აზერბაიჯანში, ტოვუზის რაიონში, ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალის 420-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოავატიის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის ვინაობა ცნობილია.
აზერბაიჯანში საქართველოს კონსულის მინდია სანაძის განცხადებით, გარდაცვლილი, თბილისში მცხოვრები 56 წლის ტამინა გამბაროვაა.
მისივე განმარტებით, ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე - გურბამ, მაგომედ და ნადირ ოსმანოვებიც დაშავდნენ, რომლებიც ამ დროისთვის ტოვუზის რაიონის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
ინციდენტი ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალის 420-ე კილომეტრზე დღეს, 07:00 საათზე მოხდა. ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ 8 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. საქართველოს ერთი მოქალაქის გარდა, გარდაცვლილთაგან სამი თურქეთის და 4 აზერბაიჯანის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.