ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლით არ შემოიფარგლება... ალასანიას საარჩევნო სლოგანიც სწორედ ცვლილებების იდეას გულისხმობს, როგორც ბარაკ ობამასი და ზუსტად ისევე ჟღერს (ოღონდ ქართულად), როგორც აშშ-ის პრეზიდენტის...


გამარჯვების შემთხვევაში ის ყველა დედაქალაქელს უფასო სამედიცინო მომსახურებას და მერად გახდომის პირველივე წელს 50 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება. განსაკუთრებული წინადადებები აქვს ბიზნესმენებისთვის და მათთვისაც, ვისაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვს...


- ბატონო ირაკლი, უკვე აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე ხართ გადასული. საინტერესოა, როგორია მოსახლეობის განწყობა და მზადყოფნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?


- მართალია, კამპანია უკვე მართლაც ძალიან აქტიურ ეტაპზე გადავიდა. ყოველ დღე გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, ვახდენთ სხვადასხვა რაიონში ჩვენი კანდიდატების წარდგენას. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდია უსამართლობის განცდა - მმართველი პარტიის დამოკიდებულებას აღიქვამენ, როგორც ცინიკურს და ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ცვლილების. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაუსაქმებელია, 80 %-ს არ გააჩნია ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, პენსიონერები და ვეტერანები კი, ხელისუფლების მხრიდან, პრაქტიკულად, მიტოვებულნი არიან. სწორედ ამიტომაც არსებობს განცდა იმისა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს.

ამავდროულად, მათ გააზრებული აქვთ, რომ ცვლილება მხოლოდ მშვიდობიანად, სტაბილურ გარემოში უნდა განხორციელდეს და ამის ერთადერთი გზა სწორედ არჩევნები უნდა გახდეს - გზა, რომელსაც მოსახლეობას ჩვენი პოლიტიკური ალიანსი სთავაზობს. ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, ხელისუფლების შეცვლის გარდა, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მახარებს ის, რომ მოსახლეობა 30 მაისს უყურებს, როგორც შანსს, რომელიც უნდა გამოიყენოს.

რაც შეეხება ჩვენი პარტიის, ალიანსისა და კონკრეტული კანდიდატების მიმართ ამომრჩევლების განწყობას, რა თქმა უნდა, სიმპათიებს ვგრძნობთ და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისა, რომ უფრო აქტიურად ჩავებათ კამპანიაში და იმ ადამიანური თუ პოლიტიკური რესურსის სრულად გამოყენებით, რაც გაგვაჩნია, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

- გასული წლის გაზაფხულის აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ თავად ოპოზიციაც აღიარებდა რომ მისი რეიტინგი შემცირდა, საზოგადოებაში კი საპროტესტო ტალღამ იკლო. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ხელისუფლების შეცვლის მუხტი ისევ გაძლიერდა...

- დიახ, ცვლილებების მუხტი ისევ არსებობს და ცვლილებები სწორედ არჩევნებით უნდა დაიწყოს. ჩვენ გავიარეთ აქციები და მაშინ მოსახლეობამ საკუთარი შინაგანი განწყობა იმ ფორმით გამოხატა, მაგრამ დავინახეთ, რომ პროტესტის აღნიშნულმა გზამ შედეგი არ გამოიღო. ცვლილებები რომ რეალურად განხორციელდეს, პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს. ახლა სწორედ ამ პროცესში ვიმყოფებით - არჩევნები პოლიტიკური პროცესია. მიმაჩნია, რომ ახლა უპირველესი ამოცანაა ჯერ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება დავიბრუნოთ და ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება შემდეგ განვახორციელოთ.

- თქვენს მიერ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად "ეროვნულ საბჭოსა" და ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციების ჯერ დაწყებას, შემდეგ კი შეჩერებას ექსპერტები საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გადაწყვეტილების ცვალებადობა და არასტაბულურობის გამოჩენა თქვენი, როგორც მერობის კანდიდატის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებდა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნულმა რეალურად მართლა დაგაზარალათ?

- სიმართლე გითხრათ, პირიქით, მოსახლეობის მხარდაჭერას ვგრძნობ, რადგან ჩემი შეთავაზება არის კონკრეტული, თანმიმდევრული. ხალხი გადაღლილია ურთიერთბრალდებებით, რომელსაც როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან ისმენს. მათ უკვე სხვა რაღაც უნდათ - დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამები...

