თბილისის ცენტრში, დღისით–მზისით, მეუღლის (და ალბათ მეზობლების) თვალწინ მოკლეს ცნობილი ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი. მას მოპედით აედევნა ვიღაც ახალგაზრდა, მოტოციკლეტისტის ქუდმა შეუსრულა ნიღბის ფუნქცია, შეჰყვა მსხვერპლს სადარბაზოში და რამდენიმე გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.
როგორც ჩანს, იყო «საკონტროლო გასროლაც», რადგან ხარძიანი არ უნდა გადარჩენილიყო: თუ გადარჩებოდა, ყველაზე უკეთ სწორედ თვითონ ეცოდინებოდა, ვინ «შეუკვეთა».
ბოლოს ამგვარი მკვლელობა თბილისში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასალიერს მოხდა, როდესაც ავიაკომპანია «აირზენას» ერთ–ერთი მფლობელი, კახი ასათიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. დანაშაული, რომელსაც ცნობილ კანონიერ ქურდ, ტარიელ ონიანს უკავშირებენ, დღემდე გაუხსნელია.
ეს პირველი მსგავსება და «საერთო მნიშვნელია», რაც ქმნის საფუძველს ვისაუბროთ «სვანურ მიკროსაზოგადოებაში» ტრადიციულად მიმდინარე პროცესებზე. ანუ, გრძელდება «გარჩევები» სიცილიური ვენდეტას კანონებით. თუმცა ის, რაც კონკრეტულად ბესიკ ხარძიანთან დაკავშირებით მოხდა, კიდევ უფრო საშიში პროცესის ნაწილია, რამაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი ქვეყანა შეიძლება ჩაითრიოს სამოქალაქო ომში!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თავდაპირველად, მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები ყოფილი ხელისუფლების მაღალი წრის წარმომადგენელს, გია უდესიანს ადებდნენ ხელს. ამ ვერსიის შესაბამისად, ხარძიანი სწორედ უდესიანთან დავობდა კუს ტბის წილებზე. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ უდესიანი უშუალო მოპასუხე არ ყოფილა. საქმეში გაჩნდა ვინემ რეზო ქურასბედიანი, რომელიც რუსულად საუბრობდა ინტერვიუში და, ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რუსეთში ცხოვრობს.
ხარძიანების ერთ–ერთმა ადვოკატმა ბოლოს დაადასტურა: გია უდესიანი უშუალოდ არ მონაწილეობდა დავაში, არამედ, მისი თქმით, «საქმის მასალებში ფიგურირებდა, როგორც გამომძალველი».
სქემა კი, რასაც გვთავაზობენ და გვაიძულებენ უსიტყვოდ დავიჯეროთ, ასე გამოიყურება: გია უდესიანი იყო ბესიკ ხარძიანის ბიზნეს–პარტნორი, მას და მის დამქაშებს სურდათ ხარძიანისთვის ქონების (კუს ტბის) წაგლეჯა, ამიტომ ვანო მერაბიშვილთან «ჩააწყვეს», პოლიციამ ხარძიანს პირში ჰეროინი ჩაუყარა, გაასამართლეს და ორი წლის შემდეგ ძლივს გამოვიდა ციხიდან მხოლოდ იმის წყალობთ, რომ «წილები» დათმო.
ამ სქემაში ყველაფერი, ერთი შეხედვით რიგზეა და სავსებით ერგება წინა ხელისუფლების წარუშლელ იმიჯს, მაგრამ ერთი უცნაურობა მაინც შეიმჩნევა: თუკი გია უდესიანი ბესიკ ხარძიანის ბიზნეს – პარტნიორი იყო, მაშინ რა ისეთი პრობლემა უნდა შექმნოდა ხარძიანს სააკაშვილის რეჟიმთან, რომ ამგვარი სახელმწიფო ყაჩაღობის განხორციელება გამხდარიყო საჭირო: პირში ჰეროინის ჩაყრა და ასე შემდეგ? აკი გვეუბნებიან, რომ უდესიანი იმ ხელისუფლების ზონდერ – ჯგუფებთა თავკაცი იყო და ალბათ მართლა იყო. და თუ ასეა, მაშ რაშია საქმე, რა უნდა მომხდარიყო?
