ENG / RUS       12+

ექსკლუზივი - ისრაელის ელჩი: ირანი ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება და უახლოეს მომავალში, ატომური იარაღი ექნება

რესპოდენტის შესახებ

რა გამოწვევების წინაშე დგას ისრაელის სახელმწიფო და შეიცვალა თუ არა ხელისუფლებების შეცვლის შემდეგ საქართველოსა და ისრაელის ურთერთობა? - „ჯი-ეიჩ-ენი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან.

- მოგესალმებით ბატონო ელჩო.

- მოგესალმებით. რამდენი თვეა, ერთმანეთს არ შევხვედრილვართ.

-მთავარია, შევხდით!

- როგორ ბრძანდებით?

- გმადლობთ, კარგად. თქვენ?

- მეც, ასევე. რაც მთავარია, კარგ განწყობაზე ვარ - ცხელი ზაფხული გვაქვს. თუმცა შიგადაშიგ წვიმაც გვაგრილებს.

- ისე, ისრაელს გაზაფხულიც ცხელი ჰქონდა - პოლიტიკურ ტემპერატურას ვგლისხმობ...

- დიახ, იმდენად ცხელი ზაფხული არ გვაქვს, რამდენადაც ცხელი ზამთარი და გაზაფხული გვქონდა და პოლიტიკური ტემპერატურა ახლანდელზე მაღალი იყო... ისრაელს ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს, პარლამენტში ახალი პარტიებიც არიან წარმოდგენილნი. უნდა აღინიშნოს, რომ ახლანდელ კოალიციაში ზოგიერთი პარტია, რომელიც წინა კოალიციის შემადგენლობაში იყო, აღარაა.

- ახალ მთავრობას მოსახლეობა, როგორც წესი, ახალ იმედებს უკავშირებს, თუმცა ზოგი იმთავითვე, სკეპტიკურადაა განწყობილი. ისრაელის ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი რა არის?

- ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით ორ რამეს გეტყვით: პირველ რიგში, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისრაელმა საარჩევნო პერიოდიდან დღემდე გამოიარა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პოლიტიკა სიურპრიზებითაა სავსე და დემოკრატიის უმთავრესი მახასიათებელიც სწორედ ეს სიურპრიზებია. მეორეც, საქართველოსთან დაკავშირებით ცვლილება არაა. ცვლილებები მხოლოდ ისრაელის კი არა, საქართველოს მთავრობაშიც მოხდა და ახლა, როცა საარჩევნო პოლიტიკური პროცესები დაწყნარებულია, სხვადასხვა სფეროში დაწყებული ურთიერთობის გაღრმავებას უფრო დინამიურად შევუდგებით.

- როგორც ბოლო დღეებში ითქვა, რომ ისრაელი მზადაა, პალესტინის ავტონომია აღიაროს. ბატონო ელჩო, „სიურპრიზებში“ ამას ხომ გულისხმობთ?

 

- არა... „სიურპრიზებში“ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს ვგულისხმობდი. მაგალითად, წინასაარჩევნოდ გამოკითხვები ჩატარდა, თუმცა პროცესები ისე განვითარდა, რომ არჩევნების შედეგები პოლიტიკური ანალიტიკოსების სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

- ისრაელის წინასაარჩევნო პერიოდს თვალს მეც ვადევნებდი და მთელი რიგი ტრადიციული პარტიების კოალიციისმიღმა დარჩენა ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქვეყნის განვითარების კურსი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიცვლება?

- მოდით, ჯერ პალესტინასთან ურთიერთობასა და ისრაელის მხრიდან მისი აღიარების შესაძლებლობას დავუბრუნდეთ. მინდა, ყურადღება რამდენიმე ასპექტზე გავამახვილო, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნეთანიაჰუსაც არაერთხელ აღუნიშნავს. ახლახან, პრემიერი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარ მოგერენს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ისრაელს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ,  ერთი სახელმწიფოს ასრებობის არ სჯერა. ისრაელი მომხრეა, რომ ორმა სახელმწიფომ იარსებოს: ისრაელის სახელმწიფომ, რომელიც ებრაელი ხალხის სახელმწიფოდ იქნება აღიარებული და პალესტინის სახელმწიფომ -   პალაესტინელების სახლმა. ისრაელი მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ლაპარაკია პირდაპირ მოლაპარაკებებზე და თუ რამოდენიმე პუნქტი იქნება შესრულებული, ორი ქვეყნის არსებობასთან დაკავშირეით გადაწყვეტილება მიღწეული იქნება.

- უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, რა პუნქტებზეა საუბარი?

- პირველ რიგში, პალესტინა უნდა განიარაღდეს და არ უნდა ჰქონდეს სამხედრო პოტენციალი, რაც ისრაელს საფრთხეს შეუქმნის. მეორე მოთხოვნა ისაა, რომ პალესტინამ უნდა აღიაროს ისრაელი, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფო. აუცილებლად მესამე მოთხოვნაც უნდა შესრულდეს - პალესტინამ ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკური და დიპლომატიური კამპანია უნდა შეწყვიტოს.

- ამ კამპანიაში ფიფა-ში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობთ?

- დიახ, რამოდენიმე დღის წინ, პალესტინამ სცადა, ისრაელის ფიფადან გარიცხვის საკითხი დაეყენებინა. ასეთი ქმედება მიუღებელია. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ანალოგიით, რომელიმე თვითაღირებულმა ორგანომ ფიფა-ში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია რომ წამოიწყოს? ეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება. შესაბამისად, ჩვენთვის პალესტინელების ქმედება მიუღებელია.

- მიდგომები, თუნდაც პალეტინასთან დაკავშირებით, ფორმულირებული და ხალხისთვის ზედმიწევნად გასაგებია. ამ ფონზე, მოქალაქეები ახალი ხელისუფლებისგან რას ელიან?

- ისრაელის მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან ცვლილებებს ისევე ელოდება, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევებში ხდება - ძვრები სამშვიდობო პროცესში, უსაფრთხოების საკითხები, განათლების სფეროს განვითარება, ეკონომიური მიღწევების გაუმჯობესება. საქართველოს მსგავსად, ეკონომიკური გამოწვევები ისრაელსაც აქვს. ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, ისრაელის მოქალაქეები ახალი მთავრობისგან ყველა მიმართულებით პროგრესს ელიან. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ „ლიკუდისა“ და კოალიციაში შემავალი სხვა პარტიისთვის ხმა ისრაელის ყველა მოქალაქეს არ მიუცია. შესაბამისად, არიან მოქალაქეები, რომლებიც გამარჯვებულ კოალიციას მხარს არ უჭერენ, თუმცა ეს დემოკრატიის ნაწილია.

ასევე , კარგად გვესმის , რომ ისრაელისთვის ნომერ პირველი ამოცანა მაინც უსაფრთხოება და სამშვიდობო პროცესია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და განვითარება სხვა სფეროებშიც გვინდა.

- ბატონო ელჩო, მართალია, ხაზს უსაფრთხოებას უსვამთ, მაგრამ ისრაელის სახელმწიფო, პალესტინასთან სამშვიდობო პროცესის პარალელურად, მსოფლიოს ღიად ეუბნება, რომ კიდევ არაერთი საფრთხე არსებობს, რომელიც პრობლემებს მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს კი არა, რეგიონალურ უსაფრთხოებასაც უქმნის...