ჩემი რეიტინგის ინდიკატორი ამომრჩეველია, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდები და რომლებიც ცვლილებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. სხვა საქმეა, როგორ გარემოში გვიწევს საარჩევნო კამპანიის წარმოება - პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, არსებული საარჩევნო გარემო ძალიან უსამართლოა. ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში ვართ შესული და გამარჯვების შანსი მხოლოდ იმაშია, რაც შეიძლება მეტი ამომჩეველი მივიდეს არჩევნებზე, რათა შედეგებით მანიპულირება არ მოხდეს.

დღეს იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურადაა განწყობილი ზეწოლა მიმდინარეობს, ხდება მათი დაშინება, ამაში პოლიციური სტრუქტურებიც არიან ჩართულნი. ხელისუფლება იყენებს ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც. ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წინა არჩევნების დროსაც მიმართა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში სიტუაციის რეალური შეფასების უნარი არსებობს. მან კარგად დაინახა, რა დაპირებებით მოვიდა თავის დროზე ხელისუფლებაში მმართველი ძალა და მისი ლიდერები - სააკაშვილი, უგულავა... და შედეგად რა მიიღო. ამიტომაც, ჩვენი საზოგადოება, იქედან გამომდინარე, რომ ბრძენია, სწორ ანალიზსა და შეფასებას აკეთებს.

ამასთან, კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად უნდა მოხდეს, სწორედ ესაა საზოგადოების დაკვეთა და პირადად ჩვენი ძალა საქართველოში ბიშკეკის მსგავსი სცენარის გამეორებას არ დაუშვებს. არ აქვს მნიშვნელობა რა გვყოფს "ნაციონალური მოძრაობისა" და ხელისუფლებისგან - ეს ყველას სამშობლოა და "ბიშკეკი თბილისში" უპირველესად, საქართველოს ინტერესებში არ შედის.

- ზოგადად, რამდენად არსებობს ამის საშიშროება?

- ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამის საფრთხე, ვინაიდან, მიუხედავად იმ დიდი უსამართლობისა, ზეწოლისა და უპასუხისმგებლო ნაბიჯებისა, რასაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დგამს, საქართველოს მოსახლეობა მშვიდობიანი ცვლილების მომხრეა. დარწმუნებული ვარ, რომ იმგვარ სცენარს, როგორითაც მოვლენები ბიშკეკში განვითარდა, თბილისში დასაყრდენი არ გააჩნია.

- ისევ მოახლოებული არჩევნების თემას დავუბრუნდეთ... გარდა იმისა, რომ ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე, ოპოზიციის გამარჯვების სხვა გარანტია რა არის?

- არანაირი გარანტიები არ არსებობს. ეს სწორედაც რომ მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზე - ამომრჩევლებზეა დამოკიდებული. სწორედ მათი აქტიურობა შეიძლება გახდეს გამარჯვების საფუძველი, რასაც ცვლილებების დაწყება მოჰყვება. გარანტიაზე ლაპარაკი, იმ არსებული საარჩევნო სისტემისა და გარემოს გათვალისწინებით, იმის მიხედვითაც, თუ რა მდგომარეობაა მედიის თავისუფლების კუთხით (განსაკუთრებით სატელევიზიო მედია მაქვს მხედველობაში), შეუძლებელია. თუმცა მიუხედავად ამისა, ბრძოლა აუცილებელია და მე ამ ბრძოლაში გამარჯვების რწმენით, ჩემი მხარდამჭერების თანადგომის რწმენით შევედი. დღეს შეშინების და უკან დახევის დრო არ არის. დღეს რწმენის და გამარჯვების დროა, რასაც ამომრჩევლებთან შეხვედრებიდან, ყოველდღიურად ვგრძნობ.

- იმ კონტექტსში, როცა უთანასწორო ბრძოლასა და არადემოკრატიულ საარჩევნო გარემოზე საუბრობთ, საინტერესოა, როგორ დაიცავთ ამომრჩეველთა ხმებს, რომ არ გაყალბდეს?

