რესპოდენტის შესახებ
„ჯი-ეიჩ-ენი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა
- როგორ შეაფასებდით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას დღევანდელი გადასახედიდან? ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა ამ პროგრამის კრიტიკული შეფასებები.
- ეს პროგრამა თავიდანვე იყო კრიტიკული განსჯის საგანი. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტების წრეში. თუმცა, მოგეხენებათ, პოპულიზმი ადვილად ხდება ატაცებული საზოგადოების მხრიდან, და მათ შორის, სამედიცინო საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც. ღრმა ანალიზს თუ გავაკეთებდით, ასევე სხვა ანალოგიური პროგრამების შეფასებას მოვახდენდით, ადვილი დასანახი იქნებოდა თუ რა საფრთხეებს შეიცავდა ეს პროგრამა, მითუ მეტეს, ისეთი ფინანსურად არამდგრადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
დღეს უკვე ნათელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე ვეღარ აუდის ხარჯებს. შევხედოთ თუნდაც ოფიციალურ სტატიტიკას, 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკვე სოლიდური გადახარჯვაა პროგრამაში. 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებიT უკვე სოლიდური გდახარჯვაა ჯანდაცვის ბიუჯეტის ჯანდაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი თანხა ზუსტად ამ პროგრამაზე იხარჯება. აღნიშნულ პროგრამაზე 6 თვის გეგმა იყო 237 მლნ ლარი. მაისის ბოლოს გაიხარჯა 93% ზე მეტი (220 მლნ ლარი). დარჩენილ 1 თვეში სამინისტრომ ბიუჯეტში რომ ჩაჯდეს უნდა დახარჯოს არაუმეტეს 17 მილიონისა. ეს მაშინ, როცა საშუალო თვიური ხარჯი არის 40 მილიონზე მეტი.
ამას კიდევ ემატება სამინისტროს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები და დავალიანებების გასტუმრება სხვადასხვა კლინიკების, მათ შორის სახელფასო დავალინებების, მიმართ. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 6 თვის რესურსი სრულიად ამოიწურა 5 თვეში.
- სახელმწიფომ გამოისყიდა 19 კლინიკა, ესეც ხომ სახელმწიფოს დააწვება ფინანსურ ხარჯად?
- ახლა მინდოდა ზუსტად მეხსენებინა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ეს 19 კლინიკა დამატებით ფინანსურ ხარჯად და ვალდებულებად დააწვება ბიუჯეტს. ამ ფონზე, როდესაც ბიუჯეტი ამ 5 თვის მონაცემით უკვე ფაქტიურად გარღვეულია, პლუს ის გარემოებები, რაც ზემოთ აღვნიშნე. ამას ემატება კიდევ სახელმწიფოს მიერ მართული დამატებით 19 კლინიკა რეგიონებში. ზოგადად, რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვაში მყოფი კლინიკები ეს კარგად გვახსოვს 80-იანი წლებიდან და რაც ხდებოდა 90 იანების დასაწყისში ჯანდაცვაში რაც ხდებოდა ჯანდაცვაში. ამას, თავი დავანებოთ, ამ კლინიკების შენახვის ხარჯები სახელმწიფოს დააწვება დამატებით და ძალიან მძიმე ტვირთად. შეგახსენებთ, რომ ამ კლინიკების შენახვა-მართვის ხარჯები არც მოიაზრებოდა ბიუჯეტში, როცა 2015 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი დგებოდა.
- თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო ასეთ ვითარებაში?
- მთავრობას რჩება რამდენიმე გამოსავალი. ყველაზე ოპტიმალური და ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნებოდა ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვის შეცვლა, ნაკლოვანებების აღიარება და სხვა მოდელზე გადასვლის დაწყება. თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რომ მთავრობამ გააკეთოს. უმთავრესი მიზეზი არის პოლიტიკური, ეს არის პროგრამა და თანაც ერთადერთი პროგრამა, რომლითაც ქართული ოცნება ამაყობს და მიაჩნია წარმატებულ რეფორმად, შესაბამისად იმის აღიარება, რომ ეს რეფორმა ჩავარდა პოლიტიკურად მათთვის კრახის ტოლფასია. გარდა ამისა, ახალ მოდელზე გადასვლას სჭირდება სათანადო დაგეგმარება და პროცესის მართვა, რისი თუნდაც ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი დღეს სამინისტროს არ გააჩნია. ამის დასტურია, თუნდაც ის, რომ გაურკვეველი რეპუტაციის და აბსოლუტურად არარელევანტური გამოცდილების მქონე ადამიანებს და გუშინ დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს ქირაობს სამინისტრო რეფორმის განსახორციელებლად.