- დიახ, ისრაელისთვის უსაფრთხოება ყველაზე ცხელი თემაა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური არჩევნების წინა პერიოდში, ან არჩევნების დროს ხდება. ყველა პარტია იზიარებს მოსაზრებას, რომ უსაფრთხოება ეგზისტენციალური საკითხია, თუმცა მათთვის უსაფრთხოების მიღწევის გზები განსხვავებულია. მოცემულ მომენტში, ისრაელს, სულ მცირე, სამი გამოწვევა აქვს: უპირველესი გამოწვევა ის ტერორისტული ორგანიზაციებია, რომლებიც ისრაელის საზღვრის მთელს პერიმეტრზე მოქმედებენ, მხედველობაში მაქვს „ჰამასი“, „ჰესბოლა“ თუ სხვა ორგანიზაციები. აქვე, შეგახსენებთ: 2009-2012-2014 წლებში, ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათასობით ჭურვი იქნა გამოტყორცნილი. 2006 წელს ეს ჩრდილოეთიდან მოხდა, 2009-2012-2014-ში კი, - ღაზას სექტორიდან. სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ასევე, „ალ ქაიდა“ და სხვა დაჯგუფებებიც მოქმედებენ. ისინი გამოწვევას მხოლოდ ისრაელისთვის კი არა, ისრაელის მეზობლებისთვისაც წარმოადგენენ. შედარებისთვის ვიტყვი: 2008 წლის საქართველოს ომის ანალოგიურ სიტუაციაში ისრაელი უკვე სამჯერ იმყოფებოდა და ეს კონფლიქტი აგვისტოს 5-დღიან ომზე დიდხანს გაგრძელდა. ამ ვითარებაში დაბრუნება, რასაკვირველია, არ გვინდა და ამ ვითარების გაუმჯობესებას სწორედ ამ ხელისუფლებისგან ველოდებით.

მეორე გამოწვევა კი, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია.

- სირიაში მიმდინარე მოვლენებს გულისხმობთ?

- დიახ, სირიასა და ერაყში. კარგად მოგეხსენებათ, იქ რაც ხდება. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს სახელმწიფოები საქართველოსგან არც თუ შორს მდებარეობენ. ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან სიტუაცია აბსოლუტურად არასტაბილურია.

- გეთანხმებით. ახლო აღმოსავლეთის ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენები, დიდ საფრთხესთან ერთად, ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის დიდი ტკივილის მატარებელიცაა... მესამე გამოწვევაზე რას იტყვით?

- მესამე გამოწვევა ირანია, რომელიც ხელმოწერილი შეთანხმების მუხედავად, ატომურ პროგრამას მაინც ანვითარებს. ისრაელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ეს კარგი შთანხმება არ არის და არც ფუნქციონალური იქნება, რადგან სანქციების გაუქმებით, ირანს შესაძლებლობა მიეცემა, ფრთები უფრო მეტად გაშალოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს ამარაგებს და ამასთან, დასავლეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებსაც აწარმოებს. ირანი ისრაელს სიმსივნეს უწოდებს და სხვა თუ არაფერი, ირანი, რომელიც ტრადიციული იარაღითაა შეიაღარებული, საშიშია და იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ ატომური იარაღი ექნება, რა შეუძლია. ირანი რეგიონზე, ყველანაირ ასპექტში, დამანგრეველ გავლენას ახდენს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ იემენში, სირიასა თუ სხვა სახელმწიფოებში ისრაელზე არანაკლებ არიან შეშფოთებულნი და ირანს არანაკლებ საფრთხედ მიიჩნევენ.

- მიუხედავად ამისა, ექვსეული ჩარჩო ხელშეკრულების მიღებას მაინც დასთანხმდა.

- ლოზანას ხელშეკრულებით, რომელიც ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, ირანი ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება და ინსპექციების მიუხედავად, უახლოეს მომავალში, ატომური იარაღი ექნება.

- დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. თქვენ საფრთხეებზე მიუთითებთ, ექვესეული კი, რეალურად, სხვა რამეზე თანმხდება. ამის მიზეზი რა არის?

- დიახ, ჩარჩო ხელშეკრულებაზე თანხმობა გამოცხადებულია და მუშაობა დეტალებზე მიდის. ისრაელს მიაჩნია, რომ ეს იქნება დამანგრეველი შეთანხმება, რომელიც იქამდე მიგვიყვანს, რომ ირანი მეორე ჩრდილოეთ კორეად გადაიქცეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული ისარელის შიში რეალური და ამ მოსაზრებას ისრაელის მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, ოპოზიციაც იზიარებს.

- საუბარი ძალიან დაგვიმძიმდა...

- მესმის, მაგრამ ეს რეალობაა.