- პირველი, რაც გარანტირებულად მინდა ამომრჩევლებს ვუთხრა - მათი ხმა იქნება კონფიდენციალური. არავის უნდა ჰქონდეს შიში, რომ ვინმე გაიგებს რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მეორე - ამომრჩეველთა ხმების გაყალბებისგან დაცვის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იქნება ამ არჩევნებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება - ეუთომ უკვე გამოყო 400-მდე ამომრჩეველი, რაც ადგილობრივი არჩევნებისათვის მართლაც მაღალი ყურადღებაა. ეუთოს დამკვირვებლები, დიპლომატიური, თუ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ყველა შეხვედრაზე ღიად აფიქსირებენ, რომ მათი მხრიდან გაყალბებული არჩევნების მხარდაჭერა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. გარდა ამისა, არჩევნებს სათანადოდ მომზადებული ვხვდებით ჩვენც - გვყავს კვალიფიციური იურისტთა ჯგუფები, რათა დარღვევები იქნას დაფიქსირებული და ყველა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსა და ორგანიზაციისთვის დროულად მიწოდებული და რაც მთავარია, თავად მოქალაქეები არიან მზად, რომ ბოლომდე დაიცვან საკუთარი ხმები. ერთი სიტყვით, სამოქალაქო აქტიურობა, კომპეტენტური დამკვირვებლები და მათი ობიექტურობა იქნება ძირითადი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არ გაყალბდება.

- რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს. "ალიანსის" მიერ მომზადებული ჯანდაცვის პროექტითYთბილისელებს უფასო ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაზღვევას, ორსულობისა და მშობიარობის პატრონაჟს პირდებით. საინტერესოა, სამედიცინო მომსახურება ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის რომელიმე ქვეყანაში მაინც თუ არის უფასო?


- რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრგანაა, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში. მეტიც, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებზეა გადასული. ჩვენს ქვეყანაშიც სწორედ ასეთი გარდატეხა უნდა მოხდეს.

ჩვენი სურვილია, რომ თბილისში პირველადი ჯანდაცვის სისტემის აწყობა მუნიციპალიტეტის მიერ მოხდეს. ჯანდაცვა "ალიანსი საქართველოსთვის" მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი იქნება. სწორედ ადამიანის ჯანმრთელობა არის ნომერ პირველი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა დღეს ეს ვალდებულება მას თავის თავზე აღებული არ აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჯანდაცვის წილის 15 %-მდე გაზრდას და ანალოგიურს განვახორციელებთ, როცა ცენტრალურ ხელისუფლებაში მოვალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა თბილისელს ეყოლება ოჯახის ექიმი, ექნება უნივერსალური ჯანდაცვის პაკეტი, რაშიც გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაც იგულისხმება, გარდა ამისა, დედაქალაქის 3 წლიდან ზემოთ და 65 წლამდე მაცხოვრებლისთვის წამალი იქნება იაფი, 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი უფასო. ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ორსულობისა და მშობიარობის პატრონაჟს. ეს ყველაფერი ფინანსურად უკვე გაწერილი გვაქვს. ჯანდაცვის ამ პროექტის განხორციელება 117 მილიონი ჯდება.

რაც შეეხება სხვა პრობლემებს, მაგალითად, უმუშევრობის დამარცხებას, "ალიანსის" მიერ მომზადებული დასაქმების პროგრამა საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. დაახლოებით 120 მლნ-იან პაკეტზეა საუბარი. ჩვენ საფინანსო, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებთან და ბანკებთან ურთიერთობით დამწყებ ბიზნესმენებს 8 %-იან სესხს შევთავაზებთ. ეს პროგრამა მისი განხორციელების დაწყებიდან პირველივე წელს თბილისში 50 ათას უმუშევარს დაასაქმებს.

აღსანიშნავია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი დაცული იყოს. მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ინსტიტუციურად იცავს სახელმწიფო და სწორედ ჩვენ, მერია ვიქნებით მათი ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებელი.

- დავუშვათ, გახდით თბილისის მერი, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ თქვენს მთავრობას არ გამოუყო ის დაფინანსება, რაც თუნდაც აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის არის საჭირო. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში რას იზამთ?