იქნებ საქმე ისაა, რომ უდესიანი, სინამდვილეში, მხოლოდ შუამავალი იყო ხარძიანებსა და ხელისუფლებას შორის, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რათა ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული «გარეთ» გამოსულიყო?
ბუნებრივია, თუ ხარძიანი ადეიშვილის პროკურატურას ათეულობთ მილიონ დოლარს ან ათეულობით მილიონი დოლარის ქონებას შესთავაზებდა თავისუფლების სანაცვლოდ, ის ხელისუფლება უარს ნამდვილად არ იტყოდა და წყნეთში არსებულ ფარდულსაც აყიდინებდა რამდენიმე მილიონად, როგორც ხშირად აკეთებდნენ, რათა ამ ფულით რაბათი და სხვა მსგავსი პროექტები დაეფინანსებინათ.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა დავიჯეროთ პირდაპირი «ბმა» ამ ორ მოვლენას შორის: ჰეროინის მოხმარებისთვის ბიზნესმენის დაკავება და წილების დათმობა საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, რაც ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა უწინდელი ხელისუფლების დროს. ოღონდ, უმრავლეს შემთხვევაში, ბიუჯეტის და არა რომელიმე სხვა ბიზნეს–ჯგუფის სასარგებლოდ!
ანუ, გარდა სააკაშვილ–ადეიშვილ–მერაბიშვილის «მონსტრუალური იმიჯისა», ჯერ–ჯერობთ არსად და არაფრით ჩანს, რომ ეს ორი მოვლენა ერთი სქემის ორი სხვადასხვა ნაწილია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ მხრივ, ტრაგედია, რომელიც თბილისში მოხდა, შინაარსობრივად, ანუ მოტივაციურ ნაწილში ძალიან ჰგავს დავით კოდუას ცემის ფაქტს. შეგახსენებთ: დავით კოდუა სცემეს მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს და ციხიდან გამოსასვლელად გვარიანი თანხა გადაახდევინეს, ხარძიანისგან განსხვავებით (!), ვერაფრით მოახერხა ამ ქონების ლეგალურად, ესე იგი სასამართლოს მეშვეობით დაბრუნება.
სწორედ აქ არის სხვაობა: ხარძიანები საკმარისად გავლენიანნი აღმოჩნდნენ საიმისოდ, რათა მოსამართლეს «სწორი» გადაწყვეტილება მიეღო. მით უმეტეს, რომ ქალბატონ მოსამართლეს მაგიდაზე ედებოდა 2012 წლის ამნისტიის აქტი. იმ აქტის ფილოსოფია კი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ წინა ხელისუფლების დროს გავრცელებული საპროცესო გარიგებები, სინამდვილეში, სხვა ბიზნეს–ჯგუფთა მხრიდან, ხელისუფლებასთან გარიგებით განხორციელებული «გამოძალვის აქტი» იყო, ანუ კატეგორიულად გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ პოლიციამ უბრალოდ დააკავა ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო შემდეგ, პროკურატურამ, კანონის თანახმად, ბიუჯეტის სასარგებლო საპროცესო გარიგება გააფორმა მასთან.
სამწუხაროდ, მთელი ამ დღეების განმავლობაში, ტელე–ჟურნალისტებს არ ეყოთ პროფესიონალიზმი დაღუპულის ოჯახის წევრებისა თუ მისი ადვოკატებისთვის დაესვათ საკვანძო კითხვა, რომელზე პასუხიც ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს: კონკრეტულად რას გულისხმობდა საპროცესო შეთანხმება? იგულისხმებოდა თვით ქონების დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ – მისი შემდგომი რეალიზაციისთვის თუ ხარძიანი იძულებული გახდა ეს ქონება გაეყიდა (იმავე უდესიანის შუამავლობით) – სხვა გავლენიან სვანურ ჯგუფზე, რათა საჭირო თანხა მოეგროვებინა?
