ახალგარდზა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველს რეკომენდაციების მკაცრად გაცემას და რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის გამკაცრებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა დღეს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევის ანგარიშის განხილვისას გააკეთა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საია დადებითად აფასებს აღნიშნულ ანგარიშს, თუმცა გიორგი ტუღუშს მოუწოდებს, რომ რეკომენდაციები უფრო მკაცრად გასცეს.
ხიდაშელის შეფასებით სახალხო დამცევლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემატური საკითხები ობიექტურად არის აღნუსხული, თუმცა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ანგარიშში დასახელებულ რამდნიმე ფაქტზე ომბუცმენს ხელსუფელბისგან რეაგირებისთვის უფრო მკაცრი რეკომენდაციები უნდა გაეცა
"ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი 90 პატიმრიდან 9 პატიმარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ანგარიშში აღარაფერია ნათქვამი აღნიშნულ ფაქტთან აუცილებელ რეაგირებაზე. ომბუცმენს ვურჩევდი, რომ აღნიშნულ ფაქტზე მკაცრი რეკომენდაციები გაეცა და მოეთხოვა აღნიშნული ფაქტების გამოძიება, რათა დამნაშავე პირები დასჯილიყვნენ. ასევე რეკომენდაციები უნდა გაეცა ციხეში არსებულ პატიმართა გადატვირთულობასთან დაკავშირებითაც" - აღნიშნა თამარ ხიდაშელმა და დასძინა, რომ საჭიროა სახალხო დამცველის მხრიდან ხელისუფლების მისამართით უფრო მეტად იქნას მკაცრი მოთხოვნები გატარებული და რაც მთავარია სახალხო დამცველმა უნდა მოითხოვოს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში, რათა სახალხო დამცველის ნაშრომს რელური შედეგი მოჰყვეს.