- ეს იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური დაპირისპირების მომტანი, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, არამგონია ხელისუფლებას ეყოს თავხედობა თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს, საკრებულოს, საბიუჯეტო და ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნას. მერიაც და საკრებულოც ლეგიტიმაციის მატარებელი ის სტრუქტურები იქნება, რომელთანაც დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს. პირიქით, მგონია, რომ გაჩნდება ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები იმისა, რომ პოლიტიკური ოპონირებიდან, პოლიტიკური პოლარიზაციიდან თანამშრომლობაზე გადავიდეთ.

- რაც შეეხება "ალიანსის" საარჩევნო სლოგანს: "ჩვენ შევცლით", თუ არ ვცდები, იგივე იყო ბარაკ ობამას საარჩევნო სლოგანიც ("change-we can believe in"), რამაც მას წარმატება მოუტანა...

- ცვლილებების იდეა და ზოგადად, საზოგადოების სურვილთან შენი საარჩევნო სლოგანის დაახლოება პოლიტტექნოლოგიაში აპრობირებული მეთოდია და ბუნებრივია, პირველად ჩვენ არ გამოგვიგონია. ცვლილებების თემას სხვადახვა პოლიტიკოსები იყენებდნენ - ბარაკ ობამაც და ბარაკ ობამამდეც... ეს იდეა ჩვენთანაც ყველაზე აქტუალურია. ცვლილება - ეს არის ყველა პრობლემის გადაჭრის საშუალება, თანაც იდეა, რომელიც ერთ სიტყვაში ეტევა.

- საარჩევნო კლიპზეც მინდა გკითხოთ. ბევრი ფიქრობს, რომ მაინდამაინც გემოვნებიანი არ არის და ცერა თითის ის კომბინაცია, რასაც ზოგადად დადებითი დატვირთვა აქვს, ვიდეორგოლის შინაარს არ უხდება...

- თბილისში ეს ჟესტი ერთმანეთის შეგულიანების, ერთმანეთთან მისალმების და მხარდაჭერის გავრცელებული ფორმაა. სხვათა შორის, ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთი, საკმაოდ ასაკოვანი ქალი სწორედ ამ ჟესტით მომესალმა და ძალიან გამიხარდა, რომ ამ კლიპმა ასეთი ყურადღება დაიმსახურა. მე აზრთა სხვადასხვაობასაც მივესალმები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი არსებობს. ეს ნორმალური პროცესია. ეს კარგია. ჩვენ ყველას აზრს ვითვალისწინებთ, თუმცა, ბუნებრივია, ყველას მოსაწონ კლიპს ვერ გადაიღებ და ვერც ნაბიჯს გადადგამ.

- თქვენ გიგი უგულავა დებატებში გამოიწვიეთ. ეს "გამოწვევა" ისევ ძალაშია?

- რა თქმა უნდა. მერობის სახელისუფლებო კანდიდატს პირისპირ შეხვედრა და თემატურად ყველა სფეროზე საუბარი, ეს იქნება ჯანდაცვა, ქალაქის ურბანული და არქიტექტურული განვითარების საკითხები, დასაქმების პროგრამა თუ სხვა, არაერთხელ შევთავაზეთ. იმედი მაქვს, დებატები შედგება და საზოგადოებას მიეცემა საშუალება თავად შეაფასოს, რომელი კანდიდატია მისთვის მისაღები.

- ბატონო ირაკლი, ალბათ უფრო შორს მიმავალი გეგმებიც გექნებათ, ვიდრე თბილისის მერობაა. როგორც ფიქრობთ, ქალაქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ თქვენს ძალას ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის, პირადად თქვენ კი გაპრეზიდენტების მეტი შანსი გექნებათ?

- რა თქმა უნდა. ეს არჩევნები ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ თავდაპირველად სწორედ ადგილობრივ დონეზე უნდა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეგვიძლია საქმის კეთება. გვინდა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მასზე მზრუნველი პოლიტიკური ძალა არსებობს. პოლიტიკაში დამკვიდრების პირველ ეტაპზე ჩვენი თავი სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებაში წარმოგვიდგენია, ხელისუფლებაში, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, მისი ფუნქციოები მთლიანად შესაცვლელია. ჩვენს ქვეყანაში ახლა, თვითმმართველობა, რეალურად, არ არსებობს. ჩვენ გვსურს რეფორმები განვახორციელოთ, მოხერხდეს ცენტრალიზაცია და თვითმმართველობის ორგანოებს გარკვეული უფლებები გადაეცეს. ამის შემდეგ უკვე ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების დრო დადგება და ამ შემთხვევაში, ბევრად მეტი გამოცდილებით მოვალთ ქვეყნის სათავეში.

- გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ თქვენ საქართველოს პრეზიდენტობის შანსი არ გაქვთ...

- თუ ვინმეს აზრი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ეს ბატონო მერაბიშვილია. მე მოსახლეობას ვხვდები და აი, სწორედ მათი აზრია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, რა ბედი ელის "ალიანსს", რამდენად მოსალოდნელია, რომ დაიშალოს და მასში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე განაგრძოთ პოლიტიკური მოღვაწეობა?

- არა, ჩვენ გრძელვადიან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ვფიქრობთ. სხვათაშორის, "ალიანსის" სიმყარის ერთ-ერთი ტესტი სწორედ ეს არჩევნები იქნება და მე ამ გამოცდის არ მეშინია..

- საინტერესოა, მაგალითად, კონფლიქტების მოგვარების კუთხით თუ ემთხვევა თქვენი პარტიის და "ალიანსში" შემავალი, მაგალითად, "რესპუბლიკელების" ხედვა, რომლებიც სეპარატისტულ რეჟიმებთან კონფედერაციის შექმნას უჭერენ მხარს...

- რაღაც ისტორიული განვითარების ეტაპზე, შეიძლება რომელიმე წევრმა ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ მას ახლა აქტუალურობა დაკარგული აქვს. ახლა ახალ ვითარებაში ვართ. ჩემი პირადი აზრია, რომ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. ამისთვის მთავარია დავაბრუნოთ ნდობა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებას შორის. ეს უნდა მოხდეს კულტურული, სავაჭრო, ჰუმანიტარული სახის პირდაპირი პროექტების განხორციელებით, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს ერთმანეთთან შევიდნენ ურთიერთობაში და საერთო ინტერესები გამონახონ. პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკება სწორედ ამ მოლაპარაკებების აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიან სახელმწიფოებრივ საზღვრებში ჩვენ თანაცხოვრებაზე აფხაზებთან და ოსებთან შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, მოვახერხებთ.

პოლიტიკურად როგორ მოხდება სტატუსის განსაზღვრა, ეს მოლაპარაკებების საგანია. დარწმუნებული ვარ, რომ არაღიარების პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება. არასდროს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სეპარატისტულ რეგიონებს და ამ მხრივ რუსეთის მცდელობა წარუმატებელი იქნება. მე მწამს, რომ, როგორც კი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდება, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობების აღდგენას სწორ საფუძვლებზე დავიწყებთ.

- მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად სეპარატისტები თავდაუსხმელობის შესახებ ხელკშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, რასაც თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხზე?

- თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე არა, მაგრამ სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის დეკლარაციაზე მე პირადად ვმუშაობდი და შევქმენი კიდეც ორი დოკუმენტი: ჯერ 2005, შემდეგ 2008 წელს - ომამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს დოკუმენტი რომ აგვისტოს ომამდე გაფორმებულიყო, დარწმუნებული ვარ, იმ სამხედრო კონფრონტაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, თავიდან ავიცილებდით. 2008 წელს მე პრეზიდენტის დავალებით ნიუ-იორკიდან ჩავფრინდი სოხუმში, სადაც ეს დოკუმენტი ხელახლა უნდა განგვეხილა. იქედან ბევრად უფრო უკეთესი ვარიანტი ჩამოვიტანე, ვიდრე 2005 წელს, თუმცა სამწუხაროდ, მასზე პოლიტიკური შეთანხმება უკვე აღარ მოხერხდა.

რაც შეეხება თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას, აუცილებელია, რომ ის რუსეთის ფედერაციასთან შედგეს, რადგან ის არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა აფხაზ და ოს ხალხთან საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, ისე როგორც იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დევნილების დაბრუნებაზე იღებენ პასუხისმგებლობას.

