ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2020 წლის არჩევნები კი მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით. შესაბამისად, სრულად გაუქმდება არჩევნების მაჟორიტარული სისტემა.
ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტები ერთმანეთთან შეთანხმდებოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ქვეყანაში საამისოდ სათანადო საინფორმაციო და განწყობითი ფონი შეიქმნა.
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 14 საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიამ დოკუმენტიც გააფორმეს, რომლითაც მოითხოვენ რომ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. მთავარი არგუმენტი - პარლამენტში ამომრჩევლის ნების პროპორციული ასახვა. უფრო ადრე კი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ზომის და ამომრჩეველთა რაოდენობის მქონე მაჟორიტარულ ოლქებს პარლამენტში ერთნაირი წარმომადგენლობა - თითო დეპუტატი ჰყავდათ. დაახლოებით 7-8 თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. მედიაში აქტიურად დაიწყო მაჟორიტარული სისტემის და მაჟორიტარი დეპუტატების დისკრედიტაცია. მოგვიანებით. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნას არასაპარლამენტო პარტიები და რესპუბლიკური პარტიაც შეუერთდნენ, მათ თავის ხმა შეაშველა პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც. კიდევ უფრო ადრე, კი ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი თავის რეგიონის ფეოდალად ჩამოყალიბდა.
მაჟორიტარული სისტემის ოპონენტები სისტემის ერთ ერთ ნაკლად ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხეს მიიჩნევენ, რადგანაც მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული კანდიდატის მიერ აღებულ ხმების რაოდენობას 30% +1 შეიძლება მნიშვნელოვნად სჭარბობდეს წაგებული პარტიების წარმომადგენელთათვის მიცემული ხმები და შესაბამისად ამ ამომრჩევლის ხმები იკარგება. ვინაიდან დაგეგმილი საარჩევნო ცვლილებებით ბარიერი არსებული 30% დან 50%-მდე იზრდება ხმების დაკარგვის საფრთხეც იკლებს. გარდა ამისა, გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი კონსტიტუციურად ვალდებულია ერთნაირად დაიცვას მაჟორიტარული ოლქში მცხოვრები ყველა ამომრჩევლის ინტერესები, მიუხედავად იმისა ვინ მისცა მას ხმა და ვინ არა. კიდევ ერთი პრეტენზია - დარღვეული კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის, და ის რომ ამომრჩეველთა მხოლოდ 31% იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარის ვინაობა, აშკარად თითიდან გამოწოვილია. გაცილებით უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ასევე არ ფლობს ინფორმაციას დეპუტატის ვინაობაზე. ამომრჩეველი სულაც არ არის ვალდებული იცოდეს ეს. დეპუტატის ვინაობის ცოდნა ამომრჩევლის სამოქალაქო კულტურაზე და მის საჭიროებებზეა დამოკიდებული. დასჭირდება და გაიგებს! ის რომ ამჟამინდელი მაჟორიტარების უმეტესობა თავს არ იწუხებს თავიანთ ამომრჩეველთან კონტაქტებით და ერევა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციებში, არა მაჟორიტარული სისტემის, არამედ „ადამიანური ფაქტორის“ ბრალია და სულაც არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის ასე იქნება, თუკი სათანადო საკანონმდებლო პრევენციული მექანიზმები შემუშავდება.
მაჟორიტარული სისტემის ოპონენტები ასევე ირწმუნებიან, რომ ეს სისტემა არ აძლევს ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას იყონ წარმოდგენილი პარლამენტში (აქ ხომ არ არის ძაღლის თავი დამარხული?) 4.4 მილიონ მოსახლეობის საქართველოში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული და ყველა მათგანს ალბათ მიაჩნია რომ იმსახურებს პარლამენტში წარმომადგენლობას, ნულოვანი ან მინუსებში გასული რეიტინგის მიუხედავად. არადა, ყველამ იცის რომ ამ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მათი დღევანდელი მდგომარეობით არ იმსახურებს პარლამენტში მოხვედრას და საკმაო დრო და რესურსები სჭირდებათ საპარლამენტო „კონდიციის“ მისაღწევად.
