თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მიხეილ ჟორჟოლიანს, ირაკლი ღლონტს, დავით ბენიძესა და კონსტანტინე ჩაჩავას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მათ ბრალი სს კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილს ჯგუფის მიერ.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს პოლიციელებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის. ახალგაზრდები იქვე მდებარე ბარიდან გამოვიდნენ, რის შემდეგაც პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციელი ინციდენტის დროს თავში ბლაგვი საგნით დაიჭრა.