ვლადიმიერ პუტინის განცხადება, იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა „მეოცე საუკუნის უდიდესი გეო-პოლიტიკური ტრაგედია იყო”, დღეს უკვე ბანალური ჭეშმარიტებების კატეგორიაა. რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი სრულყოფილი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმჟამინდელი გეოპოლიტიკური პოზიციები მაშინ არსებულ თითქმის ყველა პრიორიტეტს პასუხობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, რუსეთი ცდილობს დაუბრუნდეს წარსულის იმ გეოპოლიტიკურ ჩარჩოებს, რომელიც კონტროლირებადი ტერიტორიების დაკარგვის შედეგად მოერღვა. დღევანდელი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს რფ-ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრის (მოსკოვი) უსაფრთხოებას, რომ არაფერი ვთქვათ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და გავლენის სფეროების გავრცელებაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი თავისი ტრადიციული გავლენის სფეროებში აქტიურად უწყობს ხელს კონფლიქტების გაღვივებას და არასტაბილურობის კერების შექმნას. ამ გზით ის ცდილობს მის უშუალო საზღვრებთან მოწინააღმდეგედ მიჩნეული (აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები) ქვეყნების დამკვიდრებას ხელი შეუშალოს. ასევე, ცდილობას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისე დასუსტებას, რომ გადამწყვეტ მომენტში მათი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდეს.
რუსეთის ამ მეთოდებს განსაკუთრებული შედეგები არ მოუტანია. სავარაუდოდ, ამ პოლიტიკის გადახედვის შედეგია პოსტ-საბჭოთა სივრცის ეკონომიკური ინტეგრაციის ალტერნატიული გეგმა - ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შექმნის შესახებ. ამ უკანასკნელმა ფუნქციონირება 2015 წლის 1 იანვარს უნდა დაიწყოს. რუსეთი და კავშირის დადასტურებული წევრები (ყაზახეთი/ბელარუსი/სომხეთი) თავიანთი დემოგრაფიული და ეკონომიკური აქტივებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ აშშ-ს, ჩინეთის ან, ევროკავშირის ეკონომიკას ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ. ამდენად, გასაგები ხდება რუსეთის სურვილი დროულად დააწესოს საკუთარი კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და მათ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ კაპიტალს დაეუფლოს. ეს პროცესი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო თუმცა, ამ გზაზე მას არცერთი სერიოზული წარმატება არ გაუფორმებია. უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაზე კონტროლის დაკარგვამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა. უკრაინა „კავშირისთვის“ სოლიდური და სამაგალითო „შენაძენი“ იქნებოდა. საქართველოსთან „მცირე ომის“ შედეგები კი, ამ „დიდი იდეისთვის“ შეუფერებელი შედეგებით დასრულდა.
რუსეთი ფიქრობს, რომ ამ გზაზე მათი გამოკვეთილი მეტოქე შეერთებული შტატებია. სამხედრო-პოლიტიკური ელიტა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ადგილი აქვს ანგლო-საქსურ სწრაფვას მსოფლიო ჰეგემონობისთვის. ჰეგემონობისთვის მისწრაფების ლოგიკა კი ევრაზიული ენერგორესურსებისა და მსოფლიოს თავისუფალ მარაგებზე კონტროლის დაწესებაა. მათი ღრმა რწმენით ეს პროცესი რუსეთის, როგორც ევრაზიის კონტინენტის უმსხვილესი წარმომადგენლის, დაშლაზე გადის.
ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა რუსეთისთვის ვირტუალური კატეგორიას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვმა შეძლო კონფლიქტის ლოკალიზაცია, რეგიონში, აფეთქების პოტენციალის მქონე ზონები კვლავ რჩებიან. ასეთი მოწყვლადი ზონის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია, როდესაც რეგიონებისა და ცენტრის თანამშრომლობას არანაერი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია.
ერთ-ერთი ყველაზე „მუშა“ დოქტრინა (დემოკრატია) მოწინააღმდეგის ექსკლუზივია. დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში მეტოქის იდეოლოგიის პლაგიატობა დააკნინებდა რუსეთის მმართველი ელიტის იმპერიულ იმიჯს. გარდა ამისა, დემოკრატიული ღირებულები შეზღუდავდა სახელმწიფო მანქანის მოქმედების თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნიდა მმართველობის ავტორიტარულ მოდელს. სწორედ, ამით აიხსნება ჩრდ.კავკასიიდან ადამიანის უფლებების თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა. რფ-ის სამხრეთ საზღვართან დემოკრატიული ღირებულებების ერთგული, სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო - საქართველო, ასეთი მოწყვლადი რეგიონის შენარჩუნებას კიდევ უფრო ართულებს.