ამიტომ, ჩემი აზრით, სამინისტრო სხვა გზით შეეცდება ხარჯების შეკვეცას. ეს მოხდება ძირითად ორი მიმართულებით, ერთი მხრივ, „უფასო“ სამედიცინო მომსახურების უფრო და უფრო შეზღუდვით და ამის მაგალითები სულ უფრო და უფრო მატულობს. მატულობს უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად, აბარებენ საბუთებს და უკვე ხშირ შემთხვევაში უარს ღებულობენ, იმ მოტივით, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამ სერვისებს არ ფარავს. ფაქტია რომ ეს ე.წ. მინიმალური პაკეტების დაფინანსება სულ უფრო ჭირს. ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო მოიმატებს წლის ბოლომდე. საერთოდ, რაც მეტ ადამიანს ექნება შეხება და დაჭირდება ესა თუ ის სერვისი, მით მეტ ადამიანს დაეუფლება იმედგაცრუება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პოპულიზმის და ეიფორიის პერიოდმა ამ პროგრამასთან დაკავშირებით უკვე ჩაიარა ან მალე ჩაივლის. მოლოდინი, რომ ეს პროგრამა უფასოა ყველასთვის და უნივერსალურია არ გამართლდა და ვერც გამართლდებოდა. არ შეიძლება ლოზუნგი „ყველას ყველაფერი, ოღონდ ცოტ-ცოტა“ იყოს მომგებიანი და პრაგმატული ლოზუნგი.
მეორე მიმართულება, რომლითაც სამინისტრო შეეცდება ეკონომიას იქნება ვალდებულებების შესრულების გადავადება ან შეუსრულებლობა, ვგულისხმობ კლინიკებისათვის სათანადო ხარჯების, მათ შორის სახელფასო ხარჯების დროულად ანაზღაურებას. არის კიდევ ერთი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფო უკვე აკეთებს ეკონომიას, ეს არის მიწოდებული სერვისების ხარისხი, უფრო სწორედ დაბალი ხარისხი.
სხვა გზა სამინისტროს არ დარჩენია. კიდევ ვიმეორებ, ან უნდა აღიარონ რეფორმის არაეფექტურობა, ან ხელოვნურად შეამცირონ ხარჯები, რაც ტავის მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს და ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ჯანდაცვის სისტემაზე.
- თქვენ ახსენეთ, გუშინდელი დაფუძნებული კომპანიები, მხედველობაში გქონდათ, გლობალური ალიანსი და მისი წარმომადგენელი მალკინი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ამ კომპანიის არაკომპეტენტურობაზე ბევრი დაიწერა, და მეც ბევრჯერ გამიჟღერებია. კიდევ ვიტყვი, რომ ეს არის სახელდახელოდ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც არანაირი გამოცდილება ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში არ გააჩნია. ამ სფეროში კი არა, საერთოდ არანაირი გამოცდილება არ გააცნია.
რაც შეეხება, ბატონ მალკინს. არც მას პირადად არ გააჩნია, სახელმწიფოსათვის ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში გაწეული წარმატებული კონსულტირების გამოცდილება. სულ ახლახან შედგა მისი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან და რა შემოთავაზება ქონდა მას? რა ხედვები წარმოადგინა? ვერანაირი. რეკომენდაცია გაუწია სამუშაო ჯგუფების შექმნას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც იმუშავონ ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებებზე. ანუ რა გამოდის, რომ დავიქირავეთ სამუშაო ჯგუფების ფასილიტატორი? ამას თვითონ სამინისტრო ვერ გააკეთებდა?! აბა რისთვის გვინდა ამხელა სამინისტრო თავისი უამრავი, ათასობით თანამშრომლით და მრავალი დეპარტამენტით?!
სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თეთრად ნაკერი ხაზები უკვე რღვევას იწყებს და რაც დროზე გააცნობიერებს სამინისტრო, რომ საჭიროა ახლებური რეფორმა და სხვა მიდგომები, მით მეტი შანსი იქნება ჯანდაცვის სფეროს გადასარჩენად.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ლაშა ნოდია