ორივე შემთხვევაში (მაგრამ პირველ შემთხვევაში უფრო, ვიდრე მეორეში) აშაკრაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააცოფებდა იმ ქონების ახალ მფლობელებს, რადგან თუ მათ კუს ტბა სახელმწიფოსგან შეიძინეს და ბიუჯეტში ფული გადაიხადეს, იმ ფულს დღეს ვინღა დაუბრუნებს? არავინ!
თუმცა «სვანური ვენდეტის» კვალი იმდენად აშკარაა, რომ მაინც უფრო მეორე ვარიანტს ჰგავს, ოღონდ ამით წყენის და «გაცოფების» ხარისხი არ დაიკლებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხარძიანის მკვლელობის გახსნა, ყოველ შემთხვევაში ნამდვილი შემკვეთების მიგნება, იოლი არ იქნება: საპროცესო გარიგებისთვის საჭირო ფულის შეგროვების პროცესში იმდენი და ისეთი ხალხი იყო გარეული (იმავე «სვანური წრიდან»), რომ მათი გზა–კვალის ძებნა გამოძიებას მოსკოვიდან – ბარსელონამდე მოუწევს.
ოღონდ მთავარი სხვაა: წინა ხელისუფლების უგუნურმა ინიციატივამ ე.წ. «საპროცესი შეთანხმების» ინსტიტუტის დაკანონების შესახებ და ამჟამინდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, ერთხელ უკვე გადანაწილებული ქონების კვლავ უკან «გადმონაწილების» შესახებ, ქვეყანა, როგორც ვხედავთ, კლანურ ომთა ჭაობში ჩაფლა! არადა, როდესაც «სამართლიანობის აღდგენის სახელმწიფო კომისია» მართლა ამუშავდება და ეს პროცესი მასობრივ ხასიათს შეიძენს – ნამდვილი სამოქალაქო ომის წინათგრძნობა გადაჭარბებად სულაც არ მოგვეჩვენება!!!
მიშასა და მის «თვალებანთებულ რეგვენ ბიჭუნებს» ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ საპროცესო გარიგების ამერიკული ინტიტუტის ასე ბრიყვულად კალკირება და გადმოტანა სულ სხვა მენტალობის საზოგადოებაში, სადაც სულ სხვაგვარი ადამიანური და სოციალური მიმართებები არსებობს – აუცილებლად გამოიღებდა უმძიმეს შედეგს, თორემ იმ პროკურორს რას ვერჩით, რომელსაც ამოცანად ჰქონდა დასახული, რაც შეძლება მეტი თანხა მოეზიდა ბიუჯეტში – ბათუმის ბულვარის დასაგრძელებლად?! ბუნებრივია, მას ძალიან გაუხარდებოდა, როდესაც პოლიციიდან შეატყობინებდნენ, რომ მდიდარი ბიზნესმენი დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვა–მოხმარებისთვის დააკავეს.
მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რას ფიქრობს, როდესაც ერთხელ უკვე გადანაწილებული ქონების ხელახალი «გადმონაწილების» პროცესს იწყებს? ნეტავ თუ აცნობიერებენ, რომ ამას შესაძლოა კიდევ უფრო კატასტროფული შედეგი მოჰყვეს, ანუ, როგორც მინიმუ, კლანური ომები ძველ–ახალ მფლობელებს შორის და ხოცვა–ჟლეტა თბილისის ქუჩებში, ხოლო როგორც მაქსიმუმ – «მარადი სამოქალაქო ომის» სოციალურ ბაზისთა გაძლიერება ამ ქვეყანაში!
მაშინ კეთილი ენებათ და საკუთარი ფულით დაეკმაყოფილებინათ ქონების ახალი მფლობელები, რომლებიც თავს «კეთილსინდისიერ შემძენებად» მიჩნევენ!
თუ უნდათ სამოქალაქო ომი, მიიღებენ!
და ისიც გავითვალისწინოთ, რომ წინა ხელისუფლების სიბრიყვე ნამდვილად არ ამართლებს და ვერც გაამართლებს ამჟამინდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობას.
გელა კალანდაძე, „ჯი-ეიჩ-ენი“