პროპორციული სისტემა კი მცირე და ნაკლებადპოპულარულ პარტიებს დაუმსახურებელ უპირატესობებს ანიჭებს და ყველა მექანიზმებით ეხმარება მათ პარლამენტში მოხვედრას. ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პრაქტიკა კი გვაჩვენებს რომ ეს პარტიები როგორც წესი იწყებენ ვაჭრობას მსხვილ პარტიებთან და მხარდაჭერის სანაცვლოდ ითხოვენ თანამდებობებს პარლამენტსა და მთავრობაში, რაც ხშირად არ შეესაბამება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ პოლიტიკურ წონას და რეალურ გავლენას. პარტიული სიებით გასული დეპუტატები ემორჩილებიან რა პარტიულ და ფრაქციულ დისციპლინას, ხშირად იძულებული არიან მხარი დაუჭირონ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შინაგანად არ ეთანხმებიან. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს დასუსტებულია კავშირი ამომრჩევლსა და დეპუტატს შორის და აქედან გამომდინარე შემცირებულია პარტიული სიით არჩეული დეპუტატის პერსონალური პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე.
პროპორციული სისტემა საარჩევნო სიების ფორმირებისას ზრდის პარტიული ელიტის გავლენას და პოლიტიკური კორუფციის ალბათობასაც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საარჩევნო სია დახურულია. ამ დროს იზრდება ალბათობა გამსვლელი ადგილების სარფიანად გაყიდვის ალბათობა უღირს ადამიანებზე. პროპორციული პარტიული სიები კიდევ ბევრი საარჩევნო „ეშმაკობების“ საშუალებას იძლევა. ასეთია მაგალითად „ლოკომოტივის ტექნოლოგია,“ როდესაც სიის სათავეში დააყენებენ პოპულარულ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ უარს ამბობენ მანდატზე და პარლამენტში ხვდებიან მომდევნო ადგილებზე მყოფი უსახური კანდიდატები ანუ „ვაგონები.“ საერთოდ, პროპორციული არჩევნებისას ნაკლებად ინფორმირებული ამომრჩევლისათვის ხმების და საპარლამენტო მანდატების გადანაწილების სისტემა ხშირად გაუგებარია, და ხშირად პარლამენტისადმი უნდობლობას იწვევს.
პროპორციული არჩევნების შედეგად, როდესაც პარლამენტში მრავალი პარტია ხვდება, უმეტეს შემთხვევაში ვღებულობთ კოალიციურ მთავრობას, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის და პოლიტიკური ორიენტაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება რაიმე მსხვილი რეფორმის გატარება, რთულდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს პარლამენტისა და ქვეყნის სტაბილურ ფუნქციონირებაზე. კოალიციური მთავრობის არაეფექტურობის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენს საზოგადოებას რომ იტყვიან თვალწინ აქვს. ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მაჟორიტარული სისტემა, რომელიც არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოშია დამკვიდრებული. ამ სისტემის ხიბლი იმაშია, რომ საშუალებას აძლევს ამომრჩეველს უშუალოდ გაიცნოს დეპუტატობის კანდიდატი, შეაფასოს ის ყველა კუთხით, დაუსვას კითხვები, მიიღოს პასუხები და ამის მიხედვით განსაჯოს ღირს თუ არა მისთვის ხმის მიცემა. სამწუხაროდ ამომრჩეველი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია პროპორციული და თუნდაც-რეგიონულ-პროპორციული არჩევნების შემთხვევაში. შესაბამისად მაჟორიტარული სისტემის პირობებში ამომრჩეველი გაცილებით უფრო მეტად და უკეთ არის ინფორმირებული დეპუტატობის კანდიდატის პიროვნულ და პოლიტიკურ თვისებებზე, ვიდრე პროპორციული არჩევნების დროს.
მაჟორიტარული სისტემის დროს, კანდიდატი თავისუფალია არჩევანში მიიღოს თუ არ მიიღოს პარტიული მხარდაჭერა. ვინაიდან კანდიდატი უშუალო შეხებაშია ამომრჩევლებთან, მთავარი კოზირი მისი პიროვნული და საქმიანი თვისებები, სოციალური კაპიტალი და წინასაარჩევნო პროგრამაა, რომელიც თავისთავად იზიდავს ელექტორალურ მხარდაჭერას და რესურსებს, მათ შორის ფინანსურს. ამას გარდა, მაჟორიტარული არჩევნების დროს დეპუტატობის კანდიდატი გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ ტვირთს ატარებს, რადგანაც ის უშუალო კონტაქტშია ელექტორატთან და იცის, რომ მცირე შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. პარტიულ სიებში მოკალათებული კანდიდატები კი მშვიდად ელოდებიან როგორ შეათრევს მათ პარლამენტში სიის სათავეში მყოფი „ლოკომოტივი.“ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაზე და სხვა კანდიდატებთან რეალურ კონკურენციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ფაქტიურად, პროპორციული არჩევნები ეს არის პარტიული სიების კონკურენცია, საუკეთესო შემთხვევაში კი სიის სათავეში მყოფი ლიდერების.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ალბათ მისაღები და შედარებით სამართლიანი იქნებოდა მაჟორიტარული სისტემის ისეთი ნაირსახეობა როგორიც არის რეიტინგული კენჭისყრა. რაც ნიშნავს შემდეგს, ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველი ხმას აძლევს რამდენიმე კანდიდატს და პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ანიჭებს მათ 1, 2, 3 და ა.შ. ადგილს. თუ არცერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, ხმების შემდგომი დათვლისას, აღარ ითვალისწინებენ ბოლო ადგილზე აღმოჩენილი კანდიდატებს და მათთვის მიცემული ხმები გადაეცემა სიის სათავეში მყოფთ. ხმების გადანაწილება გრძელდება მანამდე ვიდრე ერთი რომელიმე კანდიდატი ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას არ დააგროვებს. არჩევის ეს სისტემა კარგია იმით, რომ არ საჭიროებს არჩევნების მეორე ტურს და გამორიცხავს ტურებს შორის პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციებსა და ამომრჩეველზე ზეწოლას.
ის რომ ქვეყანაში მჟორიტარული საარჩევნო სისტემა დისკრედიტირებულია, თავად ქართული პოლიტიკური ცხოვრების თავისებურებების, ზოგადად დაბალი პოლიტიკური კულტურის და სისტემაზე წარმოებული საინფორმაციო შეტევის ბრალია და არა თავად სისტემის. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მანკიერებაა ის რომ მაჟორიტარ დეპუტატებად გვყავს ბიზნესმენები, რომელთაც მაჟორიტარებად კენჭისყრას ხელისუფლება აიძულებს ხოლმე და შემდეგ ისინი საკუთარი ბიზნესის გადარჩენის მიზნით მმართველი ძალის სატელიტები და ხშირად მათი არაოფიციალური დამფინანსებლები ხდებიან. ასეთივე მანკიერებაა მაჟორიტარებად სპორტისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების გაყვანა, რომლებიც შემდეგ პარლამენტში მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ და უფრო საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი ვიდრე კანონშემოქმედებითი მუშაობით. თუმცა, ისიც საკითხავია რა უფრო უარესია პარლამენტში ფულიანი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანის ყოფნა, თუ როგორც ჩვენში იტყვიან „ცალი კალოშით“ მოსული პარტიული სიით პარლამენტში გამძვრალი სუბიექტი, რომლისთვისაც პარლამენტარობა იოლი ფულის შოვნის საშუალებაა ?! ან კიდევ რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეასრულებს პარლამენტში ცოცხალი დეკორაციის როლს? მაჟორიტარული წესით არჩეული ცნობილი მსახიობი ან სპორტსმენი, თუ პარტიული სიით გასული უცნობი პედაგოგი ან ინჟინერი?! განა ცოტა გვყავს ასეთები პარლამენტში? ამაში დასარწმუნებლად საკმარისია შეხვიდეთ პარლამენტის ვებგვერდზე და გადახედოთ პარტიული სიებით არჩეულ დეპუტატებს, მათ ბიოგრაფიებს და საპარლამენტო საქმიანობას.