- ბატონო ირაკლი, სერგეი შამბას არაერთხელ უთქვამს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქართული მხრიდან დაელაპარაკება, თქვენ ხართ. რითი მოიპოვეთ მისი ასეთი კეთილგანწყობა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ აფხაზურ მხარესთან ჩემი ურთიერთობები და მოლაპარაკებები ძალიან რთულად დაიწყო. 2004 წლამდე, იმის გამოც, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს სოხუმში ვიყავი და როგორც ათასობის ქართველის, ჩემი ოჯახის წევრიც დაიღუპა, ვერც კი წარმომედგინა, რომ მასთან მოლაპარაკებებს შევძლებდი. ერთი პერიოდი მეც ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო ძალით წართმეული ტერიტორიების ძალით დაბრუნება, მაგრამ შემდეგ, როცა საუბარი დავიწყეთ, დავინახე, რომ აფხაზებმაც დაკარგეს ძმები, მამები, დები... მეც და ისინიც მივხდვით, რომ იგივე სცენარის გამეორება რომ თავიდან აგვეცილებინა, მომავალზე ფიქრი უნდა დაგვეწყო და პირველ რიგში, იმ დოკუმენტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელზეც უკვე ვისაუბრე.

როგორც ჩანს, გულწრფელობა ურთიერთობებში (რაც მე დავინახე მოლაპარაკებების დროს აფხაზებში და მათ ჩემში) გახდა საფუძველი ამ ნდობის გაჩენის. ჩვენ არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის სიტყვა, რასაც შემდეგ გადავსულვართ და არ შეგვისრულებია. სწორედ აქედან გაჩნდა ნდობა ჩემსა და შამბას შორის და დარწმუნებული ვარ, როცა საშუალება მოგვეცემა აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, ეს რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა რატომ ვერ მოიპოვა მათი ნდობა? მისი შეცდომა რაშია? თქვენ ახსენებთ, რომ აფხაზების წინაშე სიტყვას არასდროს გადასულხართ. პრეზიდენტი ივიწყებდა დანაპირებს?

- სააკაშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ მას მოლაპარაკებების პროცესისასდმი ნდობა არასდროს ჰქონია. მან ვერ გაამართლა ვერც იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ წარსულში ხელები სისხლში გასვრილი არ ჰქონია, აფხაზებსა და ოსებს პრობლემის მოგვარების ახლებურ მიდგომას შესთავაზებდა... ერთხელ, როცა შამბა თბილისში სტუმრად მყავდა და მასთან მოლაპარაკებებს ვმართავდი, საქართველოს პრეზიდენტი, იმის ნაცვლად, რომ შეხვედროდა და მიეღო ის, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჩავიდა და იქედან გაამძაფრა სამხედრო რიტორიკა. აი, ასეთი იყო მისი დამოკიდებულება მოლაპარაკებების მიმართ, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი შეცდომაა.

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, რამდენად შეცვლილია საქართველოსადმი დასავლეთის, ევროპის დამოკიდებულება. რისი თქმა შეგიძლიათ იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელსაც უცხოეთში მართავთ?

- ნამდვილად შეიცვალა განწყობა, თუმცა არა სახელმწიფოსადმი, არამედ საქართველოს პრეზიდენტისადმი. მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ძველი იმიჯი. ახლა მას განიხილავენ, როგორც არასაიმედო პარტნიორს, ადამიანს, რომლის სიტყვასაც ვერ ენდობი... თუმცა, საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან ევროპის, ამერიკის და ჩვენი ხალხის საერთო არჩევანია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია. ხელისუფლებები იცვლებიან, სააკაშვილიც შეიცვლება და ამის შემდეგ ევროპასთან, ამერიკასთან, რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისთვის ახალი ასპარეზი გაგვიჩნდება.

- და ბოლოს, ბატონო ირაკლი, პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი მარტო დარჩა, რადგან სწორედ ლეხ კაჩინსკი იყო ყველაზე გამოკვეთილი ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოს ლობირებდა...

- ამ ტრაგედიით, უპირველესად, პოლონელი ხალხი დარჩა ყველაზე მეტად დაზარალებული. მიმაჩნია, რომ საქართველო არასდროს დარჩევა მარტო, რადგან ჩვენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები გვიჭერენ მხარს. რაც შეეხება სააკაშვილს, სამწუხაროდ, ის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დიდი წინაღობაა, თუმცა ძალიან მალე ეს ვითარება შეიცვლება...

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .