დღეს,, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვდა. ცნობისათვის, ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების პირველ პირსა და სახალხო დამცველს შორის გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით შედგა.
კონსტანტინე კუბლაშვილმა სახალხო დამცველს სასამართლოში მიმდინარე სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში სასამართლოსთან მიმართებაში მოხსენიებულ პრობლემებზე.
"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ სისტემური ხასიათის საკითხებზე. მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობასთან დაკავშირებითაც. ასევე ვიმსჯელეთ სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებაზეც. ჩვენი თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისთან მომავალშიც გაგრძელდება~, _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
შეხვედრა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისი 2009 წლის მე-2 ნახევრის ანგარიშში, სასამართლო სისტემის ნაწილში, რამდენიმე თემა იყო წამოჭრილი. კერძოდ: განაჩენის დასაბუთების პრობლემები, მხარეების თანასწორობა, დაცვის უფლება და სხვა საკითხები.
სახალხო დამცველის თქმით, შეხვედრაზე მართალია ყველა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც საერთო პოზიციები გააჩნიათ.