რესპოდენტის შესახებ
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული, პროკურატურის რეფორმირების მოდელი, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს და დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ მთავარ პროკურორად არჩევა აკრძალული იქნება ერთი და იგივე პირისთვის. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. საბჭოში იქნება ცხრა წევრი: იუსტიციის მინისტრი, ოთხი საპროკურორო კონფერენციის მიერ არჩეული პროკურორი, რისთვისაც შესაბამისად შეიქმნება საპროკურორო კონფერენცია. პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას.იუსტიციის მინისტრი ამ რეფორმის შემდეგ პრემიერს კი არ შესთავაზებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას, როგორც დღეს არის, არამედ საპროკურორო საბჭოს, რომელმაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს 2/3-ის უმრავლესობით.
რამდენად მისაღებია არასამთავრობო სექტორისთვის მთავარი პროკურორის არჩევის წესი, ქმნის თუ არა საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიას წარმოდგენილი ცვლილებები და რა შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორს? _ ,,ჯი-ეიჩ-ენს” საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ესაუბრა.
_ ქალბატონო ანა, არასამთავრობო სექტორი, მათ შორის თქვენ, აქტიურად მონაწილეობდით მთავარი პროკურორის არჩევის წესის შემუშავებაში. ეთანხმებით ამ ფორმით მთავარი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელის არჩევის წესს?
_ ჩვენ შენიშვნები გვქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეფორმის პირველი პროექტი ცნობილი გახდა. მაშინ, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც მითითებული იყო თუ რას არ ვეთანხმებოდით და რატომ მიგვაჩნდა, რომ შემოთავაზებული ვერსია ვერ უზრუნველყოფდა პროკურატურის დამოუკიდებლობას, რაც რეფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს.
_ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის შენიშვნები გათვალისწინებული იქნა და ისინი მონაწილეობას მიიღებენ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში?
_ უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, დაახლოებით ორი კვირის წინ, როცა შეხვედრა გაიმართა, წარმოდგენილ ვერსიაში უკვე იყო საპროკურორო საბჭოში აკადემიური წრეებიიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ორი წარმომადგენელი, ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული შენიშვნები გვქონდა, მათ შორის, საპროკურორო საბჭოს შემადგელობასთან. ის დაკომპლექტებულია პოლიტიკური აქტორებით, სადაც შედიან თავად იუსტიციის მინისტრი, მეორე მხრივ, ორი პარლამენტის წევრი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საბჭოში ამ ადამიანების მონაწილეობა არ შექმნის მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტიას. იმისთვის, რომ რეალური ფუნქცია შეიძინოს საპროკურორო საბჭოში სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობამ, მნიშვნელოვანია დადგინეს მკაცრი მოთხოვნები, რომელი საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან უფლებამოსილი წარსდგნენ პარლამენტის წინაშე ნდობის გმოსაცხადებლად.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის შენიშვნები?
_ შემიძლია გითხრათ, რომ არასამთავრობო სექტორის შენიშვნები არ გაითვალისწინა. ჩვენი ძირითადი შენიშვნა იყო ასეთი: დღევანდელი მოდელით მთავარ პროკურორის დანიშვნა, პრემიერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ეს მოდელი არ მოგვწონდა და უნდა შეცვლილიყო. ახლა, მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, თითქოს პროცესი გართულთა და რამდენიმე აქტორი მონაწილეობს, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტიელბის მიმღები მმართველი პოლიტიკური ძალა რჩება, იქნება ეს პარლამენტში, თუ მთავრობაში.
_ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპრიოექტის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროკურორი მაინც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება?
_ ამ საკითხს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრას, მათ შორის, მთავარი პროკურორის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც გითხრით, სათანადოდ ვერ ხდება შერჩევის პროცესის დისტანცირება პოლიტიკური აქტორებისგან. Mმეორე საკითხია ის თუ, ვის წინაშე იქნება მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული და როგორ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან.
_ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული?
_ ვფიქრობ, მთავარი პროკურორო ანაგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე და არა საპროკურორო საბჭოს წინაშე. Pპარლამენტი არის ის ადგილი, სადაც წარმოდგენილი არიან ხალხის მიერ არჩეული ადამიანები და ნებისმიერი თანამდებობის, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირი, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე,Aამ კუთხით კი, ყველაზე ლეგიტიმური ორგანო პარლამენტია.
_ წარმოდგენილი ცვლილებებით, მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა და ერთ და იგივე პირს აღარ ექნება უფლება ხელმეორედ იყაროს კენჭი, მისაღებია თქვენთვის ეს საკითხი?
_ ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება დადებითად შეფასდეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც ამას ამბობს, რომ მთავარი პროკურორი ხანგრძლივი ვადით უნდა იქნეს არჩეული და სასურველია, ეს ვადა არ ემთხვეოდეს საპარლამენტო ცხოვრების ციკლს. ვფიქრობდით, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ვადა ექვს წელზე მეტი ყოფილიყო, მაგრამ დარჩა ექვსი წელი, ცუდი არაა, თუმცა, შვიდ წელზეც შეიძლებოდა გვეფიქრა. Aასევე, მთავარ პროკურორად მეორედ არჩევითობის აკრძალვა, არის მიზანშეწონილი, კარგი გარანტია, რომელიც შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დანარჩენი არ შეესაბამება.
_ თუ არსებული ფორმით მოხდება მთავარი პროკურორის არჩევა, მისი საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება?
_ პროკურატურა პოლიტიკურად უნდა იყოს სრულიად ნეიტრალური. მთავრობის პირი დააშავებს, თუ რიგითი მოქალაქე, ყველას მიმართ თანასწორი მიდგომა უნდა ჰქონდეს. შეიძლება ვიპოვოთ ასეთი ადამიანი იმ პირობებშიც კი, როცა ასეთი ხარვეზიანი მექანიზმებით იქნება არჩეული, თუ იქნება პრინციპული და იდგება სიმართლის სადარაჯოზე და არ დაემორჩილება პოლიტიკურ გავლენებს. თუმცა, საქმე იმაშია, რომ თუ, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, ის თუ როგორი მთავარი პროკურორი გვყოლება, მხოლოდ ერთი ადამიანის კეთილი ნებისა და პრინციპულობის იმედზე არ უნდა ვიყოთ. სისტემა და ინსტიტუტები უნდა იყოს გამართული და წარმოდგენილი მოდელი ინსტიტუციურ გარანტიებს ვერ ქმნის.
,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მირანდა ნაბატეველი.