რამდენიმე სტატიაც კი არ ეყოფა იმის აღწერას და ანალიზს თუ პროპორციული სისტემის წყალობით პარტიული სიებით რამდენი ადამიანი მოხვდა პარლამენტში დაუმსახურებლად ბოლო 10-15 წლების მანძილზე, შემდეგ ძალაუფლებით აღჭურვილებმა როგორ მოიწყვეს უზრუნველი ცხოვრება, რა ზიანი მიაყენეს ქვეყანას, რამდენი სისულელე თქვეს ან ჩაიდინეს. ალფრედ ნობელმა ერთხელ თქვა რომ დეპუტატების მთავარი საქმეები უსასრულო ლაყბობა და ფულის გამოძალვა არისო.
საარჩევნო სისტემების რთულ ლაბირინთებში ნაკლებად ჩახედულთათვის მარტივად და გასაგებად რომ ავხსნათ, პროპორციულ არჩევნებზე საარჩევნო პროცესის მთავარ მონაწილეებად პოლიტიკურ პარტიები გამოდიან. პარტიის ლიდერები თავიანთი გემოვნებიდან, ინტერესებიდან, საარჩევნო სიტუაციიდან და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ირჩევენ ხალხს, რომლებსაც ჩასვამენ პარტიულ სიებში. თუ პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა მაშინ პარტიულ სიაში მყოფი ხალხი პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად პარლამენტში ხვდებიან. პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მოქალაქე, ხშირად კონიუნქტურული მოსაზრებებით, უბრალოდ იძულებული ხდება „შეეკრას“ რომელიმე პარტიას, თუნდაც არ იზიარებდეს მის იდეოლოგიას და საარჩევნო პოლიტიკურ პლატფორმას. ის ცდილობს ყველა ხერხებით მოიპოვოს პარტიის ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა სიაში გამსვლელი ადგილისათვის და ა.შ. არჩევნების პროპორციული სისტემაზე გადასვლით სწორედ ასეთ პროცესებს მიეცემა დასაბამი.
კარგი პარლამენტის ერთ ერთი მაჩვენებლი კარგი იდეების დიდი ოდენობაა. კარგი იდეები კი უმეტესწილად კარგი განათლებისა და სერიოზული გამოცდილების მქონე ადამიანებს მოსდით თავში. ასეთ ადამიანებს აქვთ პოტენციალი ქვეყნისათვის სასარგებლო კანონების შესაქმნელად. შესაბამისად, კარგი და ეფექტურია ის პარლამენტი სადაც დეპუტატები თავიანთი უმწიკვლო ბიოგრაფიისა და მიღწევების, ასევე საზოგადოებისგან მაღალი ნდობის გამო მოხვდნენ. ადამიანს კი ნდობას ვერ გამოუცხადებ, თუკი მას ბოლომდე არ გაიცნობ და შეაფასებ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართულ რეალობაში პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ეს უზრუნველყოს.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, წარმატებულ, ინიციატივიან და პროგრესული იდეების მქონე მოქალაქეებს ფაქტიურად ჩამოერთმევათ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლება. პარლამენტში მოსახვედრად ისინი უბრალოდ იძულებულნი იქნებიან, ხშირად საკუთარი მსოფლმხედველობისა თუ ღირებულებების დათმობის ხარჯზე, მიეკედლონ რომელიმე თუნდაც მათთვის მიუღებელ პარტიას. არაერთი ექსპერტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში პარტოკრატიული მმართველობის გაძლიერების საფრთხეს ხედავს, რომელმაც ქვეყანა შესაძლოა ბევრი პრობლემის წინაშე დააყენოს.
ზაალ ანჯაფარიძე