სახალხო დამცველი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მათი კითხვების იგნორირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მოისმინეს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში.
ანგარიშის წარდგენისას გიორგი ტუღუშმა ყურადღება დევნილთა პრობლემებზეც გაამახვილა და როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კომპენსაციების გაცემის საკითხი რჩება.
ტუღუშმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა აღნიშნული საკითხების გარკვევა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვერ ხერხდება.
ლტოლვილთა მდგომარეობაზე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც და როგორც მან აღნიშნა "სამინისტროს მხრიდან წერილებზე პასუხის გაუცემოლობა მწვავე დისკუსიის საგანი უნდა გახდეს".
ამ შენიშვნის საპასუხოდ კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილმა განაცხადა, რომ შენიშვნებს წერილებზე პასუხის გაცემის დაგვიანებასთან დაკავშირებით იღებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ იზიარებს იმას, რომ თითქოს წერილებზე პასუხის გაცემა საერთოდ არ ხდება. ამასთან იგი პირობას იძლევა, რომ სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.