2010 წლის 22 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ როდნი ბასმა და მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზის არსებობა მიზნად ისახავს პროკურატურის თანამშრომლებისთვის იმიტირებული სასამართლო სხდომების სახით სპეციალური მასტერ-კლასების გავლის შესაძლებლობას. პროკურორებს ამ დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებით საშუალება ექნებათ აიმაღლონ და სრულყონ საკუთარი კვალიფიკაცია და ამგვარად მომზადებულები შეხვდნენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. ახალი საპროცესო კოდექსის თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, დარბაზი შესაძლებელს გახდის პროკურატურის თანამშრომლებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში, მაქსიმალურად რეალურ გარემოში იგრძნონ თავი, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის როლში.
იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზში სპეციალურად არის გათვალისწინებული შესაბამისი ადგილი და პირობები ნაფიცი მსაჯულებისა და პროცესის მონაწილე სუბიექტებისთვის, დარბაზი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
პროკურორების გარდა იმიტირებულ სასამართლო დარბაზში პრაქტიკას გაივლიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც _ დაგეგმილია დარბაზის აქტიური გამოყენება პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის. საქართველოს პროკურატურა აქტიურად გეგმავს მსგავს პროექტებში იურიდიული პროფილის მქონე სასწავლებლების სტუდენტების ჩართვას და მათთვის სპეციალური ტრენინგების მოწყობას. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პროფესიონალების, პრაქტიკოსი პროკურორების დახმარებით, ადრეულ ასაკშივე აითვისონ და მიიღონ ის აუცილებელი თვისებები, რაც სამომავლოდ გამოადგებათ როგორც სისხლის სამართლის დარგის პროფესიონალებს.
იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი პროკურატურის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად პროექტში ჩართული არიან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.