ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საგადასახადო ინსპექციის საბაჟო-გამშვები პუნქტის ~ყაზბეგის" მთავარი ინსპექტორი ვახტანგ მაჩხანელი დააკავა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იგი სამეწარმეო საქმიანობაში უაკანონო მონაწილეობის ფაქტზე იქნა დაკავებული.
აგრეთვე სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულია ამავე სამსახურის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და საბაჟო კონტროლის სამმართველოს აეროპორტის განყოფილების ინსპექტორი გიორგი ომიაძე და კორუფციულ სქემაში ჩართული, შპს ~დეკუ"-ს ექსპერტები დავით ხოხობაშვილი და დემურ დუნდუა. მათ ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღება ედებათ ბრალად.
სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ შპს „დეკუ" ვახტანგ მაჩხანელმა დაარსა. მას როგორც სახელმწიფო მოხელეს და მით უმეტეს, საბაჟო სამსახურის თანამშრომელს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებოდა. ამის მიუხედავად, იგი სისტემატურ მფარველობას უწევდა შპს „დეკუს" თანამშრომლებს ხოხობაშვილსა და დუნდუას, რომლებმაც ერთ-ერთ მოქალაქეს 435 ლარის სანაცვლოდ ექსპერტიზის ყალბი აქტები რამდენჯერმე დაუმზადეს.
შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და საბაჟო კონტროლის სამმართველოს აეროპორტის განყოფილების ინსპექტორმა გიორგი ომიაძემ კი, საბაჟოზე შემოსული ტვირთი არ დაათვალიერა, არ განსაზღვრა საქონლის საბაჟო ღირებულება და საფოსტო გზავნილი დღგ-სა და აქციზის გადასახადისაგან გაათავისუფლა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337ე, 342-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.