უფრო მეტიც, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს არსებობა რუსეთის გავლენის სფეროდან აგდებს მთლიანად რეგიონს. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ხელს უწყობს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ასევე, უზრუნველყოფს რფ-ის კონკურენტი ძალის ცენტრების დამკვიდრებას თავის უშუალო სამეზობლოში და მათ მიერ კასპიის აუზისა და ცენტრალური აზიის მდიდარი ენერგომარაგების ათვისებას. რეგიონში უკვე მოქმედი ენერგოპროექტების შემდეგ, ტრანს-ადრიატიკის მილსადენით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე მიღებული გადაწყვეტილება (2013 წ.) მოსკოვს გულგრილს დიდხანს ვერ დატოვებს. ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის რუსეთის მონოპოლიას ევროპის ენერგობაზარზე.
ამ გზაზე, „საუკეთესო ღონისძიება“ სამხრეთ კავკასია - კასპიის აუზი - ცენტრალური აზიის კონსტრუქციიდან საქართველოს ამოგდება იქნებოდა - საქართველოზე სრული პოლიტიკური კონტროლის დაწესების გზით. ამ შემთხვევაში, ორი ქვეყნის ურთიერთობების ბოლო წლების ანალიზი ბუნერივად გვიბიძგებს, პირველ რიგში მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარი - სამხედრო აგრესია განვიხილოთ.
თვალსაწიერ მომავალში, საქართველოზე სრული კონტროლის დაწესების მიზნით, რუსეთის სამხედრო აგრესიის მაღალი ალბათობა არ იკვეთება: 1) პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი ახლა უკრაინაშია; 2) უკრაინული ავანტიურის გამო დაწესებული სანქციების მტკივნეული შედეგები უკვე სახეზეა; 3) ახალი სამხედრო ავანტიურა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს ახალი სანქციების დაწესებაში ადვილად დაარწმუნებდა; 4) ახალი სანქციები მოსკოვის უკვე შერყეულ ეკონომიკას კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის; 5) ოფიციალური თბილისის, ურთიერთობების რეგულირების პოლიტიკა, მოსკოვს ხელიდან აცლის საქართველოს „აგრესიული მეზობელი სახელმწიფოს“ ტრადიციულ მიზეზს;
აქვე, არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს მაცდური პოლიტიკური წინადადების ინიცირება - საქართველოსთვის ფედერაციული (ან, კონფედერაციული) მოწყობის შესახებ. რუსეთში შეიძლება მიიჩნიონ, რომ ეს ადექვატური პასუხი იქნება თბილისის კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. იდეა გათვლილი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომხიბვლელობაზე. მსგავსი წინადადების რეალიზაციის შემთხვევაში კი რუსეთი „გარიგების“ ერთადერთი გარანტის როლს არავის დაუთმობს. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე ეს გარანტიები რუსეთის სამხედრო ძალაზე გაივლის. პერსპექტივაში კი რუსეთს საშუალება მიეცემა ოფიციალურ თბილისზე კონფედერაციული მოწყობის ყველა ნეგატიური ეფექტები გაავრცელოს. რუსეთი ეცდება მაქსიმალურად მჭიდროდ მიაბას საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარს და კონტროლირებადი ბიზნეს-ელიტა შექმნას. რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული ადამიანების ეს ჯფუგი და ხელისუფლების მუდმივი შანტაჟი, ტერიტორიული მთლიანობის დაშლის მუქარით, ფაქტობრივად, საშუალებას მისცემს კრემლს, თბილისს პოლიტიკური დღის წესრიგი უკარნახოს. საბოლოო ჯამში, ოფიციალურ თბილისს ამ გარიგებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით მონაწილეობა, შესაძლებელია სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
დასკვნის სახით,
რფ-ის სტრატეგიულ მიზანს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენა წარმოადგენს. რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიიდან კონკურენტი ძალების განდევნას. სტრატეგიული მიზნის მისაღწევად კი საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება - ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება რუსეთს საშუალებას მისცემს სამხრეთ-კავკასიური ენერგოდერეფანი ამოკეტოს ან, მნიშვნელოვნად დააკნინოს მისი პოტენციალი. თვალსაწიერ მომავალში რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესიის ნიშნები არ იკვეთება. გაცილებით რეალისტურია რფ-ის მხრიდან საქართველოს ფედერაციული ან, კონფედერაციული მოწყობის იდეის ინიცირება.
გიორგი მოლოდინი