- ისიც რეალობაა, რომ საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება: ბოლო ოთხი წელია, ჩემს მეგობრებს ვმასპინძლობ. წელს, 26 მაისსაც ჩამოვიდნენ, ანუ საქართველო ისრაელისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, საინტერესო ქვეყანა გახდა, არა?

- დიახ, სწორად აღნიშნეთ. საქართველოში ისრაელის ტურისტების რაოდენობა ყველწლიურად იზრდება - 8,5 მილიონიანი ქვეყანა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით, უკვე ათეულში შედის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ვიზა არ სჭირდებათ და ერთი წლის განმავლობაში, საქართველოდან ისრაელში ჩასულთა რაოდენობა გაორმაგდა.

ტურიზმის გარდა, საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს სოფლის მეურნეობის სფეროში - რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ასევე, პორექტები ხორციერლდება რეგიონებში. მხედველობაში მაქვს ტრენინგები, ფერმერთა გადამზადება, კონსულტაციები... რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობებიც - ამჟამად მიმდინარე სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენი ფილმიცაა წარმოდგენილი.

- ჩვენს კულტურილ და, გნებავთ, ეკონომიკურ ურთიერთობზე საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია, მაგრამ ბატონო ელჩო, ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოებას დაუთმეთ, რაც საქართველოსთვისაც, ასევე, უმნიშვნელოვანესია. მესმის, არის საკითხები, რაზეც ღიად ვერ ილაპარაკებთ, მაგრამ როგორია უსაფრთხების სფეროში საქართველოსა და ისრაელის თანამშრომლობა?

- უსაფრთხობე საკმაოდ ფართო ცნებაა და ტაბუ, რომელზეც ისრაელისა და საქართველოს წარმომადგენლებს ლაპარაკი არ შეგვიძლია, ერთ პუნქტშიც არ არსებობს. ახლახან, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ქალბატონ თინა ხიდაშელს შევხვდით. ასევე, გვაქვს შეხვედრები საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. ცალკეული ფორმატები, რომელზეც მოლაპარაკებები გვქონდა, უკვე საქმიანში გადადის. გვყავს სამუშაო ჯგუფი და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან აქტიურ ტრენინგებს ვატარებთ.

- როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, თუნადაც წინა ხელისუფლების ფონზე? საქართველოში ცხოვრება შეიცვალა?

- საქართველოში 2012 წლის აგვისტოში ჩამოვედი. მოგეხსენებათ 1-ელ ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა და მოღვაწეობა, პრაქტიკულად, ახალი ხელისუფლების პირობებში მიწევს. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ ამ ხნის განმავლობაში სამი არჩევნები ჩატარდა და სამივემ, დემოკრატიის თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. საქართველოს წინსვლა, ცალკეულ საკითებთან დაკავშირებით, რიგის სამიტზეც დაფიქსირდა. რაც შეეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეს აშკარად შესამჩნევია.

- თუმცა, ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, დაკავებულნი არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დედაქალაქის მერი. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ საკითხის თქვენეული შეფასება როგორია?

- ამ მიმართულებით შეფასების გაკეთება ჩემი საქმე არაა. საქართველო ერთადერთი უნიკალური ქვეყანა არ არის, სადაც ყოფილ ან მოქმედ პოლიტიკოსებს კანონის წინაშე წარდგომა უწევთ. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა და ხდება.

- მაგალითად, თქვენ ყოფილ პრემიერ -მინისტრს ახლახან პატიმრობა მიესაჯა.

- დიახ და ეს საქმეები კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებს სრული დაცვით უნდა იყოს წარმართული. ეს პროცესი აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ ყველამ ნახოს, სინამდვილეში რა ხდება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: არ მგონია, ამ პროცესის უკეთესი შემფასებელი ვიყო, ვიდრე საქართველოს თითოეული მოქალაქეა!

- შესაშურად დიპლომატიური პასუხია. დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, საინტერესო საუბრისთვის. მოხარული ვიქნები, თუკი ჩვენი უერთიერთობა და მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება.

- მადლობა, თქვენთან შესახვედრად ყოველთვის მზად ვარ.

 ”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გოჩა მირცხულავა

ავტორი: . .